პორტუგალიის ქალაქ კოიმბრაში მიმდინარე ევროპის სტუდენტურ თამაშებზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მე-3 შეხვედრაც მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. დავით ბობოხიძის გაწვრთნილმა თსუ-ელებმა მთავარი კონკურენტი, 2-დან 2 მოგების მქონე ტამპერეს უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხეს. ქართველებმა ფინელ სტუდენტებს 4:1 სძლიეს.
მატჩის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. შეხვედრის მე-10 წუთზე ლუკა თავზარაშვილმა თსუ დააწინაურა, თუმცა ფინელებმა წონასწორობის აღდგენა რამენიმე წამში მოახერხეს: ქართველების კარში დანიშნული პენალტი ვილი მაკინენმა გამოიყენა.
პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა, რის შემდეგაც უპირატესობას თსუ დაეპატრონა. მეორე ტაიმის მე-5 წუთზე ჯერ ნიკოლოზ კურტანიძემ გაიტანა, ხოლო მე-17 წუთებზე ნიკოლოზ ფხაკაძის გოლით ქართელებმა გამარჯვება გაინაღდეს. დარჩენილ დროში შეტევაში გართული ტამპერელები ნოდარ ქურცაძემ გოლით დასაჯა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა - 4:1.
3-დან 3 მოგებით თსუ-მ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეორე ეტაპზე გავიდა. გათამაშების ფორმატის თანახმად, 6 ჯგუფის გამარჯვებული მეორე ეტაპზე გადავა, სადაც ახალი - 3-3 გუნდიანი 2 ჯგუფი შეიქმნება. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის მომავალი მეტოქეები მოგვიანებით გამოვლინდება.
ევროპის სტუდენტური თამაშები 2018. კოიმბრა, პორტუგალია
ტამპერე (ფინეთი) 1:4 თსუ (საქართველო)
გოლები: 0:1 თავზარაშვილი (10), 1:1 მაკინენი (10), 1:2 კურტანიძე (24), 1:3 ფხაკაძე (37), 1:4 ქურცაძე (38)
| უნივერსიტეტი | თ | მ | წ | ბ/შ | ქ |
| თსუ (საქართველო) | 3 | 3 | 0 | 19:2 | 9 |
| ტამპერე (ფინეთი) | 3 | 2 | 1 | 13:8 | 6 |
| რეიმს-შამპანი (საფრანგეთი) | 3 | 1 | 2 | 11:13 | 3 |
| ბერნი (შვეიცარია) | 3 | 0 | 3 | 5:25 | 0 |







