ავტოსპორტი

23:28 | 22.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

წვიმის წვეთების ძალა გერმანიის დიდ პრიზზე

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის ლიდერის პოზიცია ხელიდან ხელში გადადის. ცხრილის სათავეში ხან სებასტიან ფეტელია და ხან ლუის ჰამილტონი. ამ ეტაპზე, ბრიტანელის ჯერი დადგა, რომელმაც დღეს გერმანიის დიდი პრიზი მოიგო.

სებასტიან ფეტელს კი წვიმის რამდენიმე წვეთმა ცუდი საქმე უყო - „ფერარის“ პილოტმა სველი საბურავებით, თითქმის უწყინარ სიტუაციაში დაუშვა (მცირე) შეცდომა და შესანიშნავად დაწყებული გერმანული დიდი პრიზი, კედელთან დაასრულა.

ფეტელმა რბოლა, რომელსაც 165 000 მაყურებელი დაესწრო, პოულიდან დაიწყო და ვალტერი ბოტასის ადრეული შეტევის მოგერიების შემდეგ, პელოტონს წინ წაუძღვა. ფეტელი პირველი პიტ სტოპის შემდეგაც დამაჯერებელი იყო და ლიდერობა მას შემდეგ დაიბრუნა, რაც თანაგუნდელ კიმი რაიკონენს გაასწრო (39-ე წრეზე). ოთხი წრის შემდეგ ბოქსებში ჰამილტონი შევიდა, რომელსაც ულტრა სოფტები დაუყენეს.

ეს ყველაფერი იმის რისკის ქვეშ ხდებოდა, რომ ყველა წვიმას ელოდა. მართლაც, ტრასის ერთ მხარეს ცა მუქი ღრუბლით დაიფარა და წვიმის პირველი წვეთები როგორც კი ჰამილტონმა პიტ სტოპი დაასრულა. მაგრამ ამინდმა „მერსედესი“ და მისი პილოტი დაინდო და ტრასის მხოლოდ ერთი მცირე მონაკვეთი დაასველა. ზოგ გუნდში (მათ შორის რედ ბულში) ინტერმედიატებზე გადასვლა გადაწყვიტეს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს შეცდმა იყო, რადგან წვიმამ მალე გადაიღო და ტრასას მხოლოდ ორიოდ სველი მოსახვევი დაუტოვა.

და მაშინ, როცა თითქოს, ხიფათმა გადაიარა, ფეტელმა მოულოდნელად შეცდომა დაუშვა (52-ე წრეზე). მისთვის რბოლა იქვე დასრულდა. ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა და რამდენიმე პილოტმა, მათ შორის ბოტასმა და რაიკონენმა, ბოქსებში შესვლა გადაწყვიტეს. ჰამილტონი ლიდერი გახდა. რესტარტზე ბოტასმა სცადა მისი გასწრება, მაგრამ გუნდმა რადიოთი სწრაფადვე დააშოშმინა. მოქმედ ჩემპიონს ისღა „დარჩენდა“, ფინიშის ხაზი პირველს გადაეკვეთა.

თუ ჰოკენჰაიმამდე ფეტელი ლიდერი იყო და ჰამილტონს 8 ქულას უგებდა, ახლა ის მდევრის როლში დარჩა და ბრიტანელ მეტოქეს უკვე თავად ჩამორჩება, 17 ქულით. ჰამილტონმა გერმანული დიდი პრიზი მეოთხედ მოიპოვა (კარიერაში უკვე 66 გამარჯვება დაუგროვდა) და ასე აღნიშნა გერმანულ გუნდთან კონტრაქტის გაგრძელება. ამასთან, საგრძნობლად გაზარდა იმის შანსი, რომ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს მეხუთედაც დაეუფლოს. თუმცა ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა.

ამ მოგებით, ჰამილტონმა რევანში აიღო ორი კვირით ადრე, ბრიტანეთში ნაგემი მარცხისთვის. იქ ფეტელმა გაიმარჯვა და ლიდერობა დაიბრუნა. „მასპინძელი“ ამჯერადაც დამარცხდა და ლიდერობა ისევ „სტუმარმა“ ჩაიბარა. გერმანელებისთვის ეს არ იყო სრული მარცხი, რადგან მათი პილოტის წაგების მიუხედავად, მათმა გუნდმა გაიმარჯვა, რომლის სახელსაც ჰოკენჰაიმრინგზე ერთი უზარმაზარი ტრიბუნა ატარებს.

ჰო მართლა, რბოლა რომ მორჩა, ცამ სწორედ ამის მერე მოხსნა პირი და პილოტებიან, მექანიკოსებიან და მაყურებლიანად, ყველა მანამ დაასველა, სანამ კვარცხლბეკზე შამპანურის შხაპი გაიმართებოდა...

P.S. რბოლის შემდეგ სტუარდებმა განიხილეს ჰამილტონის ინციდენტი, რა დროსაც ბრიტანელმა ფეტელის ავარიის შემდეგ, ჯერ პიტ სტოპზე შესვლა დააპირა, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა და ტრასაზე ბალახების გავლით დაბრუნდა. მომხდარზე სტუარდები სამი საათი ბჭობდნენ, მათ ჰამილტონსაც მოუსმინეს და ბოლოს მისი გაფრთხილებით დაკმაყოფილდნენ.

გერმანიის დიდი პრიზი

ჰოკენჰაიმრინგი, დისტანცია 306.458 კმ (4.574 კმ, 67 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:32:29.845
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 4.535
  3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 6.732
  4. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 7.654
  5. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 26.609
  6. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 28.871
  7. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 30.556
  8. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 31.750
  9. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 32.362
  10. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 34.197
  11. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 34.919
  12. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 43.069
  13. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 46.617
  14. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1 წრე
  15. შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 1 წრე
  16. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  17. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 14 წრე
  18. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 16 წრე
  19. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 16 წრე
  20. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 40 წრე

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:15.545 (66-ე წრე, 217.968 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 188 ქულა; 2. სებასტიან ფეტელი - 171; 3. კიმი რაიკონენი - 131; 4. ვალტერი ბოტასი - 122; 5. დანიელ რიკიარდო - 106; 6. მაქს ფერსტაპენი - 105; 7. ნიკო ჰულკენბერგი - 52; 8. ფერნანდო ალონსო - 40; 9. კევინ მაგნუსენი - 139; 10. სერხიო პერესი - 30; 11. ესტებან ოკონი - 29; 12. კარლოს საინსი - 28; 13. რომენ გროჟანი - 20; 14. პიერ გასლი - 18; 15. შარლ ლეკლერი - 13; 16. სტოფელ ვანდოორნი - 8; 17. მარკუს ერიკსონი - 5; 18. ლანს სტროლი - 4; 19. ბრენდონ ჰარტლი - 2; 20. სერგეი სიროტკინი - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 310 ქულა; 2. ფერარი - 302; 3. რედ ბული -211; 4. რენო - 80; 5-6. ფორს ინდია და ჰაასი - 59; 7. მაკლარენი - 48; 8. ტორო როსო - 20; 9. ზაუბერი - 18; 10. უილიამსი - 4

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.216808