ფეხბურთი

2:16 | 16.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

სუპერ "ატლეტიკო" (+VIDEO)

მადრიდის “ატლეტიკო” ევროპის სუპერთასის მფლობელია. “როხიბლანკომ” ისტორიაში მესამედ მოიგო ეს ტურნირი და სამჯერვე ამის გაკეთება ევროპა ლიგის გამარჯვებულის რანგში მოახერხა (2010, 2012 და 2018 წლებში).

მადრიდის “რეალმა” კი ზედიზედ მესამედ ვერ მოახერხა ევროპის სუპერთასის დაუფლება და სეზონი წარუმატებლად დაიწყო. წარუმატებელი დებიუტი ჰქონდა ხულე ლოპეტეგსაც და კრიშტიანუ რონალდუს გარეშე “რეალმა” პირველივე ფინალი დათმო. თანაც, ვისთან?! ისტორიულ მეტოქესთან.

რა გასაკვირია, რომ ამ გუნდთან ფინალში 90 წუთი გამარჯვებულის გასარკვევად საკმარისი არ ყოფილა. თუმცა, დამატებით დროში ძველი სცენარი ახლით შეიცვალა და “ატლეტიკომ” მოახერხა ნავსის გატეხვა. ბევრი საინტერესო მიღწევა დაფიქსირდა, მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებდეთ, იქამდე მოედანზეც შევიხედოთ.

მოედანზე, სადაც “რეალი” დაცვის გარეშე იყო. არადა, საუკეთესო ოთხეული გაამწესა ლოპეტეგიმ სასტარტოში, მაგრამ რად გინდა, დიეგო კოშტამ ოთხივე გააქრო. ყველაფერი 51-ე წამზე დაიწყო. კოშტა გაიქცა და მახვილი კუთხიდან ძალიან მაგრად დაარტყა. შეიძლებოდა, კეილორ ნავასსაც უკეთ ემოქმედა, მაგრამ ვერ იმოქმედა და ანგარიში მალევე გაიხსნა. მერე კი, “როხიბლანკო” დადგა და შეტევაში წასვლას ალბათ არც დააპირებდა, “სამეფო კლუბს” რომ ეთამაშა შედეგიანად. ტაიმის ბოლოს კარიმ ბენზემამ შეძლო გათანაბრება, ხოლო მეორე ნახევარში სერხიო რამოსმა უზადოდ შეასრულა პენალტი. როგორც ჩანს, რონალდუს წასვლის შემდეგ მთავარი პენალტისტი კაპიტანი იქნება. ასეთი პირი უჩანს.

“რეალი” დაწინაურდა და “ატლეტიკოც” ვერ ამწვავებდა თამაშს. გარდა ამისა, იგრძნობოდა, რომ სეზონი ახლა იწყება და გუნდები იდეალური ფორმისგან ძალიან შორს არიან. “ბლანკოსს” კაზემიროც დააკლდა, რომლის მოედნიდან გასვლის შემდეგ “რეალმა” თამაში დაკარგა. შედეგად, კოშტამ კიდევ გამოჰყო ფხა და კორეას ჩინებული პასი შეიშნო – 2:2. გოლი კი, მარსელოს უცნაურ და მეტიც, გაუმართლებელ თამაშს მოჰყვა, როდესაც ბურთი მეტოქეს მეტად უწყინარ სიტუაციაში ჩააბარა და საგოლე შეტევაც ასე წარიმართა.

ყველაფერი თავიდან დაიწყო. ყველაფერი დამატებით დროს ან უკიდურეს შემთხვევაში პენალტების სერიას უნდა გადაეწყვიტა. თუმცა, ლატარიისთვის “ატლეტიკოს” არ სცხელოდა. დიეგო სიმეონეს გუნდი გაცილებით მოტივირებული იყო და შედეგსაც მიაღწია. “რეალის” მცველთა მორიგი კოშმარული თამაში საულ ნიგეზის ეფექტური დარტყმით დაგვირგვინდა. მალევე, საკონტროლო გასროლა კოკემ ჩაიწერა აქტივში და თამაშიც დამთავრდა – 2:4.

აღსანიშნავია, რომ “ატლეტიკომ” ფინალში “რეალს” 4 გოლი ისტორიაში პირველად გაუტანა. ამასთან, “სამეფო კლუბს” ზინედინ ზიდანის თავკაცობის პერიოდში, 149 თამაშში არ ჰქონდა ერთი თამაშის კვალობაზე 4 გოლი გაშვებული და ლოპეტეგიმ ეს პირველივე ცდაზე გაახერხა. დიეგო სიმეონე კი ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც “რეალს” სამი ფინალი მოუგო (ევროპის სუპერთასი, კოპა დელ რეი და ესპანეთის სუპერთასი).

მოკლედ, “როხიბლანკო” სეზონს ტიტულით და არნახულ ხასიათზე იწყებს. “რეალი” პირიქით. თუმცა, ფაქტია, როივე გუნდში დიდი პოტენციალია და ვნახოთ, დანარჩენს 2018-2019 წლების სეზონი გამოაჩენს, რომელიც დაიწყო!

“რეალი” – “ატლეტიკო” 2:4 დ.დ (1:1) VIDEO

ტალინი, “ლე კოკ არენა”

მაყურებელი: 10 000

“რეალი” (4-3-3): ნავასი; კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო; კროოსი (კარვახალი 102), კაზემირო (სებალიოსი 76), ისკო (ვასკესი 83); ბეილი, ბენზემა, ასენსიო (მოდრიჩი 57)

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ერნანდესი; ლემარი (პარტეი 90), როდრი (ვიტოლო 57), საული, კოკე; დიეგო კოშტა (ხიმენესი 109), გრიზმანი (კორეა 71)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 0:1 დიეგო კოშტა (1), 1:1 ბენზემა (27), 2:1 სერხიო რამოსი (63, პენ), 2:2 დიეგო კოშტა (79), 2:3 საული (99), 2:4 კოკე (104)

გაფრთხილება: ასენსიო (35), მარსელო (54), სებალიოსი (90), მოდრიჩი (101), რამოსი (112) – კორეა (61), დიეგო კოშტა (62), ვიტოლო (105)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 5 (5) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 12:4 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: შიმონ მარჩინაკი (პოლონეთი)

0.425363