ფეხბურთი

0:50 | 31.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივი" კვირკველიას პოზიციაზე მსოფლიოს ჩემპიონს იმატებს

რუსეთის მოქმედი ჩემპიონი მოსკოვის "ლოკომოტივი" გელზენკირხენის "შალკეს" კაპიტან ბენედიქტ ჰიოვედესის შეძენასთან ახლოსაა. Bild-თან საუბარში "ხუმარების" სპორტული დირექტორი კრისტიან ჰეიდელი აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს.

30 წლის ფეხბურთელს მოსკოვში სამშაბათს ელოდებიან და სამედიცინო შემოწმების შემდეგ კონტრაქტსაც გააფორმებს. ხელშეკრულების პირობები ამ ეტაპზე არ ხმაურდება.

ჰიოვედესი პოზიციით ცენტრალური მცველია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენებურ სოლომონ კვირკველიას "რკინიგზელთა" ძირითადი შემადგენლობისთვის სერიოზული კონკურენტი ეყოლება. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გერმანელს მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში და ამასთან, "ლოკომოტივში" ცენტრალური მცველების ნაკლებობაა. კვირკველიას გარდა, მხოლოდ ხორვატი ვედრან ჩორლუკას გამორჩევა შეიძლება.

ჰიოვედესი, რომელიც წლების განმავლობაში გერმანიის ნაკრების წევრი იყო და 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა, "შალკეში" 2007 წლიდან თამაშობდა. ამ პერიოდში გელზენკირხენელთა მაისურით 335 მატჩი ითამაშა და 23 გოლი გაიტანა. ჰიოვედესმა გასული სეზონი "იუვენტუსში" იჯარით გაატარა, მაგრამ ტურინელთა რიგებში ფეხი ვერ მოიკიდა (3 თამაში, 1 გოლი).

0.114175