ფეხბურთი

16:55 | 22.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია უეფას Equal Game-ს პირველი ჯილდოს გამარჯვებულია

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტან გურამ კაშიას უეფა დააჯილდოვებს. როგორც უეფას ვებგვერდი იტყობინება, Equal Game-ის პირველი ჯილდოს მფლობელი ქართველი ფეხბურთელი გახდა! კაშიას პრიზი ფეხბურთში სამაგალითო საქციელისთვის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციის კუთხით გადაეცემა.

გასულ სეზონში „ვიტესის“ ფეხბურთელმა სხვა ჰოლანდიური კლუბების კაპიტნებთან ერთად, ცისარტყელის ფერებში შემოსილი სამკლავური გაიკეთა, რაც ლგბტ ადამიანების მხარდაჭერას გულისხმობს. აღნიშნულ ქმედებას ძალზე უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ქართული საზოგადოების მხრიდან და ბევრი მისი ნაკრებიდან გარიცხვასაც ითხოვდა.

„მადლობა უეფასა და ალექსანდრ ჩეფერინს Equal Game-ს ჯილდოსთვის. მე მჯერა თანასწორობისა და თანაბარი უფლებების და ყოველთვის დაცივავ ამ საკითხებს“, - აღნიშნა კაშიამ, რომელიც ამჟამად ამერიკული „სან ხოსეს“ წევრია.

„Equal Game-ს ჯილდოს დანერგვა მიზნად ისახავს იმ მოთამაშეების აღიარებას და გამორჩევას, რომლებიც ხელს უწყობენ მრავალფეროვნებას, ჩართულობასა და ხელმისაწვდომობას. ფეხბურთი განაპირობებს საზოგადოებაში ცვლილებებს და ადამიანები, რომლებიც დადებით მაგალითს ჰქმნიან, იმსახურებენ აღიარებასა და დაჯილდოვებას“, - განაცხადა უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა.

აქვე გეტყვით, რომ გურამ კაშიას უეფა 30 აგვისტოს მონაკოში დააჯილდოვებს.

0.127472