ფეხბურთი

19:25 | 23.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"პარმა" გადარჩა

იტალიური “პარმა” ქვედა ლიგაში დაქვეითებას გადაურჩა. ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ემილიური გუნდი 2018-2019 წლების სეზონს სერია A-ში გაატარებს, მაგრამ სხვებთან შედარებით მაინც ცუდ მდგომარეობაში იქნება: სეზონს -5 ქულით დაიწყებს.

სასჯელს ვერ გადაურჩა ვერც ვეტერანი ფორვარდი ემანუელე კალაიო, რომელსაც სასამართლომ 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ პროკურორი “პარმას” სერია B-ში დაქვეითებასა და კალაიოსთვის 4-წლიან სასჯელს ითხოვდა, თუმცა მისი მოთხოვნა სასამართლომ არ გაითვალისწინა.

“პარმას დასჯის მიზეზი კი შემდეგში მდგომარეობს: სერია B-ს ბოლო ტურში “პარმამ” “სპეცია” 2:0 დაამარცხა და ელიტარული ლიგის საგზური აღნიშნული 3 ქულის წყალობით მოიპოვა.

მოგვიანებით კი, პროკურატურას ხელში ჩაუვარდა ემანუელე კალაიოს შეტყობინებები სოციალური ქსელიდან, რომლის ადრესატები “სპეციას” ფეხბურთელები იყვნენ და მისი შინაარსი თამაშის სპეციალურად წაგებას შეიცავდა. აღსანიშნავია, რომ "პარმა" არ ეთანხმება სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებას და სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

0.122652