“საუთჰემპტონის” ნახევარმცველი იორდი კლასი კარიერას მშობლიურ “ფეიენოორდში” განაგრძობს. 27 წლის ფეხბურთელი ჰოლანდიურ გრანდში 2018/2019 წლების სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს და შემდგომ, როტერდამელებს მისი გამოსყიდვა შეეძლებათ.
კლასი “ფეიენოორდის” საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია, ძირითად გუნდში 2011 წელს გამოჩნდა და 153 მატჩში 8 გოლი გაიტანა, ხოლო 2015 წელს “საუთჰემპტონს” მიაშურა, სადაც ორი სეზონის განმავლობაში 49 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა. მან გასული სეზონი “ბრიუგეში” იჯარით ჩაატარა და 28 თამაშში მეტოქის კარი ერთხელ აიღო.
იორდის ჰოლანდიის ნაკრების მაისური 17-ჯერ აქვს მორგებული. მან სამშობლოს ღირსება ბოლოს 2016 წლის ნოემბერში დაიცვა.