XXVII ოლიმპიადა
დუბაი, 1986 წლის 14 ნოემბერი - 2 დეკემბერი
დუბაის ვაჟთა ოლიმპიადაზე 108-გუნდმა იასპარეზა. მასპინძლები ორი გუნდი იასპარეზეს. გარდა ამისა, პირველად ისტორიაში, საჭადრაკო ოლიმპიადაზე არ ჩავიდნენ შვედეთისა და დანიის გუნდები. სულ შეჯიბრებაში მონაწილეობდა 641 მოჭადრაკე, აქედან 59 დიდოსტატი და 90 საერთაშორისო ოსტატი. ოლიმპიადა შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად ჩატარდა. ყველაზე მეტი შეხვედრა ინგლისელმა მოჭადრაკეებმა მოიგეს - 12, სულ 39,5 ქულა მოაგროვეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ჩემპიონობისათვის. ნახევარი ქულით მეტი (40) მოაგროვეს საბჭოთა მოჭადრაკეებმა (გარი კასპაროვი, ანატოლი კარპოვი, ანდრეი სოკოლოვი, არტურ იუსუპოვი, რაფაელ ვაჰანიანი და ვიტალი ცეშკოვსკი) და ჩემპიონობაც მათ დარჩათ.
მესამე ადგილზე 38 ქულით ამერიკელები გავიდნენ.
ქალთა ოლიმპიადაზე 49 გუნდმა ითამაშა. დამაჯერებლად იასპარეზა საბჭოთა ნაკრებმა (მაია ჩიბურდანიძე, ელენა ახმილოვსკაია, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია), რომელმაც 14 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი დაასრულა ფრედ (კუბის ნაკრებთან 1,5:1,5), ხოლო დანარჩენი მოიგო და 33.5 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. მეორე ადგილზე გასულმა უნგრეთის გუნდმა 29 ქულა მოაგროვა. ამ უკანასკნელს ერთი ქულით ჩამორჩა მესამეადგილოსანი რუმინეთის ნაკრები. რაც შეეხება შედეგებს დაფების მიხედვით, მესამე დაფაზე ასპროცენტიანი შედეგი აჩვენა ნონა გაფრინდაშვილმა - მან ათი პარტია ითამაშა და ყველა მოიგო.
XXVIII ოლიმპიადა
სალონიკი, 1988 წლის 12-30 ნოემბერი
ორი წლის შემდეგ, ვაჟთა 1988 წლის ოლიმპიადაზე უფრო დამაჯერებლად ითამაშა უძლიერესად მიჩნეულმა საბჭოთა ნაკრებმა (გარი კასპაროვი, ანატოლიმ კარპოვი, არტურ იუსუპოვი, ალექსანდრე ბელიავსკი, იან ელვესტი, ვასილი ივანჩუკი), რომელმაც 14 შეხვედრაში 40,5 ქულა დააგროვა და უახლოეს მეტოქეებს - ინგლისისა და ჰოლანდიია ნაკრებებს 6-6 ქულით აჯობა. უკეთესი კოეფიციენტის წყალობით ინგლისელებს მეორე ადგილი ხვდათ წილად, ჰოლანდიელებს - მესამე.
ქალთა ოლიმპიადაზე კი დაძაბული ბრძოლები მიმდინარეობდა. ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება ვერ მოახერხა საბჭოთა ნაკრებმა (მაია ჩიბურდანიძე, ელენა ახმილოვსკაია, ირინა ლევიტინა, მარტა ლიტინსკაია), რომელმაც 32,5 ქულა მოაგროვა და მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა უნგრეთის გუნდს (ჟუჟა პოლგარი, იუდით პოლგარი, ილდიკო მადლი, სოფია პოლგარი). უნგრეთის ნაკრების წარმატება დები პოლგარების დამაჯერებელმა თამაშმა განაპირობა. უნგრელებმა ურთიერთშეხვედრაში საბჭოთა ნაკრებს 2-1 აჯობეს. 28 ქულით მესამე ადგილზე იუგოსლავიის გუნდი გავიდა.
XXIX ოლიმპიადა
ნოვი სადი, 1990 წლის 16 ნოემბერი - 4 დეკემბერი
ვაჟთა ოლიმპიადაზე საბჭოთა ნაკრები (ვასილი ივანჩუკი, ბორის გელფანდი, ალექსანდრე ბელიავსკი, არტურ იუსუპოვი, ლეონიდ იუდასინი, ევგენი ბარეევი) კვლავ უკონკურენტო იყო: 14 შეხვედრიდან 39 ქულა. მეორე-მესამე ადგილები 35,5-35,5 ქულით აშშ-სა და ინგლისის ნაკრებებმა დაიკავეს. მათგან უკეთესი კოეფინიენტი აღმოაჩნდა და მეორე ადგილი ხვდათ წილად ამერიკელ მოჭადრაკეებს.
ქალთა ტურნირშის პირველი ადგილისათვის ბრძოლა კვლავ საბჭოთა კავშირისა(მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ალისა გალიამოვა, ქეთევან არახამია) და უნგრეთის (ჟუჟა პოლგარი, იუდით პოლგარი, სოფია პოლგარი, ილდიკო მადლი) ნაკრებებს შორის წარიმართა. ურთიერთშეხვედრაში საბჭოთა მოჭადრაკე ქალებმა 2-1 მოუგეს უშუალო კონკურენტს, თუმცა ჩეხეთის გუნდთან საყაიმო ანგარიშის შედეგად მოხდა ისე, რომ, საბჭოელებმაც და უნგრელებმაც ქულათა თანაბარი რაოდენობა (35-35) დააგროვეს. უკეთესი კოეფიციენტი პოლგარების გუნდს აღმოაჩნდა და ისინი გავიდნენ პირველ ადგილზე. მესამე ადგილი ჩინეთის ნაკრებმა დაიკავა 29 ქულით.
ეს იყო საბჭოთა ნაკრებების ბოლო გამოსვლა საჭადრაკო ოლიპიადებზე. ერთი წლის შემდეგ „დიდი ქვეყანა დაიშალა და სხვადასხვა სიახლეებთან ერთად დასაბამი მიეცა დამოუკიდებელი საქართველოს ნაკრების ასპარეზობას. ამაზე ცოტა მოგვიანებით...
გაგრძელება იქნება