ქართველი ძიუდოისტი ნუგზარ ტატალაშვილი პირველი სექტემბრიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით იასპარეზებს. როგორც JudoInside-ი იუწყება, ტრანსფერი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ უკვე დაადასტურა.
ამჟამად ტატალაშვილს ფეხის ტრავმა აქვს და სარეაბილიტაციო პროცესისი გამო საქართველოს ნაკრების წევრებთან ერთად იაპონიაში შეკრებას ვერ გადის. ტრანსფერი ორივე ქვეყნის ფედერაციის თანხმობით განხორციელდა და სპორტსმენი დისკვალიფიკაციას აღარ მიიღებს. ტატალაშვილს შეუძლია არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით 2020 წლის ოლიმპიადაზე მიიღოს მონაწილეობა.
28 წლის ნუგზარმა კარიერის განმავლობაში გრან პრი სამჯერ მოიგო, ასევე ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი (ორი ვერცხლი, ერთი ბრინჯაო) მოიპოვა. ტატალაშვილმა ევროპის და მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატებზე შესაბამისად ოთხი და ერთი ოქროს მედალი მოიპოვა. 2016 წლის ოლიმპიადაზე ნუგზარს მონაწილეობა არ მიუღია.