ავტოსპორტი

16:48 | 18.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

„მაკლარენში“ ალონსოს ადგილს საინსი დაიკავებს

„მაკლარენმა“ დაადასტურა, რომ მომავალ სეზონში, ფერნანდო ალონსოს მიერ გამოთავისუფლებულ ადგილს, „რედ ბულის“ ახალგაზრდა პილოტების პროგრამის წევრი, კარლოს საინსი დაიკავებს. ეს პრაქტიკულად იმასაც ნიშნავს, რომ „რედ ბულსაც“ დანიელ რიკიარდოს შემცვლელი უკვე არჩეული ყავს.

„რედ ბულმა“ საინსი „რენოს“ 2017 წლის სეზონის ბოლოს ათხოვა და ესპანელი ფრანგულ გუნდში ამ სეზონშიც დარჩა. მოსალოდნელი იყო, რომ „რენოში“ გადაბარგებულ რიკიარდოს სწორედ საინსი შეცვლიდა, მაგრამ ასე არ მოხდა. „მაკლარენში“ საინსის გადასვლის შემდეგ, „რედ ბულში“ გადასვლის რეალური შანსი პიერ გასლის გაუჩნდა.

„რაც თავი მახსოვს, „მაკლარენის“ ფანი ვარ და ძალიან მიხარია, რომ მომავალი სეზონიდან მისი წევრი ვიქნები. ეს სპორტში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახელია, დიდებული ისტორიით და მრბოლებით, ვინც ფორმულა 1-ის ისტორია გამორჩეული წლებით გაამდიდრეს. რა თქმა უნდა, ფერნანდო ერთ-ერთი მათგანია და ჩემთვის დიდი პატივია, რომ გუნდში სწორედ მას ვცვლი“, - ამბობს საინსი, ვინც თავისი ფორმულა 1-ის კარიერა 2015 წელს დაიწყო „ტორო როსოში“. გასული სეზონი კი, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი შეიცვალა, მეცხრე ადგილზე დაასრულა.

„მაკლარენს“ მეორე პილოტის ვინაობა ჯერ არ დაუსახელებია. დიდი ალბათობით, უოკინგელები ბელგიელ ტოფელ ვანდოორნთან კონტრაქტს არ გააგრძელებენ. ის შესაძლოა ფორმულა 2-ის ჩემპიონმა და „მაკლარენის“ სარეზერვო პილოტმა, ბრიტანელმა ლანდო ნორისმა, ან „მერსედესის“ იუნიორთა პროგრამის ფრანგმა პილოტმა, ესტებან ოკონმა შეცვალოს, ვინც ამჟამად „ფორს ინდიას“ წევრია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125293