ავტოსპორტი

23:25 | 21.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფეტელი გერმანულ პოულზე

ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონის ლიდერმა სებასტიან ფეტელმა, გერმანისი დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა, ჰოკენჰაინის ტრეკის რეკორდული დროით (წუთი და 11.212 წამი) მოიგო. ეს იმ დროს, როცა მისმა მთავარმა მეტოქე ლუის ჰამილტონმა, კვალიფიკაციის მესამე ნაწილში ასპარეზობის უფლება ვერც კი მოიპოვა, რადგან მის მანქანაზე ჰიდრავლიკა დაზიანდა.

„საოცარი იყო ირგვლივ ამდენი წეთელი დროშის, გერმანიის დროშის ნახვა. სასიამოვნოა ასეთი მხარდაჭერა. ყოველ მომდევნო გამოსვლაზე, მანქანა სულ უფრო უკეთესად მუშაობდა. ბოლო წრეზე კი მისგან ყველაფერი გამოვწურე, რაც კი შესაძლებელი იყო“, - განაცხადა ფეტელმა, ვისაც ჰოკენჰაიმზე რბოლა ჯერ არ მოუგია, თუმცა გერმანიის დიდი პრიზი ერთხელ, ნურბურგრინგზე აქვს მოგებული (2013 წელს).

ამჯერად კი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს დიდი შანსი აქვს, რბოლა იმ ტრეკზეც მოიგოს, რომლის მახლობლადაც იზრდებოდა და მრბოლის ხელოვნებას ეუფლებოდა. ფეტელისთვის ეს კარიერაში 55-ე პოულია.

ფეტელს 0.204 წამით ჩამორჩა ჰამილტონის თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი, რომელმაც ბოლო ცდაზე საუკეთესო დრო დააფიქსირა, თუმცა რამდენიმე წამში მისი დრო ფეტელმა გააუმჯობეა. სასტარტო რიგში მესამე და მეოთხე ადგილებს კიმი რაიკონენი და მაქს ფერსტაპენი დაიკავებენ.

ჰამილტონს, ვინც კლასიფიკაციაში ფეტელთან რვა ქულას აგებს, საკვალიფიკაციო რბოლის მეორე ნაწილში ჰიდრავლიკური სისტემა დაუზიანდა და ამის გამო, მხოლოდ მე-14 შედეგი დააფიქსირა. ის უარესს მაინც გადაურჩა - გადაცემათა კოლოფი შესაცვლელი არ გახდა, რა შემთხვევაშიც, კიდევ ხუთ ადგილს დაკარგავდა და პელოტონის ბოლოში დადგომა მოუწევდა.

ბრიტანელმა სცადა მარშლების დახმარებით, მანქანა ბოქსებში დაებრუნებინა იმ იმედით, რომ დარჩენილ დროში, მისი გარემონტება მოესწრებოდა და ტრასაზე დაბრუნებას შეძლებდა. მაგრამ რადიოთი უთხრეს, რომ მისთვის რბოლა დასრულებული იყო.

გუნდის შეფმა ტოტო ვოლფმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მანქანა კერბზე გადასვლის დროს დაზიანებულიყო, თუმცა ჰამილტონი ამბობს, რომ პრობლემები კერბზე უხეშად გადასვლამდე შეამჩნია. კერძოდ, მას გაუჩნდა ეჭვი, რომ საჭის მექანიზმი დაზიანდა. მოქმედი ჩემპიონი ამბობს, რომ ჰოკენჰაიმზე გასწრება ძალიან ძნელია, რის გამოც, დანაკარგის ანაზღაურება და კარგი ადგილის დაკავება გაუჭირდება.

სტარტზე მესამე რიგში, „ფერარის“ ძრავებით მოასპარეზე „ჰაასის“ პილოტები - კევინ მაგნუსენი და რომენ გროჟანი დადგებიან. მათ უკან კი „რენოს“ მრბოლები - ნიკო ჰულკენბერგი და კარლოს საინსი განლაგდებიან. კვლავ ათეულშია „ზაუბერის“ შარლ ლეკლერი, რომელიც მომავალ სეზონში ალბათ „ფერარიში“ გადავა.

გერმანიის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:11.212
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:11.416
  3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:11.547
  4. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:11.822
  5. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:12.200
  6. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:12.544
  7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:12.560
  8. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1:12.692
  9. შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 1:12.717
  10. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:12.774
  11. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:13.657
  12. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 1:13.702
  13. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:13.736
  14. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) დროის გარეშე
  15. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:13.720
  16. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:13.749
  17. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 1:14.045
  18. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1:14.206
  19. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:14.401
  20. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) დროის გარეშე
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.162203