მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ გერმანიიდან აბარგება გადაიფიქრა. პოლონელი ფორვარდის თქმით, ერთი ხანობა „რეკორდმაისტერში“ თავი ზედმეტად იგრძნო, თუმცა ამჟამად მდგომარეობა შეიცვალა.
„აპრილსა და მაისში ყველა თავს დამესხა, მაგრამ „ბაიერნისგან“ მხარდაჭერა ვერ ვიგრძენი. ორ-სამ თამაშში გოლი ვერ გავიტანე და მაკრიტიკებდნენ, „ბაიერნი“ გვერდში არ დამიდგა და ამ დროს თავი არასასურველად ვიგრძენი. მაგრამ, ახლა სიტუაცია შეიცვალა, წასვლაზე არ ვფიქრობ და სხვა ქვეყნები არ მაინტერესებს“, - ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს Bild-ი.
შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკი ზაფხულის განმავლობაში კლუბის დატოვებას ლამობდა, თუმცა ასე არ მოხდა. ბუნდესლიგა ჯერჯერობით არ დაწყებულა, ხოლო გერმანიის სუპერთასზე პოლონელმა ფორვარდმა „აინტრახტს“ სამი გოლი გაუტანა.