ავტოსპორტი

3:39 | 20.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი „მერსედესში“ კიდევ ორი წლით დარჩა

ფორმულა 1-ის ოთხგზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა და „მერსედეს-AMG პეტრონასმა“ ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმეს, რომლის შესაბამისადაც, ბრიტანელი მრბოლი გუნდში 2019 და 2020 წლების სეზონებსაც გაატარებს.

ჰამილტონი „მერსედსის“ გუნდში 2013 წელს გადავიდა. მანამდე 2007 წლიდან „მაკლარენში“ იყო, რომელთან ერთადაც, 2008 წელს ჩემპიონი გახდა. მაშინ ბრიტანული გუნდი „მერსედესის“ ძრავებით ასპარეზობდა. გერმანულ გუნდთან ერთად, ჰამილტონმა სამი ტიტული მოიპოვა და 44 დიდი პრიზის გამარჯვებული (ამჟამად მის ანგარიშზე 61 მოგებული რბოლაა) გახდა. მასზე მეტი რბოლა მხოლოდ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერს აქვს მოგებული.

„კონტრაქტის გაგრძელება ფორმალობა იყო მას შემდეგ, რაც ტოტომ და მე ზამთარშივე შევათანხმეთ პირობები. ახლა კი ჩვენ ფურცელზე ხელმოწერებიც დავტოვეთ, ამის შესახებ გამოვაცხადეთ და ისევ საქმეს დავუბრუნდით. უკვე ოცი წელია, რაც „მერსედესის“ სარბოლო ოჯახის წევრი ვარ და ასე ბედნიერად თავი არასდროს მიგრძვნია. მე მეტის მოგებას და სამქიმიანი ვარსკვლავის კიდევ უფრო გაბრწყინებას ვაპირებ. დარწმუნებული ვარ, რომ „მერსედესი“ მომდევნო წლებშიც საუკეთესო ადგილად დარჩება“, - განაცხადა ჰამილტონმა.

გუნდის შეფმა ტოტო ვოლფმა განაცხადა, რომ კონტრაქტის პირობები საბოლოოდ მხოლოდ ბოლო კვირაში შეთანხმდა, რასაც წინ ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღოდა. „საბოლოო კონტრაქტი ამ კვირაში შევათანხმეთ. არ გვინდოდა, ეს საქმე უსაშველოდ გაგვეწელა. ლუისი ფ1-ის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მრბოლია, რაზეც მისი მიღწევებიც მეტყველებს. მაგრამ მასთან მუშაობისას ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ის მუდმივად განვითარებას ცდილობს, ყოველთვის გუნდური მოთამაშეა და გუნდში ყველას პატივისცემით ეპყრობა. „მერსედესი“ ლუსისითვის სახლად იქცა და მისი ისტორია სწორედ „მერსედეს-AMG პეტრონასის“ ვერცხლისფერ ვარსკვლავთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა ვოლფმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.148605