1924. დაიბადა ოთარ იოსელიანი. “ლელოს” პირველი თაობის ჟურნალისტი. იყო გაზეთ “თბილისის” მთავარი რედაქტორი. დააარსა ჟურნალისტებისგან შემდგარი საფეხბურთო გუნდი “ჟურნალისტი” და იყო ამ გუნდის უფროსი. გუნდის კაპიტანი ოთარ გაგუა იყო, მის რიგებში კი კოტე მახარაძე, გურამ ფანჯიკიძე, ზურაბ რცხილაძე, გიგლა ფირცხალავა, ვანდი ხანდამიშვილი, ზაზა გომართელი, გია და ზურაბ გაგუები, ვახტანგ კოპალეიშვილი გამოდიოდნენ. “ჟურნალისტს” დამარცხებული ჰყავს “იზვესტია”, კიევის ჟურნალისტთა გუნდი (უკრაინელთა რიგებში იოჟეფ საბო თამაშობდა), როსტოვის ჟურნალისტთა საფეხბურთო გუნდი (მის რიგებს ცნობილი ფეხბურთელი ვიკტორ პონედელნიკი იცავდა). ოთარ იოსელიანმა დააარსა პრიზი, რომელიც საკავშირო პირველობის ერთ მატჩში 5 გოლის ავტორს გადაეცემოდა. ეს ჯილდო ილია დათუნაშვილმა და გოჩა გავაშელმა მოიპოვეს.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1900. მიონხენგლადბახში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ბორუსია”. გუნდი 1975 და 1979 წლებში ფლობდა უეფას თასს, 1970, 1971, 1975, 1976,1977 წლებში გახდა გერმანიის ჩემპიონი, 1960, 1973 და 1995 წლებში დაეუფლა გერმანიის თასს.
1910. “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ნოტინგემ ფორესტისგან” ენოქ უესტი იყიდა. ეს ფორვარდი ინგლისის პირველ დივიზიონში 1905-1915 წლებში გამოდიოდა და 334 მატჩში 168 გოლი გაიტანა. 1915 წელს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ “მანჩესტერისა” “ლივერპულის” შეხვედრის შედეგი “ჩაწყობილად” მიიჩნია და რამდენიმე ფეხბურთელს, მათ შორის უესტს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა. უესტს დისკვალიფიკაცია 1945წელს მოუხსნეს, იმ დროისთვის ის 60 წელს გადაცილებული იყო.
1936. ადოლფ ჰიტლერმა ბერლინში თანამედროვეობის მეთერთმეტე ოლიმპიური თამაშები გახსნა. მასში მონაწილეობა მიიღო 49 ქვეყნის 3936 ათლეტმა. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გერმანიის ნაკრები გავიდა (33 ოქრო, 26 ვერცხლი, 30 ბრინჯაო). მეორე მაჩვენებელი ამერიკელ ათლეტებს ჰქონდათ (24, 20, 12), ხოლო მესამეზე იტალიელები აღმოჩნდნენ (8, 9, 5).
1946. გენუაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “სამპდორია”. 1990 წელს მოიპოვა თასების თასი, 1992 წელს ითამაშა ჩემპიონთა თასის ფინალში. 1991 წელს გახდა იტალიის ჩემპიონი, ოთხჯერ ფლობდა იტალიის თასს.
1954. ფრანგმა ველოსიპედისტმა ლუიზონ ბობემ მეორედ მოახერხა “ტურ დე ფრანსის” მოგება.
1961. დონეცკის “შახტიორმა” საბჭოთა თასის გათამაშების ოცდამეთორმეტედფინალში ხმელნიცკის “დინამოს” 2:0 მოუგო და მას შემდეგ აღნიშნულ ტურნირში სამი წლის განმავლობაში თამაში არ წაუგია. დონბასელთა ამ რეკორდის გაუმჯობესება ვერც ერთმა საბჭოთა გუნდმა ვერ მოახერხა.
1976. კანადის პროვინცია კვებეკის ქალაქ მონრეალში საზეიმოდ დაიხურა თანამედროვეობის ოცდამერვე ოლიმპიადა. მასში მონაწილეობა 92 ქვეყნის 6043 სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე საბჭოთა კავშირის ნაკრები გავიდა (50 ოქრო, 27 ვერცხლი, 22 ბრინჯაო). მეორე მაჩვენებელი ამერიკელ ათლეტებს ჰქონდათ (33, 31, 30), ხოლო მესამეზე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ (20, 23, 23). ქართველ სპორტსმენთაგან ჩემპიონობა ლევან თედიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა), ვიქტორ სანეევმა (სამმაგი ხტომა) და ალექსანდრე ანპილოგოვმა (ხელბურთი) მოიპოვეს.
1978. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ კლუბებს იმ ქვეყნების წარმომადგენელი ფეხბურთელების აყვანის ნება დართო, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ იყვნენ. ამის შედეგად ნისლიან ალბიონზე პირველი სამი არგენტინელი მოთამაშე მოხვდა. მსოფლიოს ჩემპიონები ოსვალდო არდილესი და რიკარდო ვილა “ტოტენჰემ ჰოტსპურზმა” აიყვანა, ალექს საბილია _ “შეფილდ იუნაიტედმა”.
1980. პოლონელმა სტაიერმა ვალდემარ ციპრინსკიმ მოსკოვის ოლიმპიადის მარათონული გარბენი მოიგო (2:11,03).
1982. ამერიკელი გრეგ ლუგანისი პირველი წყალში მხტომელი გახდა, რომელმაც 11 ცდაში 700 ქულაზე მეტის დაგროვება შეძლო (752,67).
1986. ამერიკელი ჩოგბურთელი ჯონ მაკინროი მსახიობ ტატუმ ო’ნილზე დაქორწინდა.
1987. მაიკ ტაისონმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ტონი ტაკერი თორმეტრაუნდიან ორთაბრძოლაში ქულებით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.
1991. ლეგენდარულმა არგენტინელმა მოთამაშემ, დიეგო მარადონამ ფეხბურთიდან წასვლის თაობაზე გააკეთა განცხადება.
1992. ბარსელონას ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძალოსანმა კახი კახიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.
1996. ატლანტის ოლიმპიადის მსვლელობისას ამერიკელმა სპრინტერმა მაიკლ ჯონსონმა 200 მეტრზე გარბენში ჩემპიონობა მსოფლიოს რეკორდით დაასრულა (19,32).
1996. ამერიკელებმა კრის მაგუიარმა და ნილ არმსტრონგმა კანოეთი ზღვაოსნობის ყველაზე ხანგრძლივი მოგზაურობა დაასრულეს. კანადიდან ბრაზილიამდე მათ 20 ათას 966 კმ გაცურეს.
1998. “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა იმ დროისთვის კლუბის ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშე ჰოლანდიელ მცველ, იაპ სტამს. იმ დღეს ოლდტრაფორდელები ტესტ-მატჩში დანიურ “ბრონდბიუს” დაუპირისპირდნენ.
2005. ზინედინ ზიდანმა სენსაციური განცხადება გააკეთა. იგი გარკვეული პაუზის შემდეგ საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა. ზიზუსთან ერთად 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში ლილიან ტურამმა და კლოდ მაკელელემაც გადაწყვიტეს.
2005. შაკილ ო’ნილმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “მაიამი ჰითთან” ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ძალითაც მას 100 მილიონი დოლარი უნდა მიეღო.
2007. ბულგარეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დიტიმარ პენევი დაინიშნა.
2008. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად არგენტინელი სპეციალისტი ექტორ რაულ კუპერი დანიშნეს.
2009. რომში მიმდინარე წყალბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში სერბიამ მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში ესპანეთს სძლია. ძირითადი და დამატებითი დრო 7:7 დასრულდა. მესამე ადგილსთვის მატჩში ხორვატიამ აშშ-ს 8:6 მოუგო.
2010. ნბა-ს ვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა პირდაპირი სატელევიზიო ეთერით დაადასტურა, რომ “კლივლენდ კავალიერზიდან” “მაიამი ჰითში” გადავიდა.
2013. სპლიტის “ჰაიდუკი”-გორის “დილა” 0:1. ევროპის ლიგა. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი. პირველი მატჩი. გოლი ილურიძემ გაიტანა.
ამ დღეს დაიბადნენ
1924. ოთარ იოსელიანი. “ლელოს” პირველი თაობის ჟურნალისტი. იყო გაზეთ “თბილისის” მთავარი რედაქტორი. დააარსა ჟურნალისტებისგან შემდგარი საფეხბურთო გუნდი “ჟურნალისტი” და იყო ამ გუნდის უფროსი. გუნდის კაპიტანი ოთარ გაგუა იყო, მის რიგებში კი კოტე მახარაძე, გურამ ფანჯიკიძე, ზურაბ რცხილაძე, გიგლა ფირცხალავა, ვანდი ხანდამიშვილი, ზაზა გომართელი, გია და ზურაბ გაგუები, ვახტანგ კოპალეიშვილი გამოდიოდნენ. “ჟურნალისტს” დამარცხებული ჰყავს “იზვესტია”, კიევის ჟურნალისტთა გუნდი (უკრაინელთა რიგებში იოჟეფ საბო თამაშობდა), როსტოვის ჟურნალისტთა საფეხბურთო გუნდი (მის რიგებს ცნობილი ფეხბურთელი ვიკტორ პონედელნიკი იცავდა). ოთარ იოსელიანმა დააარსა პრიზი, რომელიც საკავშირო პირველობის ერთ მატჩში 5 გოლის ავტორს გადაეცემოდა. ეს ჯილდო ილია დათუნაშვილმა და გოჩა გავაშელმა მოიპოვეს.
1926. მედეა (მზია) ჯუღელი. პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი. სპორტულ ტანვარჯიშში ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში. საგნით ვარჯიშში მოიპოვა ვერცხლის მედალი, ხოლო ბჯენით ხტომაში მეოთხე ადგილზე გავიდა. მრავალჭიდში დაიკავა მეცხრე ადგილი. საბჭოთა კავშირის შვიდგზის ჩემპიონი ბჯენით ხტომებსა (1946, 1947, 1952, 1953, 1954, 1955) და რგოლებზე (1954) ვარჯიშში. ბერლინის სტუდენტთა მსოფლიოს 1951 წლის მეთერთმეტე თამაშების ჩემპიონი გუნდურ ჩათვლასა და ბჯენით ხტომაში. ახალგაზრდობის პირველი საერთაშორისო მეგობრული თამაშების (1954, ბუქარესტი) გუნდური ჩემპიონი და მეორე პრიზიორი ბჯენით ხტომაში. საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (1991-2005) და საპატიო პრეზიდენტი (2005 წლიდან). თბილისის საპატიო მოქალაქე. ვახტანგ გორგასლის მეორე და მესამე ხარისხის და ღირსების ორდენის კავალერი.
1949. ქეთევან ლოსაბერიძე. მშვილდოსნობაში მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. თამაშები მოიგო ოლიმპიური რეკორდით (690 ქულა). მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიადაზე დაიკავა მეოთხე ადგილი. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1973, 1981). ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი (1972) და ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1972, 1978). საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1973, 1979) და ხუთგზის მესამე პრიზიორი. სსრკ თასის მფლობელი (1972, 1978). საკავშირო ხალხთა მეექვსე სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1979). მოგებული აქვს მილანის (1975, 1980), ლოძის (1976), კიოლნისა (1978) და ლვოვის (1981) საერთაშორისო ტურნირები. დამყარებული აქვს ევროპის, ოლიმპიური და მსოფლიოს რეკორდები. საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1980). ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის კავალერი. საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი (2002-05).
1961. დანი ბლინდი. ჰოლანდიის ნაკრების, როტერდამის “სპარტასა” და “აიაქსის” ფეხბურთელი. “აიაქსთან” ერთად საკლუბო დონეზე მოგებული აქვს ყველა შესაძლო ტიტული. 1987 წელს დაეუფლა თასების თასს, 1992-ში მოიგო უეფას თასი, ხოლო 1995 წელს იმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში. 1996-ში დაეუფლა ევროპის სუპერთასს, ხოლო ერთი წლით ადრე საკონტინენტთაშორისო თასს. ამსტერდამელებმა გადამწყვეტ მატჩში ბრაზილიურ “გრემიოს” თერთმეტმეტრიანების სერიაში სძლიეს, გადამწყვეტი პენალტი კი, სწორედ დანი ბლინდმა გაიტანა. ამას გარდა ბლინდი ხუთჯერ იყო ჰოლანდიის ჩემპიონი, ოთხჯერ კი, ბენილუქსელთა თასს ფლობდა. 2005-2006 წლებში წვრთნიდა “აიაქსს”. სამწვრთნელო დონეზე მოგებული აქვს იოჰან კრუიფისა და ჰოლანდიის თასები.
1967. ლორი ენდიკოტი. ამერიკელი ფრენბურთელი. 1992 და 1996 წლების ოლიმპიადებზე მოიპოვა ბრინჯაოს მედლები.
1976. ნვანკო კანუ (197 სმ). ნიგერიის ნაკრების, ამსტერდამის “აიაქსის”, “ინტერის,” ლონდონის “არსენალის,” “ვესტ ბრომვიჩ ალბიონის” ფორვარდი. 1996 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. ამავე წელს დაასახელეს აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად.