ჭადრაკი

22:13 | 25.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონიდან ბათუმამდე 
საჭადრაკო ოლიმპიადების ისტორია (ნაწილი XVI)

XXV ოლიმპიადა

ლუცერნი, 1982 წლის 29 ოქტომბერი - 16 ნოემბერი

შვეიცარიაში 92 გუნდმა იასპარეზა, რაოდენობა უფრო მეტიც შეიძლება ყოფილიყო, რომ არა მავრიტანიისა და გამბიის გუნდების არგამოცხადება. ტურნირში მონაწილეობა მიიღო 545-მა მოჭადრაკემ, რომელთა შორის 62 დიდოსტატი და 93 საერთაშორისო ოსტატი იყო. შვეიცარიული სისტემით ჩატარებულმა 14 ტურმა აჩვენა, რომ საბჭოთა ნაკრები (ანატოლი კარპოვი, გარი კასპაროვი, ლევ პოლუგაევსკი, ალექსანდრ ბელიავსკი, მიხეილ ტალი, არტურ იუსუპოვი) უკონკურენტო იყო - 13 გამარჯვება, 1 ფრე (მეორე ადგილოსან ცეხებთან) და არცერთი დამარცხება. საბჭოთა მოჭადრაკეებმა სულ 42,5 ქულა დააგროვეს და უახლოეს მდევრებს - ჩეხებს 6,5 ქულით გაუსწრეს.

35,5 ქულით მესამე ადგილზე აშშ-ს ნაკრები გავიდა.

პარალელურად მიმდინარე ქალთა მეათე 45 გუნდიან ოლიმპიადაზეც საბჭოთა ნაკრებმა იმარჯვა, რომელმაც 14 შეხვედრიდან 13 მოიგო და მხოლოდ 1 ფრედ დაასრულა. საბჭოთა ნაკრებს კვლავ ქართული კვარტეტი წარმოადგენდა: მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, ნონა გაფრინდაშვილი და ნანა იოსელიანი. ქართველ მოჭადრაკეების მონაგარი სულ 33 ქულა იყო. ჩემპიონებს 3 ქულით ჩამორჩნენ რუმინელები, ხოლო უნგრელი მოჭადრაკეები 26 ქულით მესამე ადგილზე გავიდნენ.

სალონიკი, 1984 წლის 18 ნოემბერი - 5 დეკემბერი

ოლიმპიადის მონაწილეთა რაოდენობა ამჟერად 88 აღმოჩნდა. ტურნირი რაღა თქმა უნდა საბჭოთა მოჭადრაკეებით ტრიუმფით დასრულდა: 14 შეხვედრიდან 12 გამარჯვება, 1 ფრე, 1 მარცხი და 41 ქულით პირველი ადგილი. 27 ქულა დააგროვეს ინგლისელმა მოჭადრაკეებმა და მეორე ადგილი დაისაკუთრეს. მესამეზე აშშ-ს ნაკრები გავიდა35 ქულით.

ერთი საინტერესო დეტალი, ამერიკის შეერთებული შტატების პირველ დაფაზე რომან ჯინჯიხაშვილი თამაშობდა. რომანი თბილისში დაიბადა 1944 წლის 5 მაისს. 1965-1967, და 1969-1970 წლებში საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი იყო. 1976 წელს საცხოვრებლად ისრაელში წავიდა, სადაც კვლავ წარმატებით გააგრძელა საჭადრაკო კარიერა. 1977 წელს დიდოსტატის წოდება მიიღო. ერთი წლის შემდეგ ისრაელის ჩემპიონი გახდა. იცავდა ისრაელის მოჭადრაკეთა ნაკრების ღირსებას 1976 და 1978 წლების ოლიმპიადაზე. მოიგო რამდენიმე საერთაშორისო ტურნირი.

1980 წლიდან რომან ჯინჯიხაშვილი უკვე აშშ-შია. 1983 წელს აშშ-ს ჩემპიონი გახდა, რის შემდეგ ამ ქვეყნის ნაკრების პირველი დაფა ჩააბარეს. სალონიკის ოლიმპიადაზე რომანმა 11 პარტია ითამაშა, რომელთაგან 6 მოიგო, 4 ყაიმით დაასრულა და მხოლოდ ერთი მარცხი იწვნია - სულ 8 ქულა დააგროვა 11 შეხვედრიდან. საბჭოთა ნაკრებთან შეხვედრისას ბელიავსკის მოუგო.

ასევე საბჭოთა ნაკრებმა იმარჯვა ქალთა რიგით მე-11 ოლიმპიადაზე. ვაჟებისაგან განსხვავებით ქალთა გუნდს ერთი შეხვედრაც არ წაუგია. მაია ჩიბურდანიძემ, ირინა ლევიტინამ, ნონა გაფრინდაშვილმა და ლიდია სემენოვამ 14 შეხვედრიდან 12 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 32 ქულა მოაგროვეს. მეორე ადგილზე გავიდა ბულგარეთის გუნდი, ხოლო მესამეზე - რუმინეთის.

გაგრძელება იქნება

0.136117