ჭადრაკი

14:42 | 7.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმი 2018: „ნონას თასს“ იმერეთმა და რაჭამ უმასპინძლა

4, 5 და 6 აგვისტოს საჭადრაკო ოლიმპიადის ერთ-ერთი პრესტიჟული ჯილდო „ნონას თასი“ იმერეთის და რაჭის ქალაქებში გამოიფინა. 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის და რეგიონული საჭადრაკო ფედერაციების ძალისხმევით საჩხერეში, ქუთაისსა და ამბროლაურში რამდენიმე საინტერესო ღონისძიება მოეწყო.

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვიტორში 4 აგვისტოს როსტომ წერეთლის სახელობის ლექსების კონკურსი და საჭადრაკო ბლიც-ტურნირი „კონ-ტური“ ჩატარდა. ღონისძიებას სხვიტორის აკაკი წერეთლის სახელობის სახლ-მუზეუმმა უმასპინძლა.

სპეციალურმა ჟიურიმ, რომელშიც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი, არაერთი ოლიმპიადის გამარჯვებული ნანა იოსელიანი და საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილიც შედიოდნენ, საუკეთესოები გამოავლინა. გამარჯვებულები ბათუმი 2018-ის ლოგოთი დამშვენებული პრიზებით დაჯილდოვდნენ.
„კონ-ტურის“ სპორტული ნაწილი საინტერესოდ წარიმართა და გამარჯვებული მხოლოდ ბოლო ტურში გამოვლინდა. პირველი ადგილი და მთავარი პრიზი ღონისძიების ინიციატორს, ლექსების კონკურსში მეორე ადგილზე გასულ კახა სამყურაშვილს ერგო, ვიცე-ჩემპიონის ტიტული გიორგი ტყეშელიაძემ მოიპოვა, მესამე ადგილზე კი კახა ქემერტელიძე გავიდა.

„საქართველო უდიდესი კულტურის ქვეყანაა და ამის დასტურია დღევანდელი ღონისძიება, რომელიც ბრწყინვალე ქართველი პოეტის, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში მოეწყო. დიდი მადლობა ორგანიზატორებს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ეს შესანიშნავი დღე გვაჩუქა. „კონ-ტური“ უსიტყვო დასტურია იმისა, რომ საქართველოში ჭადრაკი და პოეზია უზომოდ უყვართ და რაც მთავარია, სიღრმისეულად ესმით. ვულოცავ ყველა გამარჯვებულს, ჩვენს ქვეყანას კი ოლიმპიადის წარმატებით ჩატარებას ვუსურვებ“, - განაცხადა გიორგი გიორგაძემ, რომელმაც ჩემპიონებს და პრიზიორებს ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიის მოსაწვევებიც უსახსოვრა.

5 აგვისტოს „ნონას თასს“ ქუთაისის ცენტრალურმა პარკმა უმასპინძლა, სადაც ქართული ჭადრაკის დიდების ამსახველი ფოტოგამოფენაც მოეწყო, ნანა იოსელიანმა კი ახალგაზრდა ქუთაისელ მოჭადრაკეებთან ერთდროული თამაშის სეანსი ჩაატარა. სახელოვანი ჩემპიონის მეტოქეები საქართველოს ასაკობრივი პირველობების გამარჯვებულები და პრიზიორები იყვნენ. ქუთაისში გამართულმა ღონისძიებამ უამრავი უცხოელის ინტერესი გამოიწვია, რომლებმაც „ნონას თასთან“ და ოლიმპიადის თილისმა კუ „ბათუსასთან“ სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

„მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუმრებს ამ შესანიშნავი აქტივობისთვის. ჩვენს ქალაქში ჭადრაკი ყოველთვის ძალიან პოპულარული იყო, უდიდესი ჩემპიონები გვყავდა, მხოლოდ მაია ჩიბურდანიძის დასახელებაც საკმარისი იქნება, და ვიმედოვნებ, ახლო მომავალშიც გავიხარებთ ქუთაისელი მოჭადრაკეების გამარჯვებებით. მადლობა ყველას მობრძანებისთვის, ჭადრაკის ფედერაციას კი ოლიმპიადის წარმატებით დასრულებას ვუსურვებ“, - განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა გიორგი იობაშვილმა.

ორშაბათს, 6 აგვისტოს საჭადრაკო ღონისძიება რაჭაში, ქალაქ ამბროლაურში გაიმართა, სადაც 8, 10 და 12-წლამდელთა ტურნირი „რაჭა 2018“ დასრულდა. გიორგი გიორგაძემ, ნანა იოსელიანმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა და 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებმა გამარჯვებული გოგონები და ვაჟები თასებით, მედლებითა და სამახსოვრო დიპლომებით დააჯილდოვეს, პატარა მოჭადრაკეებთან ერთდროული თამაშის სეანსი კი საერთაშორისო დიდოსტატებმა ქეთი წაწალაშვილმა და ნინო მაისურაძემ გამართეს.
„განვლილი დღეების განმავლობაში არაერთი საინტერესო ღონისძიება მოეწყო და ნანახით უზომოდ კმაყოფილი ვარ. მიხარია, რომ ჭადრაკი ძველებურად უყვართ. დარწმუნებული ვარ ამ პატარა გოგოებსა და ბიჭებს შორის დიდი ჩემპიონებიც არიან. მშვენიერი ტურნირი იყო და ვფიქრობ, უკეთესი იქნება თუ გაისად აქ საერთაშორისო შეჯიბრებაც გაიმართება“, - განაცხადა მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონმა, არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულმა ნანა იოსელიანმა.
საჩხერეში, ქუთაისსა და ამბროლაურში ღონისძიებები საჭადრაკო ვიქტორინით დასრულდა. გამარჯვებულებს, ტრადიციულად, ოლიმპიადის ლოგოთი დამშვენებული მაისურები, ბლოკნოტები და მახსოვრობის ბარათები გადაეცათ.

ბათუმი 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს. „ნონას თასის“ მფლობელი ტურნირის დასრულების შემდეგ გამოვლინდება და ის იმ ქვეყანას გადაეცემა, რომლის ქალთა და ვაჟთა გუნდები საერთო ჯამში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებენ. „ნონას თასი“ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ - FIDE - 1997 წელს დააარსა და 1998 წლის ოლიმპიადიდან თამაშდება.

ბათუმი 2018-ის დაწყებამდე „ნონას თასი“ ჩვენი ქვეყნის კიდევ არაერთ კუთხეში გამოიფინება.

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი

0.185857