ფრანგულმა “პარი სენ ჟერმენმა” საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში “გენგამი” 3:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა. ჯანლუიჯი ბუფონმა მარკუს ტურამის წინააღმდეგ ითამაშა.
ეს იმ მხრივაა გამორჩეული, რომ მარკუსი ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელის, ლილიან ტურამის ვაჟია. ჯიჯი და ლილიანი კი წლების განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ. ჯერ “პარმაში”, შემდეგ “იუვენტუსში”. საინტერესოა, რომ მარკუს ტურამი 1997 წელს სწორედ პარმაში დაიბადა და იმხანად მამამისის თანაგუნდელი ბუფონი გახლდათ. ნამატჩევს ვეტერანმა კიპერმა მეგობრის შვილთან მაისურებიც გაცვალა.
სხვათა შორის, მსგავსი ფაქტი ბუფონის კარიერაში პირველად არ მომხდარა. 2017 წელს მის კარში გოლი ფედერიკო კიეზამ გაიტანა, რომლის მამასთან, ენრიკოსთან ერთად “პარმაში” და იტალიის ნაკრებში გამოდიოდა, ხოლო ჟორჟე ვეას წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშია და ახლა მისი შვილი ტიმოთი პსჟ-ში იტალიელი თანაგუნდელია.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალიც: 1997 წელს ბუფონმა ლილიან ტურამთან ერთად ითამაშა ჟორჟე ვეას წინააღმდეგ, ხოლო 2018 წელს ბუფონმა ვეას შვილთან ერთად ითამაშა ტურამის შვილის წინააღმდეგ...