ჭადრაკი

15:36 | 20.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონიდან ბათუმამდე 
საჭადრაკო ოლიმპიადების ისტორია (ნაწილი XVI)

XXIII ოლიმპიადა

ბუენოს-აირესი, 1978 წლის 25 ოქტომბერი - 12 ნოემბერი

ჰაიფას ოლიმპიადის ბოიკოტიდან 2 წლის შემდეგ, არგენტინის დედაქალაქში ყველა უძლიერესი გუნდი ჩავიდა ჩეხოსლოვაკიისა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლის ნაკრებების გარდა. ბუენოს-აირესში, მოჭადრაკეთა განკარგულებაში საფეხბურთო კლუბ „რივერ პლეიტის“ სტადიონის ტრიბუნების ქვეშ არსებული სივრცე იყო. 25 ოქტომბერს, ოტელ „შერატონში“ ფიდეს პრეზიდენტმა მაქს ეივემ გუნდების კაპიტნები მიიწვია რეიტინგის დასადგენად. კენჭისყრა კომპიუტერის საშუალებით ჩატარდა.

სპეციალისტები მთავარ ფავორიტად, რაღა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის ნაკრებს მიიჩნევდნენ, რომელიც არგენტინაში შემდეგი შემადგენლობით იყო ჩასული: ბორის სპასკი, ტიგრან პეტროსიანი, ლევ პოლუგაევსკი, ბორის გულკო, ოლეგ რომანიშინი და რაფაელ ვაჰანიანი.

სპეციალისტთა ვარაუდები არ გამართლდა, ოლიმპიადა უაღრესად დაძაბულად მიმდინარეობდა. მოხდა ისე, რომ ერთბაშად სამმა გუნდმა: უნგრელებმა, საბჭოთა კავშირის წარმომადგენლებმა და აშშ-ს მოჭადრაკეებმა მოიგეს 10-10 შეხვედრა, 3-3 ფრედ დაასრულეს და თითო წააგეს. საბჭოთა გუნდმა უშუალო კონკურენტი - უნგრეთის ნაკრები, მართალია 2,5:1,5 დაამარცხა, ამერიკელებსაც 3:1 მოუგო და 36 ქულა მოაგროვა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად. ამის მიზეზი ისრაელის გუნდთან მარცხი იყო (1,5:2,5). საბჭოთა გუნდი მეორე ადგილზე გავიდა. ჩემპიონი კი 37 ქულით უნგრეთის ნაკრები გახდა (ლაიოშ პორტიში, ზოლტან რიბლი, გიულა საქსი, ანდრაშ ადორიანი, ლასლო ვადასი). 35 ქულით მესამე ადგილზე გავიდა აშშ-ს ნაკრები(ლიუბომირ კავალეკი, უოლტერ ბრაუნი, ანატოლი ლეინი, რობერტ ბირნი, ჯეიმს ტარჯანი, უილიამ ლომბარდი).

ქალთა რიგით მერვე ოლიმპიადაზე ბუენოს-აირესში 32 გუნდი ჩავიდა. შეიქმნა 4 რვაგუნდიანი ნახევარფინალური ჯგუფი. თითოეული ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გადიოდა ფინალურ ეტაპზე. მთელი ტურნირი საბჭოთა ნაკრებმა მაია ჩიბურდანიძის, ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიასა და ელენა ახმილოვსკაიას შემადგენლობით ბრწყინვალედ ჩაატარა: ნახევარფინალურ ეტაპზე ყველა შეხვედრა მოიგო, ფინალურ ტურნირში 6 მოიგო და მხოლოდ ერთი დაასრულა ფრედ - 1,5:1,5 უნგრეთის გუნდთან. საბოლოოდ ქართულმა ტრიომ და ახმილოვსკაიამ პირველი ადგილი დაიკავეს.

მეორე-მესამე ადგლები შესაბამისად, უნგრეთისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გუნდებმა დაიკავეს.

რაც შეეხება პირად შედეგებს: ჩიბურდანიძემ 11 შესაძლებლიდან 9 ქულა დააგროვა, ასევე 11 შეხვედრაში 9,5 ქულა აიღო ნონა გაფრინდაშვილმა, ნანა ალექსანდრიას ანგარიშზე 10-დან 8 ქულა იყო, ხოლო 10 პარტია მოიგო და ასპროცენტიანი შედეგი აჩვენა ელენა ახმილოვსკაია, რომელიც სათადარიგო მოთამაშის ამპლუაში თამაშობდა. ყველა მათგანმა თავის დაფაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა.

XXIV ოლიმპიადა

ვალეტა, 1980 წლის 20 ნოემბერი - 6 დეკემბერი

24-ე საჭადრაკო ოლიმპიადას მალტის დედაქალაქმა უმასპინძლა. ამ ქვეყნის ჭადრაკის ფედერაციას ტურნირის ორგანიზებაში სხვა ქვეყნის ფედერაციები დაეხმარნენ. დელეგაციები კუნძულზე სხვადასხვა ადგილას განთავსებულ სასტუმროში დაბინავდნენ. ვაჟთა და ქალთა შეჯიბრებები კი მალტის მეფის ორდენის ყოფილი ჰოსპიტალის, ამჯერად მოდერნიზებულ შენობაში მიმდინარეობდა. ჩემპიონის ტიტულისათვის ბრძოლა ამჯერადაც საბჭოთა და უნგრელ მოჭადრაკეთა შორის მიმდინარეობდა, თუმცა საბჭოთა გუნდის შემადგენლობა უფრო „სოლიდურად“ და დიდოსტატურად გამოიყურებოდა: ანატოლი კარპოვი, ლევ პოლუგაევსკი, მიხეილ ტალი, ეფიმ გელერი, იური ბალაშოვი, გარი კასპაროვი. უნგრეთის ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო: ლაიოშ პორტიში, ზოლტან რიბლი, გიულა საქსი, ისტვან ცსომი, ივან ფარაგო, იოზეფ პინტერი.

ორივე გუნდმა ქულათა თანაბარი რაოდენობა - 39-39 მოაგროვა, პირველი ადგილი საბჭოთა ნაკრებს მიენიჭა იმის გამო, რომ ტურნირში 11 გამარჯვება მოიპოვა, ხოლო უნგრეთის ნაკრებმა - ერთით ნაკლები. მესამე ადგილზე 35 ქულით იუგოსლავიის გუნდი გავიდა.

რაც შეეხება ქალთა მეცხრე ოლიმპიადას, აქ საბჭოთა ნაკრებს მხოლოდ ქართველი მოჭადრაკეები წარმოადგენდნენ: მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია და ნანა იოსელიანი. მათ 14 შეხვედრაში 11 გამარჯვება მოიპოვეს, 2 შეხვედრა ფრედ დაასრულეს და მხოლოდ ერთი მატჩი დათმეს - 1:2 ბულგარეთის გუნდთან. საბოლოოდ ქართულმა ოთხეულმა 32,5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ უნგრელი მოჭადრაკეები, ხოლო 26,5 ქულით მესამე ადგილზე პოლონეთის გუნდი გავიდა. ჩიბურდანიძემ პირველ დაფაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა - 13 შესაძლებლიდან 11,5 ქულა. ნონა გაფრინდაშვილმა პირველი ადგილი დაიკავა მეორე დაფაზე - 9,5 ქულა 12-დან. სათადარიგო მოჭადრაკეებში ნანა იოსელიანი იყო საუკეთესო - 9-დან 7,5.

გაგრძელება იქნება

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117439