ფეხბურთი

22:30 | 23.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

კახა ჩხეტიანი: “მჯერა, რომ დასრულებული არაფერია”

ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა “ლუდოგორეცთან” (0:1) ნამატჩევს პრესკონფერენცია გამართა. ქართველმა სპეციალისტმა ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა გარჯისთვის და ბოლომდე ბრძოლა მოუწონა.

ჩხეტიანის თქმით, მიუხედავად მარცხისა, ჯერ დასრულებული არაფერია და ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში გაირკვევა.

“თამაში ჩვენი უპირატესობით დაიწყო და შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო. ბიჭებს მადლობას ვუხდი, რომ ბოლომდე იბრძოლეს და ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ შედეგი ვერ მივიღეთ. თუმცა, ჯერ არაფერი დამთავრებულა. ბულგარეთში გაირკვევა ყველაფერი, ეს წაგება არ ნიშნავს არაფერს. პირიქით, ფსიქოლოგიური კუთხით ჩვენთვის უკეთესი იქნება, რადგან გოლი გვაქვს გასატანი.

ხშირად მესმის, რომ “ლუდოგორეცი” არაა კარგი გუნდი, მაგრამ მე ვფიქრობ ასე არაა. მათი თამაში იმიტომ არ გამოჩნდა, რომ ჩვენმა გუნდმა არ მისცა ამის შესაძლებლობა. ფიზიკურად ცოტა გაგვიჭირდა, რადგან ფორმაში შესვლა ფაქტობრივად თამაშებში მოგვიწია, რადგან ახალი შეკრებილი გუნდია.

გასვლით თამაშში გოლი აუცილებლად გვჭირდება და ყველაფერს გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ ჩემს ბიჭებში და მაქსიმუმს გაიღებენ. მჯერა, რომ აქ არ დასრულებულა ყველაფერი. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო ქუთაისიდან ჩამოსულ გულშემატკივრებს და იმ ხალხს, რომლებიც თბილისში იყვნენ და სტადიონზე მოვიდნენ.

ქიმაძის ცვლილება დაღლილობით იყო განპირობებული. სიმართლე გითხრათ, ბოლოსკენ ორი ცვლილება რომ გვქონოდა, ამავე მიზეზით შევცვლიდი. რას ვიზამთ, სამწუხაროდ ასეა.

ფლანგიდან უპირატესობა გვქონდა, ორივე ფლანგი აქტიური იყო. უნდა მომხდარიყო დრიბლინგით შერბენები, რაც ხშირად გამოგვდიოდა, მაგრამ დღეს ასე არ მოხდა. მთლიანობაში ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ერთადერთი ის არის, რომ შედეგით უკმაყოფილო ვარ”, - განაცხადა ჩხეტიანმა.

“ტორპედოსა” და “ლუდოგორეცის” საპასუხო შეხვედრა 30 აგვისტოს, ბულგარეთში გაიმართება.

0.132705