ფეხბურთი

10:36 | 18.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

მეტოქის წარდგენა: ევროპაში პატივცემული "ლუდოგორეცი"

ქუთაისის “ტორპედო” ევროტურნირებზე საქართველოს ერთადერთი სახეა. “ტორპედომ” ევროპა ლიგის პლეი-ოფს უწია და კლუბის ისტორიაში ეს საუკეთესო შედეგია ევროსარბიელზე. იმერლებს ჯგუფურ ეტაპამდე, რაც თავისთავად უდიდესი წარმატება იქნება, ერთადერთი ნაბიჯი აშორებთ. ნაბიჯი, რომელიც ძალიან რთული გადასადგმელი იქნება, მაგრამ არა შუეძლებელი.

“ტორპედოს” ბოლო დაბრკოლება ბულგარეთის ჩემპიონი “ლუდოგორეცია”. თამამად შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელ ევროსარბიელზე ქუთათურებს ამ კალიბრის მეტოქე არ ჰყოლიათ. მოკლედ, მთავარი და ურთულესი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა.

დღევანდელი წერილი კი სწორედ მეტოქეს დაეთმობა. ვეცდებით, რომ “ლუდოგორეცი” ახლოდან გაგაცნოთ და ბულგარელთა შესახებ გიამბობთ. თავიდანვე გეტყვით, რომ ბულგარული გუნდი უეფას რეიტინგში ამჟამად 25.000 ქულით 52-ე ადგილზე იმყოფება.

ისტორია

რაზგრადის “ლუდოგორეცი” ჯერ კიდევ 1945 წელს დაარსდა, მაგრამ ბულგარული ფეხბურთის ელიტაში ფეხის მოკიდებას კარგა ხანი ვერ ახერხებდა. გარდამტეხი გამოდგა 2010-2011 წლების სეზონი, როდესაც “მწვანეებმა” ბულგარეთის მეორე ლიგაში გაიმარჯვეს და ელიტაში თამაშის უფლება მოიპოვეს.

აი, ამის შემდეგ კი “ლუდოგორეცი” საშინაო ასპარეზზე შეუჩერებელია. ბულგარეთის უმაღლეს დივიზიონში პირველივე სეზონი ტრიუმფალური გამოდგა და 2011-2012 წლების სეზონში გუნდი ბულგარეთის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა. იმავე სეზონში დუბლიც შესრულდა და ბულგარეთის თასიც მოიგო. საერთოდ, “ლუდოგორეცი” ბულგარეთში ოქროს მედლებს აგერ უკვე 7 წელია მიჯრით არავის უთმობს. ამავე პერიოდში ორჯერ მოიგო ქვეყნის თასი და სამჯერ სუპერთასი.

“ლუდოგორეცს” 2012 წლამდე არანაირი ტიტული არ ჰქონდა მოპოვებული და გუნდმა საფეხბურთო სამყაროს თავი სწორედ ბოლო ათწლეულში გააცნო.

“ლუდოგორეცი” ევროპაში

“ლუდოგორეცი” ევროასპარეზზე პირველად 2012-2013 წლების სეზონში გამოჩნდა, თუმცა დებიუტი წარუმატებელი გამოვიდა. ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბულგარეთის ჩემპიონი ზაგრების “დინამოსთან” დაძაბულ ბრძოლაში 3:4 (1:1, 2:3) დამარცხდა და პირველი ევროპული ცდა წარუმატებელი გამოვიდა.

სამაგიეროდ, წარმატებას არ დაუგვიანია და 2013-2014 წლების სეზონში მოვიდა. თავდაპირველად “ლუდოგორეცი” ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა, სადაც ორი საკვალიფიკაციო ეტაპი ბრატისლავას “სლოვანისა” (4:2 ორი მატჩის ჯამში) და ბელგრადის “პარტიზანის” (3:1) ძლევის შემდეგ გადალახა. ლიგის პლეი-ოფში ბულგარელთა რიხიანი სვლა გამოცდილმა “ბაზელმა” შეაჩერა (2:6). “ლუდოგორეცისთვის” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კარი დაიხურა, მაგრამ სამაგიეროდ გაიღო ევროპა ლიგის კარი. რაზგრადელები ჯგუფში პსვ-სთან, ზაგრების “დინამოსთან” და “ჩერნომორეცთან” ერთად მოხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბულგარულ გუნდს სათვალავში ბევრი არ აგდებდა, ჯგუფიდან გასვლა მოახერხა. ჰოლანდიურ პსვ-ს ორივე თამაში მოუგო (2:0, 2:0), ისევე როგორც “დინამოს” (3:0, 2:1), ხოლო “ჩერნომორეცთან” ოდენ ორი ქულა დაკარგა (1:1, 1:0). “მწვანეები” ჯგუფიდან 16 ქულით გავიდნენ და პლეი-ოფის პირველ სტადიაზე თვით რომის “ლაციო” დაამარცხეს (3:3, 1:0). აი, მერვედფინალში კი “ვალენსიას” ბარიერი დაუძლეველი აღმოჩნდა (0:3, 0:1). “ლუდოგორეცმა” ფურორი მოახდინა და მას უკვე სათვალავში ყველა აგდებდა.

კიდევ უფრო წარმატებული გამოვიდა მომდევნო, 2014-2015 წლების სეზონი. “ლუდოგორეცი” უკვე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა! საკვალიფიკაციო ეტაპზე ბულგარელებმა “დუდელანჟი” (4:0, 1:1), “პარტიზანი” (0:0, 2:2) და “სტიაუა” (1:0, 0:1 პენალტებში: 6:5) დაამარცხეს და საუკეთესო 32 გუნდში მოხვდნენ. ბულგარეთის ჩემპიონმა 6 თამაშში 4 ქულა მოიპოვა და “ბაზელთან” ისტორიული თამაშიც მოიგო (1:0), ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველად! ამას დაემატა ფრე “ლივერპულთან” (2:2). ინგლისელებთან მეორე თამაშში დამარცხდა (1:2), ხოლო “ბაზელთან” კიდევ უფრო უშანსოდ წააგო სტუმრად (0:4). აი, “რეალთან” ქულაც ვერ მოიპოვა (1:2, 0:4).

2015-2016 წლების სეზონი უკვე წარუმატებელი იყო. ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “ლუდოგორეცი” მოულოდნელად მოლდოვურ “მილსამთან” დამარცხდა (0:1, 1:2) და ევროსარბიელი დატოვა.

სამაგიეროდ, 2016-2017 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს დაუბრუნდა. კვალიფიკაციაში “ლუდოგორეცმა” “მლადოსტი” (2:0, 3:0), “ცრვენა ზვეზდა” (2:2, 4:2 დამატებით დროში) და “პლზენი” (2:0, 2:2) დაამარცხა. ჯგუფში ბულგარეთის ჩემპიონმა პსჟ-ს ქულა წაართვა (1:3, 2:2), “არსენალთან” ვერაფერს გახდა (2:3, 0:6), ხოლო მისთვის კარგად ნაცნობ “ბაზელთან” ორი ქულა მოიპოვა (0:0, 1:1). ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც 1/16 ფინალში “კოპენჰაგენთან” ხელი მოეცარა (1:2, 0:0).

2017-2018 წლების სეზონში რაზგრადელებმა ჩემპიონთა ლიგისი ჯგუფში ვერ მოახერხეს კვალიფიცირება, მაგრამ ევროპა ლიგაზე შეძლო იგივეს გაკეთება. ლიგაზე “ლუდოგორეცმა” “ჟალგირისს” მოუგო (4:1, 1:2), “ჰაპოელთან” დამარცხდა (3:1, 0:2). ევროპა ლიგის პლეი-ოფში ლიტვური “სუდუვა” დაამარცხა (2:0, 0:0) და ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. იქ “ლუდოგორეცს” კონკურენციას “ბრაგა” (1:1, 2:0), “ჰოფენჰაიმი” (2:1, 1:1) და “ბაშაკშეჰირი” (1:2, 0:0) უწევდნენ. 9 ქულით ბულგარელებმა პლეი-ოფში გასვლა მოახერხეს, მაგრამ პიველივე სტადიაზე “მილანთან” დამარცხდნენ (0:3, 0:1).

მიმდინარე სეზონი “ლუდოგორეცმა” ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, სადაც “კრუსაიდერსი” ძალიან მარტივად დაამარცხა (7:0, 2:0), თუმცა მომდევნო ეტაპზე უნგრულ “ვიდეოტონთან” ვერას გახდა (0:0, 0:1). შედეგად ევროპა ლიგაზე გადაერთო, სადაც ბოსნიური “ჟრინსკის” ბარიერი დაძლია (1:0, 1:1).

ასეთი ევროპული, საკმაოდ მდიდარი და თანაც უახლესი ისტორიით ხვდება “ლუდოგორეცი” “ტორპედოსთან” შეხვედრას.

კონტიგენტი

“ლუდოგორეცი” საკმაოდ კარგადაა დაბალნსებული. გუნდში არიან, როგორც ბულგარელი ფეხბურთელებით, ისე ბრაზილიელი ლეგიონერებით. ასეთი რაზგრადელთა რიგებში 9 ლეგიონერია. გუნდში ასევე არიან პოლონელი, რუმინელი, არგენტინელი, ებრაელი, მალაიზიელი, კონგოელი, ჰოლანდიელი მოთამაშეები.

უნდა გამოვყოთ რუმინელი თავდამსხმელი კლაუდიუ კეშერუ, რომელიც რუმინეთის ნაკრების წევრია და საფრანგეთის ლიგა 1-ში თამაშის გამოცდილება უმაგრებს ზურგს. გუნდის ლიდერია მარსელინიო, რომელიც ბრაზილიელია, მაგრამ ბულგარეთის ნაკრებში თამაშობს. ძირითადი კიპერი კი ხორხე ბროუნია, რომელიც არგენტინული “კოლონიდან” შარშან შეიძინეს. ასევე გამოვარჩიოთ ბრაზილიელი სისინიო, გუსტავო კამპანარო, ვანდერსონი, კოზმინ მოცი, რაფაელ ფორესტერი და პოლონეთის ნაკრების ნახევარმცველი იაცეკ გორალსკი.

სრული შემადგენლობა კი ასეთია:

მეკარეები: ხორხე ბროუნი, ვლადისლავვ სტოიანოვი, დანიელ ნაუმოვი, რენანი

მცველები: ანტონ ნედიალკოვი, სისინიო, გერგი ტერზიევი, ნათანიელი, დრაგოშ გრიგორე, ცვეტომირ პანოვი, კოზმინ მოცი, რაფაელ ფორსტერი

ნახევარმცველები: დიმო ბაკალოვი, ლუკას საშა, გუსტავო კამპანარო, დია საბა, ენისენტ აბელი, სვეტოსლავ დიაკოვი (კაპიტანი), იაცეკ გორალსკი, დომინიკ იანკოვი, მარსელინიო, ვანდერსონი, იოდი ლუკოკი, ვირჯილ მისიდიანი

თავდამსხმელები: კლაუდიუ კეშერუ, ჟოაო პაულო, იაკუბ სვიერშოკი.

მწვრთნელი

“ლუდოგორეცს” ამჟმად 61 წლის ბრაზილიელი სპეციალისტი პაულო აუტორი ავარჯიშებს. სამხრეთ ამერიკელმა ბულგარული გუნდი მიმდინარე წლის ივნისში ჩაიბარა და შესაბამისად, თავისი სიტყვის თქმას ახლა ცდილობს. აუტორიმ სამწვრთნელო საქმიანობა შორეულ 1975 წელს “პორტუგუეზაში” დაიწყო და მას შემდეგ იმდენი გუნდი გამოიცვალა, მათი ჩამოთვლისთვის მერწმუნეთ ცალკე წერილის დაწერა დაგვიჭრდება (37 გუნდი!). მათ შორის, რამდენიმე კლუბში აუტორი რამდენჯერმე დაბრუნდა. 2012-2013 წლებში ყატარის ნაკრების თავკაცი იყო, ხოლო სხვა დასხვა დროს “სან პაულუს”, “სანტოსს”, “კრუზეიროს”, “ბოტაფოგოსა” და სხვა ცნობილ ბრაზილიურ გუნდებს წვრთნიდა. ევროპაში “ლუდოგორეცამდე” ნამუშევარი მხოლოდ პორტუგალიაში – 1996-1997 წლების სეზონში ლისაბონის “ბენფიკას” მწვრთნელი გახლდათ. მანამდე კი, “მარიტიმუსა” (1991-1995) და “ვიტორია გიმარაეშის” (1986-19987, 1989-1991) მესაჭე იყო.

სტადიონი

“ლუდოგორეცი” რაზგრადში, “ლუდოგორეც არენაზე” თამაშობს, რომელიც 11 ათას მაყურებელზეა გათვლილი. სტადიონი ჯერ კდიევ 1954 წელს აშენდა და მას შემდეგ რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. ბოლოს ეს 2011 წელს მოხდა. თუმცა, ევროსარბიელზე ჯგუფური ეტაპის მატჩებს ბულგარული გუნდი დედაქალაქ სოფიაში, ცენტრალურ სტადიონზე ატარებს.

მიმდინარე სეზონი

“ლუდოგორეცის” შედეგებზე მიმდინარე სეზონში, ოღონდ ევროსარბიელზე უკვე მოგახსენეთ. ახლა, ბულგარეთის ჩემპიონატზე გეტყვით, სადაც 4 ტურის შემდეგ 7 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს. პირველ ტურში მოქმედმა ჩემპიონმა “ეტარი” ვანდერსონის კინკილა გოლით დაამარცხა, შემდეგ “ბეროეს” სტუმრად დაუზავდა (1:1, მარსელინიო), მესამე ტურში კი შინ “ლოკომოტივთან” წააგო (0:1). ბოლო ტურში “ვიტოშა” სტუმრად მისიდიანისა და კეშერუს გოლებით დაამარცხა (2:0).

როგორც ხედავთ, “ტორპედოს” ძალიან სერიოზული და გამოცდილი მეტოქე ჰყავს. ჩვენ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ უშუალოდ შეხვედრებს და ყველაფერი იქ გამოჩნდება. აქვე გეტყვით, რომ პირველი შეხვედრა 23 აგვისტოს თბილისში, ხოლო საპასუხო ერთი კვირის თავზე ბულგარეთში შედგება.

0.11332