ფეხბურთი

1:33 | 10.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

კახა ჩხეტიანი: "მინუსები უნდა გამოვასწოროთ"

ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა “კუკეშთან” (5:2) გამარჯვება შეაფასა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა თამაშის ბოლოს კონცენტრაცია დაკარგა, თუმცა მიუხედავად ამისა, მთლიანობაში კმაყოფილია.

“იყო შანსი, რომ გოლი არ გაგვეშვა და უფრო მეტი გაგვეტანა, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. მთავარია და სასიხარულოა, რომ დამაჯერებელი ანგარიშით მოვიგეთ. რა თქმა უნდა, “კუკეში” საკუთარ მოედანზე ბოლომდე იბრძოლებს, მაგრამ ჩვენც გვაქვს მიზნები და ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ. შემდეგ ეტაპზე გასვლაა ჩვენი მიზანი და ყველაფერს პროფესიონალურად უნდა მივუდგეთ.

ამ თამაშმა დაგვანახა, რომ მეტოქე სტანდარტული მდგომარეობების დროს ძალიან სახიფათოა. ბოლოს კი, კონცენტრაცია დავკარგეთ. სწორედ ამიტომ გავუშვით მეორე გოლი და საგოლე მომენტებიც შეგვიქმენს. საპასუხო შეხვედრაში მინუსების გამოსწორება აუცილებლად გვმართებს.

მინდა, მადლობა გადავუხადო ბიჭებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის”, - თქვა ჩხეტიანმა.

“ტორპედოსა” და “კუკეშს” შორის საპასუხო შეხვედრა ერთი კვირის თავზე, 16 აგვისტოს, ალბანეთში გაიმართება.

0.118571