საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ქუთაისის "ტორპედოსა" და ბულგარული "ლუდოგორეცის" შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც წერილშია ნათქვამი, "ტორპედოს" ხელმძღვანელობასთან შეთანხმება ამ დროისთვის მიღწეული არაა.
გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
"როგორც მოგეხსენებათ, მორიგი წარმატების შედეგად ქუთაისის „ტორპედო“ უეფა-ს ევროპის ლიგის პლეი ოფში გადავიდა და მისი მეტოქე ბულგარეთის საფეხბურთო კლუბი „ლუდოგორეცი“ იქნება. სამწუხაროდ, მოვლენები ისე ვითარდება, რომ ამჟამადაც შესაძლოა, ისეთივე გაუგებრობის წინაშე აღმოვჩნდეთ, როგორც ალბანურ კლუბ „კუკეშთან“ მატჩის დროს, როდესაც ვერ მოხერხდა ალბანეთიდან მატჩის ტრანსლირება. ამის გამო, გულშემატკივართა ერთი ნაწილი, რომელიც არ იცნობდა საქმის ვითარებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ გამოთქვამდა უკმაყოფილებას.
რეალურად კი საქმე ის გახლავთ, რომ საქართველოდან საკუთარი მატჩების ტრანსლირების უფლებას ფლობს ქუთაისის „ტორპედო“, რომელმაც „კუკეშთან“ მატჩის საზღვარგარეთ ჩვენების უფლება მიყიდა უცხოურ საშუამავლო კომპანიას, რის გამოც საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერ შეძლო ალბანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან მატჩების ტრანსლირების გაცვლა. ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ახლაც მზად არის, სრულიად უსასყიდლოდ გადაიღოს და გადასცეს „ტორპედოს“ საშინაო მატჩი, ასევე გაუცვალოს სიგნალი ბულგარეთის მხარეს, თუმცა ამისთვის საჭიროა ქუთაისის „ტორპედოს“ ხელმძღვანელობის თანხმობა.
ამ მიზნით, 17 აგვისტოდან დღემდე ჩვენ არაერთგზის დავუკავშირდით ქუთაისის „ტორპედოს“ მენეჯმენტს და ვთხოვდით, ეცნობებინათ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, თუმცა, ამ დრომდე კლუბი განიხილავს სხვადასხვა წინადადებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის საკუთარ მოვალეობად მიიჩნევდა მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების ტრანსლირებას და მომავალშიც ასე მოხდება, მაგრამ თუ რომელიმე სუბიექტი გადაწყვეტს ტრანსლირების უფლებების კომერციული მიზნით გამოყენებას და ამ უფლებების მიყიდვას შუამავალი ფირმებისთვის, ჩვენი თხოვნაა, ამის შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას.
დაბოლოს, რეპორტაჟების გაცვლის წინადადებით ჩვენ ასევე მივმართეთ ბულგარეთის მხარეს და მივიღეთ თანხმობა მატჩების ტრანსლაციის გაცვლის შესახებ, თუმცა ქართული კლუბის თანხმობის გარეშე მოლაპარაკება შეუძლებელია. პირველი არხი მზად იყო და არის თანამშრომლობისთვის მხოლოდ ლიცენზიის მფლობელ ორგანიზაციასთან და არა მესამე (გადამყიდველ) კომპანიასთან. პირველი არხი ასევე მზად არის, ყოველთვის უსასყიდლოდ მოემსახუროს საქართველოს გუნდებს და მათი მონაწილეობით ღონისძიებები უჩვენოს გულშემატკივარს.
ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს არც მატჩის კომერციალიზაცია და არც სხვა ფინანსური მოლაპარაკებები, რომელსაც დამოუკიდებლად აწარმოებს კლუბი. გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად და გულშემატკივრის ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ ოპერატიულად მოგაწვდით ინფორმაციას ნებისმიერი მოლაპარაკებების შესახებ და ვიმედოვნებთ, რომ გულშემატკივარი ორივე თამაშს იხილავს საზოგადოებრივი მაუწყებლის ან სხვა ქართული მედიაარხის საშუალებით (იმ შემთხვევაში, თუ „ტორპედო“ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს). ამჟამად კი, როცა მატჩამდე ორი დღეც კი არ რჩება, ტრანსლაციის უფლების გადმოცემაზე ჩვენ ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, "ტორპედოსა" და "ლუდოგორეცის" შეხვედრა 23 აგვისტოს, თბილისში, "მიხეილ მესხზე" 20:00 საათზე გაიმართება.