ფეხბურთი

1:50 | 17.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ლეგიონი ევროპა ლიგაზე

ევროპა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს გუნდიც წარმოადგენს და ცალკეული ფეხბურთელებიც. “ტორპედოზე” უკვე დავწერეთ და კიდევ დავწერთ, მაგრამ ახლა ქართველი ლეგიონერების შესახებ...

ქართველ ლეგიონერს "ტორპედოს" წინააღმდეგ მოუწია თამაში. ირაკლი ძარია "კუკეშის" ძირითად შემადგენლობაში იყო 68-ე წუთზე ტრავმის გამო მოუწია მოედნის დატოვება. მისმა გუნდმა კი "ტორპედო" 2:0 კი დაამარცხა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში თვითონ დამარცხდა (4:5).

რუსული “უფა” ლუქსემბურგულ “პროგრესთან” ბოლო წამებზე გადარჩა და პლეი-ოფში გავიდა. პირველი მატჩი რუსებს შინ 2:1 ჰქონდათ მოგებული, ხოლო ლუქსემბურგში მასპინძლები ამავე ანგარიშით იგებდნენ, როდესაც დამატებულ წუთზე ივან პაურევიჩმა გაიტანა და – 2:2. “უფას” რიგებში, რომელიც პლეი-ოფში გავიდა, შეუცვლელად ითამაშა ჯემალ ტაბიძემ. მისი გუნდი კი ჯგუფური ეტაპისთვის შოტლანდიურ “რეინჯერსს” გაუწევს მეტოქეობას.

ოთარ კიტეიშვილის გრაცის “შტურმი” ლარნაკას აეკ-თან შერცხვა. კვიპროსელებმა ჯერ ავსტრიაში მოიგეს 2:0, ხოლო საკუთარ მოედანზე მეტოქე კიდევ უფრო არ დაინდეს – 5:0. კიტეიშვილს არ უთამაშია, რადგან ამ ტურნირზე წელს “დინამოს” მაისურით უკვე ჰქონდა ნათამაშები.

მინსკის “დინამომ” ერთი კვირის წინ “ზენიტი” 4:0 გააცამტვერა და ამას დიდ რეზონანსი მოჰყვა. თუმცა, თურმე ბელარუსები ნაადრევად ზეიმობდნენ. “ზენიტმა” 90 წუთში შეძლო სტატუსქვოს აღდგენა და თამაში დამატებით დროში გადავიდა. სადაც, პირველი მინსკელებმა გაიტანეს და თითქოს ყველაფერი გადაწყვიტეს. მაგრამ, 109-ე წუთიდან მასპინძლებმა 10 წუთში 4 გოლი შეაგდეს და 8:1 მოიგეს. საგულისხმოა, რომ “ზენიტმა” 4 გოლი მაშინ გაიტანა, როდესაც კაცნაკლული თამაშობდა... “დინამოს” ქართველი ლეგიონერი გიორგი ნავალოვსკი თამაშში 72-ე წუთიდან ჩაერთო.

ევროპა ლიგა დატოვა ვაკო გვილიამ და მისმა “ლუცერნმა”. შვეიცარიულმა გუნდმა ათენში “ოლიმპიაკოსთან” ერთი კვირის წინ 0:4 წააგო და ვერც სახლში გაუწია კონკურენცია – 1:3. ქართველი ნახევარმცველი 81-ე წუთამდე მოედანზე იყო, ხოლო მისი გუნდიდან ერთადერთი გოლი შკელქიმ დემასაიმ გაიტანა, რომელიც მინდორზე სწორედ გვილიას ნაცვლად გამოჩნდა.

ევროპა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს “დუდელანჟი”. ლუქსემბურგის წარმომადგენელი, რომელმაც ვარშავის “ლეგია” დაამარცხა. “დუდელანჟმა” ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ პოლონეთში მოიგო (2:1) და მოპოვებული უპირატესობა საკუთარ მოედანზე შეინარჩუნა – 2:2. ეგ კი არა, მასპინძლები მე-17 წუთისთვის უკვე 2:0 იგებდნენ. ლევან ყენია განაცხადში იყო, თუმცა არ უთამაშია. “დუდელანჟი” კი პლეი-ოფში რუმინულ “კლუჟთან” გაარკვევს ურთიერთობას.

პლეი-ოფშია ბელგიური “გენტიც”, რომელმაც “იაგელონია” სახლში 3:1 დაამარცხა (იქამდე სტუმრად 1:0 ჰქონდა მოგებული). “გენტის” რიგებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ, ხოლო გიორგი ქვილითაია ჯერაც ტრავმას მკურნალობს. ბელგიელები კი პლეი-ოფში ფრანგულ “ბორდოს” დაუპირისპირდებიან.

ლუგანსკის “ზორიაც” აგრძელებს ასპარეზობას. უკრაინული გუნდი ერთი კვირის უკან პორტუგალიურ “ბრაგას” შინ დაუზავდა (1:1), ხოლო ახლა სტუმრად (2:2) და შესაბამისად, სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით შემდეგ ეტაპზე გავიდა. “ზორიას” ქართველი მეკარე ზაურ მახარაძე მინდორზე 68-ე წუთზე გამოჩნდა და ერთი გოლის გაშვება მოასწრო. ლუგანსკელები პლეი-ოფში გერმანულ “ლაიფციგს” გაეჯიბრებიან.

0.139745