ავტოსპორტი

21:44 | 25.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ზაუბერი“ მომავალ სეზონში მეოთხე ადგილს უმიზნებს

ფორმულა 1-ის გუნდ „ზაუბერის“ შეფი პასკალ პიჩი ამბობს, რომ მის გუნდს მომავალ სეზონში კონსტრუქტორთა ჩემპიონატში მეოთხე ადგილისთვის ბრძოლის შანსი ექნება. შვეიცარიულ საჯინიბოს მიმდინარე სეზონში დიდი პროგრესი აქვს - თუ წინა სეზონებში უიმედო აუტსაიდერი იყო, ამჯერად საკმაოდ კონკურენტუნარიანად გამოიყურება და მის შარლ ლეკლერს, კვალიფიკაციების მესამე ნაწილშიც კი ვხედავთ ხოლმე.

რა თქმა უნდა, ეს ძირითადად იმის დამსახურებაა, რომ თუ ადრე გუნდი „ფერარის“ ძველი აგრეგატით ასპარეზობდა, ახლა მის პარტნიორ „ალფა რომეოს“ სახელით, მარანელოელთაგან უახლესი ძალური დანადგარებით მარაგდება. პროგრესია აეროდინამიკის მხრივ და რა თქმა უნდა, არც ლეკლერის ტალანტი უნდა დავივიწყოთ, რომელიც შესაძლოა, „ზაუბერს“ მომავალ სეზონში მოაკლდეს.

ასეა თუ ისე, „ზაუბერს“ ცხრილში მაინც მეცხრე ადგილი უკავია და მხოლოდ უჩვეულოდ დაბეჩავებულ „უილიამსს“ უსწრებს. თუმცა იმავდროულად, მეოთხეზე მყოფ „რენოს“ მხოლოდ 62 ქულით ჩამორჩება, რაც არც ისე ბევრია.

პიჩი, ვინც „ზაუბერის“ მფლობელ საინვესტიციო კომპანია „ისლერო ინვესტმენტის“ ხელმძღვანელიცაა, ამბობს, რომ წლევანდელი ბოლიდი პირველი ავტომობილია, რომელიც გუნდმა ახალი მფლობელის დროს გააკეთა. და ამას არ დასჯერდება. ჰინვილელები მომავალი სეზონისთვის კიდევ უფრო კონკურენტული მანქანის მომზადებას გეგმავენ, რაზეც ახალი ტექნიკური დირექტორი სიმონე რესტა იზრუნებს.

„ეს პირველი მანქანაა, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ. კონცეპცია ფანტასტიური გამოდგა. ალბათ შეამჩნიეთ, რომ მანქანა უფრო მაღალი ტემპითაც, რეგულარულად ვითარდება. ჩვენი ამბიციაა, რომ მომავალ სეზონში მეოთხე საუკეთესო გუნდი გავხდეთ. ალბათ ფიქრობთ, რომ ვაზვიადებ. ფრედი (ვასორი - გუნდის შეფი) მეუბნება, რომ ვაზვიადებ! მაგრამ თუ ოცნება არ გაქვს, მაშინ ხშირად წარმატებას ვერ მიაღწევ. ჩვენ ძალიან მოწადინებულები ვართ და მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ“, - ამბობს პიჩი და დასძენს, რომ „ფერარის“ ძველი აგრეგატებით რაიმეს მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა.

„ძველი ძრავები ჩვენი შეცდომა იყო. ამან ხალხს ჩვენზე არასწორი შეხედულება შეუქმნა. შეხედეთ „ჰაასს“, ის ჩვენზე გაცილებით უკეთ ასპარეზობს, რაც შედეგებშიც ჩანს. და ჩვენც ბოლომდე ვირჯებით, რომ მათი გზა გავიმეოროთ“, - ამბობს პიჩი. მისივე თქმით, გუნდი ახლანდელი მფლობელის ხელში დარჩება. ამასთან, „ფერარი“ და „ალფა რომეო“ ტექნიკურ საკითხებში უფრო მეტად ჩაერთვებიან.

„პოტენციალი უზარმაზარია. ჩვენ დამოუკიდებელ გუნდად ვრჩებით, საკუთარი ბიზნეს მოდელით. ჩვენი იტალიელი მეგობრები ერთ აქციასაც კი არ აკონტროლებენ. ჩვენ ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს და გუნდის ერთგულები ვრჩებით“, - დასძენს პიჩი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105955