ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ალბანურ “კუკეშთან” მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი მზადაა ხვალინდელი მატჩისთვის.
ჩხეტიანი მიიჩნევს, რომ “კუკეშთან” შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია და ვალდებულნი არიან, რომ წარმატებას მიაღწიონ.
“დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში ძალიან მძიმე დღეა და ქედს ვიხრით გმირების წინაშე. მათი დამსახურებაა, რომ ჩვენ დღეს აქ ვართ. რაც შეეხება გუნდს – ჩვენი გუნდი მზადაა, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია და ამიტომ, ვალდებულები ვართ, რომ წარმატებისთვის მაქსიმუმი გავიღოთ. მინდა, ყველა ქართველს ვთხოვო, რომ მოვიდნენ, გვიგულშემატკივრონ და ჩვენის მხრივ, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ისინი გავახაროთ.
მეტოქე ძალიან მებრძოლი გუნდია. თამაშობენ კონტრშეტევაზე. “ყარაბაღთან” მატჩს თუ ავიღებთ, მეტოქეს სივრცეებს არ უტოვებდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგია გვაქვს და მე ჩემი ფეხბურთელების ძალიან დიდი იმედი მაქვს. გუნდი ოპტიმალური შემადგენლობითაა, ყველა მზადყოფნაშია და ვინც 100%-ით მზად იქნება, ისინი გავლენ მოედანზე. ლევან კუტალიაც ვარჯიშობს, ახლა კარგადაა.
მატჩამდე მოლოდინი ძალიან დიდია და დარწმუნებული ვარ, ბევრი გულშემატკივარი მოვა. ქუჩაშიც კი, ყველა წარმატებებს გვისურვებს. ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთი ძალიან უყვართ და მათი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ლეგიონერია, ადგილობრივი თუ უცხო პლანეტიდან ჩამოსული, ყველა ითამაშებს თუ ის მზად იქნება. თუ ვინმე მზად არაა, რა თქმა უნდა მოედანზე ვერ გავა. რაც შეეხება ჰასელბაინკს, ის ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ვარჯიში ახალი დაწყებული აქვს და ამ კონკრეტულ თამაშში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, შესაძლოა განაცხადში ვერ მოხვდეს. თუმცა, ის ვინც 18 კაცში ვერ ხვდება, იმას არ ნიშნავს, რომ მათი იმედი არ გვაქვს. მომავალში, როდესაც მზად იქნება, აუცილებლად ითამაშებს.
რა თქმა უნდა, საკუთარ კედლებში თამაში უფრო კარგია და ვინც ახერხებს თბილისში ჩამოსვლას, ქუთაისში მოვიდოდნენ. როგორც ვიცი, მოედნის საფარის პრობლემაა. ამ დროისთვის მთლიანად გამოსაცვლელია. სხვა კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი, ეს სახელმწიფოს პრორეგატივაა. ჩვენთვის კი, რა თქმა უნდა, ცუდია, რომ ქუთაისში ვერ ვთამაშობთ. თუმცა, რაც მთავარია, საქართველოში ვთამაშობთ.
ძარია კარგი ფეხბურთელია, რომელიც პროფესიონალია და თავისი გუნდისთვის მაქსიმალურად დაიხარჯება. სხვა ვერაფერს ვიტყვი, რადგან ჩვენთვის მთავარი ჩვენი გუნდია და ნებისმიერი ფეხბურთელის წინააღმდეგ მაქსიმალურად დავიხარჯებით.
“ტორპედოსა” და “კუკეშის” შეხვედრა 9 აგვისტოს, თბილისში, “მიხეილ მესხზე” გაიმართება. აღნიშნული შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.