ჭიდაობა

16:32 | 24.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

სკანდალი ბერძნულ-რომაულად – ზურაბ დათუნაშვილი ნაკრებთან ერთად აღარ ვარჯიშობს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანი ზურაბ დათუნაშვილი ერთობლივ საწვრთნელ პროცესს ჩამოშორდა. ევროპის 2-გზის ჩემპიონმა ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, ბაკურიანში მიმდინარე სანაკრებო შეკრება პროტესტის ნიშნად დატოვა და დღემდე ინდივიდუალურად აგრძელებს ვარჯიშს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, დათუნაშვილის განაწყენება სამწვრთნელო შტაბთან დაპირისპირებას მოჰყვა. ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია კი მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური პოზიციის დაფიქსირებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

საქართველოს ნაკრებმა ივლის-აგვისტოში ორ საერთაშორისო ტურნირზე მიიღო მონაწილეობა. ივლისის ბოლოს თურქეთში, იაშარ დოგუს მემორიალიზე და 18-19 აგვისტოს - გერმანიის გრან პრიზე. დათუნაშვილი არც ერთი შეჯიბრების განაცხადში არ ყოფილა.

მსოფლიოს ჩემპიონატამდე ორი თვეა და იქამდე ბერძენ-რომაელებს კიდევ რამდენიმე საერთაშორისო ტურნირი რჩებათ, რომელთა შედეგებითაც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა როყვამ მსოფლიოს პირველობაზე დასაყენებელი შემადგენლობა უნდა დაასახელოს.

ამ დროისთვის უცნობია, იჭიდავებს თუ არა დათუნაშვილი მომავალ შეჯიბრებებზე. ნაკრების კაპიტანი ფედერაციის ხელმძღვანელობის რეაგირებას ელის და პროტესტის მიზეზზე საუბრისგან თავს იკავებს.

0.114497