პორტუგალიური “ნასიონალის” ქართველი ახალწვეული გიორგი არაბიძე პორტუგალიის პრიმეირა ლიგის პოტენციურ ვარსკვლავებში მოხვდა. ინტერნეტპორტალმა Goalpoint.pt-მა 25 წლამდე 10 ფეხბურთელი ჩამოთვალა, რომელთაგანაც პორტუგალიის ჩემპიონატის დამდეგ სეზონში გაბრწყინებაა მოსალოდნელი.
მათ შორისაა გიორგი არაბიძეც, რომლის შესახებ გამოცემა წერს:
“არაბიძის სახელი მსოფლიომ ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატიდან გაიცნო გასულ წელს. სადაც, ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. მან უკვე თქვა თავისი სიტყვა ეროვნული ნაკრების რიგებში, სადაც 2 თამაშში 3 გოლი გაიტანა... ეს მხოლოდ 73 წუთში!
არაბიძეს დიდი პოტენციალი აქვს და “ნასიონალს” პაულო ფონსეკას “შახტარიდან” შეუერთდა 4 წლის ვადით. ის, როგორც წესი, შეტევის მარჯვენა ფლანგზე თამაშობს, სადაც ტექნიკის წყალობით ძალიან სახიფათოა”, - ნათქვამია წერილში.
შეგახსენებთ, გიორგი არაბიძე ერთი თვის წინ გადავიდა “ნასიონალში”, რომელთანაც 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. პორტუგალიის ჩემპიონატი 10 აგვისტოს დაიწყება, ხოლო ქართველი ფეხბურთელის გუნდი პირველ ტურში 12 აგვისტოს, სტუმრად “ბრაგას” დაუპირისპირდება.