ფეხბურთი

1:36 | 19.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

სერია A - კრიშტიანუს უგოლო დებიუტი და ანჩელოტის წარმატებული დაბრუნება (+VIDEO)

იტალიის სერია A დაიწყო. დაიწყო ძალიან საინტერესოდ და მაგრად. შედგა კრიშტიანუ რონალდუს დებიუტი. რონალდუ პირველი მატჩის კვალობაზე ნამდვილად კარგი იყო, თუმცა გოლი ვერ გაიტანა. “იუვენტუსს” კი ძალიან გაუჭირდა “კიევოს” ძლევა. დღის მეორე შეხვედრაში კი, კარლო ანჩელოტის წარმატებული დებიუტი ვიხილეთ “ნაპოლის” თავკაცის რანგში...

“იუვენტუსი” ვერონაში ჩავიდა. “იუვენტუსში” დებიუტი კრიშტიანუ რონალდუს ჰქონდა და ბუნებრივია, ეს შეხვედრა მსოფლიო ყურადღების ქვეშ მოექცა. “იუვემ” კი თამაში რიხით დაიწყო და უკვე მესამე წუთზე იგებდა. მოედანზე იყო რონალდუ, იყო დიბალა, იყო დუგლას კოშტა, იყო კუადრადო, მაგრამ გოლი სამი ხედირამ შეაგდო. გერმანელმა იტალიაში გატარებული 4 წლის სადებიუტო მატჩებიდან სამჯერ შეძლო გატანა. მასიმილიანო ალეგრის გუნდზე სწრაფმა გოლმა ძალიან ცუდად იმოქმედა. “იუვე” გაჩერდა და მეტოქეს ელოდებოდა. მართალია, ჯერ სეზონის სტარტია და საუკეთესო ფორმაში ვერ იქნება, მაგრამ მაინც. ისიც მართალია, რომ რონალდუს და კოშტას შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, მაგრამ ტაიმის ბოლოს სტეპინსკის თავური აბსოლუტურად ლოგიკური იყო. “მფირნავმა ვირებმა” გაათანაბრეს. მეორე ნახევარის სტარტზე კი ემანუელე ჯაკერინი ჟოაუ კანსელუს გაექცა და პენალტი მოინადირა. ჯაკერინიმ თავადვე გაიტანა და აი, მერე “იუვემ” უკან მოუხედავად შეუტია.

თავის თავზე არაერთხელ აიღო თამაში რონალდუმ, მაგრამ პორტუგალიელმა ვეტერან სტეფანო სორენტინოს ვერაფრით აჯობა. “კიევოს” კარის დარაჯი შეუდარებლად ირჯებოდა და თითქოს გოლის გამშვებიც არ ჩანდა. თუმცა, 75-ე წუთზე ლეონარდო ბონუჩისთან ჭიდილში ბანიმ საკუთარ კარში ჩაჭრა და წონასწორობა აღდგა. ბოლო 15 წუთში ტურინელებმა ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს. უნდა აღინიშნოს, რომ ჩინებულად ჩაერთო თამაშში ფედერიკო ბერნარდესკი, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა. ნიჭიერმა იტალიელმა ჯერ საგოლე პასი გაახერხა, ხოლო მსაჯის კომპენსირებულ დროში ალექს სანდროს გადაცემას ერთი შეხებით გამოეხმაურა და გამარჯვების გოლის ავტორი შეიქნა. “იუვენტუსმა” მოიგო, მაგრამ მძიმედ. რონალდუმ ნორმალური სტარტი აიღო, მაგრამ უგოლო. ერთი საინტერესო ფაქტი: “იუვენტუსმა” 1998 წლის შემდეგ პირველ ტურში ერთზე მეტი გოლი პირველად გაუშვა.

ამასობაში “ნაპოლიმ” უფრო ძლიერი მეტოქე დაამარცხა. კარლო ანჩელოტის ოფიციალური დებიუტი დედაქალაქში შედგა და წარმატებულიც გამოვიდა. საერთოდ, “პაპა კარლო” სამშობლოშო 2009 წლის შემდეგ დაბრუნდა და გამარჯვება ამ მხრივაც უფრო ფასეულია. “ლაციომ” კი არაფერი დათმო, უბრალოდ საგოლე მომენტები უფრო ცუდად გამოიყენა, ვიდრე მეტოქემ.

თუმცა, პირველმა კი გაიტანა. ჩირო იმმობილე გახდა გოლის ავტორი, სხვაგვარად როგორ იქნებოდა?! თუმცა, ტაიმის ბოლოს არკადიუშ მილიკმა გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმის შუაწელს ლორენცო ინსინიე გამოდგა ის, ვინც გამარჯვების დაჰკრა. “ლაციოს” მერე ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გაეთანაბრებინა, თუმცა არ გამოუვიდა. ყველაზე ახლოს მიზანთან ფრანჩესკო აჩერბი იყო, თუმცა ძელმა შეუშალა ხელი. “ნაპოლიმ” მოიგო, ანჩელოტიმ სამი ქულით დაიწყო.

სერია A-ც დიდებულად დაიწყო...

“კიევო” – “იუვენტუსი” 2:3 (1:1) VIDEO

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 30 000

“კიევო” (4-3-3): სორენტინო (სეკულინი 90); ტომოვიჩი, როსეტინი, ბანი, კაჩატორე; რიგონი, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი (ობი 78); დეპაოლი, სტეპინსკი (ჯორჯევიჩი 66), ჯაკერინი

მწვრთნელი: ლორენცო დ’ანა

“იუვენტუსი” (4-2-3-1): შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა (მერე ჯანი 84), პიანიჩი; კუადრადო (ბერნარდესკი 56), დიბალა, დუგლას კოშტა (მანჯუკიჩი 56); რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 ხედირა (3), 1:1 სტეპინსკი (38), 2:1 ჯაკერინი (56, პენ), 2:2 ბანი (75, ა.გ), 2:3 ბერნარდესკი (90)

გაფრთხილება: რადოვანოვიჩი (60), ტომოვიჩი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (2) – 22 (11) ბურთის ფლობა: 26%-74% კუთხურები: 0:8 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: ფაბრიციო პასკუა

“ლაციო” – “ნაპოლი” 1:2 (1:1) VIDEO

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

მაყურებელი: 30 000

“ლაციო” (3-5-1-1): სტრაკოშა; ლუის ფელიპე (ბასტოსი 46), აჩერბი, რადუ; მარუშიჩი, პაროლო (კატალდი 88), ბადელი (კორეა 68), მილინკოვიჩ-სავიჩი, კასერესი; ლუის ალბერტო; იმმობილე

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

“ნაპოლი” (4-3-3): კარნეზისი; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი; ალანი, ჰამშიკი (დიავარა 70), ჟიელინსკი (როგი 85); კალეხონი, მილიკი, ინსინიე (მერტენსი 76)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 1:0 იმმობილე (25), 1:1 მილიკი (45), 1:2 ინსინიე (59)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 11 (6) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 4:7 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: ლუკა ბანტი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.308834