პრემიერლიგის 2018/2019 წლების სეზონის პირველი ტურის მეორე სათამაშო დღეს ექვსი შეხვედრა გაიმართა. მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა მაურიციო სარის, რომლის გაწვრთნილმა “ჩელსიმ” სტუმრად “ჰადერსფილდს” სამი უპასუხო გოლი გაუტანა და გათამაშება შთამბეჭდავად დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ “არისტოკრატებს” პირველ ნახევარში განსაკუთრებული უპირატესობა არ ჰქონიათ, მაინც მოახერხეს და შეხვედრის ბედი ფაქტობრივად საწყის 45 წუთში გადაწყვიტეს. ანგარიში 34-ე წუთზე ნ’გოლო კანტემ გახსნა, რომელიც ვილიანის ჩამოწოდებულს გამოეხმაურა და ეფექტური დარტყმით ჰამერი უშანსოდ დატოვა. სტუმრებს ძალიან გაუმართლათ, რომ ხუთ წუთში წონასწორობა არ აღდგა: მუნიეს თავური ხარიხამ უკუაგდო. სამაგიეროდ, ლონდონელებს გაუმართლათ და ბოლო წუთზე მარკოს ალონსომ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ჟორჟინიომ აქცია გოლად. მეორე ტაიმის მიწურულს კი კიდევ ერთი ბურთი პედრომ შეაგდო და “ჩელსიმ” დიდი ანგარიშით იმარჯვა – 0:3.
სეზონი წარმატებულად დაიწყო “ტოტენჰემისთვისაც”, რომელმაც “სენტ ჯეიმს პარკზე” დაძაბულ ბრძოლაში “ნიუკასლს” აჯობა. სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა და სამივე თავური დარტყმით. მე-8 წუთზე სტუმრები იან ვერტონგენმა დააწინაურა, რასაც სამ წუთში ხოსელუს პასუხი მოჰყვა, რომელიც რიტჩის ჩაწოდებულს გამოეხმაურა, ხოლო მე-18 წუთზე ორიეს გადაცემა ალიმ აქცია გოლად.
მეორე ნახევარმა ორმხრივ იერიშებში ჩაიარა და ანგარიშის შეცვლა ორივე გუნდს შეეძლო. მასპინძელთაგან დიამეს და რონდონს, ხოლო სტუმართაგან დევისს და ალის შეეძლოთ გატანა, მაგრამ ამის გაკეთება ვეღარავინ მოახერხა და ტაბლოზე პირველი ტაიმის ანგარიში უცვლელი დარჩა – 2:2.
“ფულჰემმა”, რომელმაც სატრანსფერო ფანჯარაზე 98 მილიონი გირვანქა სტერლინგი დახარჯა, შინ “კრისტალ პალასთან” წააგო.
საკმაოდ გაძლიერებულმა “ევერტონმა” გასვლაზე “ვულვზი” ვერ დაამარცხა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფილ იაგიელკას გაძევების გამო მერსისაიდელები მე-40 წუთიდან კაცნაკლულები თამაშობდნენ. გამოსარჩევია, “კანფეტების” ახალწვეულის რიჩარლისონის დუბლი.
“ბორნმუთმა” შინ “კარდიფს” ორი უპასუხო ბურთი გაუტანა, ასეთივე ანგარიშით “უოტფორდმა” საკუთარ მოედანზე “ბრაიტონი” დაამარცხა. რობერტო პერეირამ დუბლი გაიფორმა.
ნიუკასლი – ტოტენჰემი 1:2 (1:2)
გოლები: 0:1 ვერტონგენი (8), 1:1 ხოსელუ (11), 1:2 ალი (18)
ბორნმუთი – კარდიფი 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 ფრეისერი (24), 2:0 უილსონი (91)
34-ე წუთზე უილსონმა პენალტი ვერ გაიტანა
ფულჰემი – კრისტალ პალასი 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 შლუპი (41), 0:2 ზაჰა (79)
ჰადერსფილდი – ჩელსი 0:3 (0:2)
გოლები: 0:1 კანტე (34), 0:2 ჟორჟინიო (45 პენ.), 0:3 პედრო (80)
უოტფორდი – ბრაიტონი 2:0 (1:0)
გოლები: რ.პერეირა (35; 54)
ვულვზი – ევერტონი 2:2 (1:1)
გოლები: 0:1, 1:2 რიჩარლისონი (17; 67), 1:1 ნევეში (44), 2:2 რ.ხიმენესი (80)
გაძევება: იაგიელკა (40 ე.)