იტალიურმა “მილანმა” ახალწვეული გონსალო იგუაინი წარადგინა. არგენტინელმა ფორვარდმა “როსონერის” ფეხბურთელის რანგში პირველი ოფიციალური კომენტარიც გააკეთა.
“პიპიტას” განცხადებით, ტრანსფერში დიდი როლი ბრაზილიელმა ლეონარდომ ითამაშა.
“მინდა მადლობა გადავუხადო “მილანს” იმ ძალისხმევისთვის, რომელმაც აქ მომიყვანა. პროექტმა ჩემზე დიდი მოტივაცია მოახდინა და ეს ჩემს კარიერაში შესანიშნავი გამოწვევაა. ამ გუნდს დიდი ისტორია აქვს და როდესაც მითხრეს ინტერესის შესახებ, სიამაყე დამეუფლა. იმედია, წარმატებებს მოვუტან გუნდს, რადგან იმსახურებს მაღალ დონეზე დაბრუნებას.
“იუვენტუსს” მხოლოდ მადლობა შემიძლია გადავუხადო. იქ ორი შესანიშნავი წელი გავატარე, როდესაც მოვიგე ტიტულები. დიდ სიყვარულს ვგრძნობდი ქომაგებიდან. ალეგრისთან აზრთა სხვადასხვაობა მქონდა, მაგრამ გუნდი მის გამო არ დამიტოვებია. რონალდუ? – მასთან ერთად უკვე ნათამაშები მაქვს და გული არ წყდება, რომ ეს ისევ არ მოხდება.
ლეონარდოს აქამდეც ვიცნობდი და მან დიდი როლი ითამაშა “მილანში” გადასვლაში. “ჩელსი”? – იქ ჩემი გადასვლა მხოლოდ მაურიციო სარის სურდა, “მილანში” კი ყველას და ამიტომაც, აქ ვარ”, - განაცხადა იგუაინმა.
შეგახსენებთ, რომ გონსალო იგუაინი “მილანში” 1-წლიანი იჯარით და 18 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა. “იუვენტუსში” კი მან 2016 წლიდან 55 გოლი გაიტანა, 2-ჯერ მოიგო სკუდეტო და ამდენჯერვე იტალიის თასი.