“დინამო თბილისის” კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი გრაცის “შტურმს” უახლოვდება. აღნიშნული ინფორმაცია “დინამოს” პრეზიდენტ რომან ფიფიას შემდეგ, ავსტრიული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჰეიკო ვოგელმაც დაადასტურა.
გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, რომელიც აქამდე მიუნხენის “ბაიერნის” აკადემიაში მუშაობდა, კიტეიშვილის ვარიანტს “შტურმი” ნამდვილად განიხილავს.
“ვფიქრობ, ის შეიძლება იყოს ერთ-ერთი ვარიანტი. ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ ფეხბურთელებს, როგორც არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ისე ზამთრისთვის, ან მომავალი ზაფხულისთვის, რადგან სატრანსფერო ფანჯარა მაშინაც გახსნილია. ჩვენ ვეძებთ პოზიციების მიხედვით ფეხბურთელებს და მათ შორის, შესაძლოა იყოს ოთარ კიტეიშვილიც, რომელზეც აქამდეც მსმენია”, - განაცხადა ვოგელმა.
22 წლის ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში 22 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა. აქვე გეტყვით, რომ “შტურმი” ამჟამად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობს, თუმცა ამსტერდამის “აიაქსთან” პირველი მატჩი 0:2 წააგო.
გრაცის გუნდში წარსულში დავით მუჯირი წარმატებით თამაშობდა. ეს, 2001-2005 წლებში იყო.