ფეხბურთი

22:55 | 18.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტორპედო ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა

ქუთაისის “ტორპედო” ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა შინ მოპოვებული ერთბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ტირასპოლში უშანსოდ დამარცხდა.

“შერიფმა” თავიდანვე აქტიურად დაიწყო და პირველ ტაიმში უდიდეს უპირატესობას ფლობდა, რაც ტაბლოზეც აისახა. მასპინძლებმა ანგარიში მალევე გახსნეს, მე-9 წუთზე სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, ბადიბანგამ იყოჩაღა, ერთი მეტოქე ჩამოიშორა და როინ კვასხაძეს ახლო კუთხეში გაუტანა, ხოლო მე-40 წუთზე ჟოალისონს მშვენიერი გადაცემა გაუკეთა და ახლო მანძილიდან გაატანინა.

მოლდოველებმა მეორე ნახევარშიც სწრაფი გოლი გაიტანეს: 55-ე წუთზე ჟოალისონმა ჯარიმა შესანიშნავად დაარტყა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. ამის შემდგომ, “ტორპედო” ანგარიშის შემცირებას შეეცადა და შანსიც ჰქონდა, თუმცა იმერლებმა ამის გაკეთება ვერ მოახერხეს და “შერიფის” გულშემატკივარს ნერვიულობა აღარ მოუწია – 3:0.

შეგახსენებთ, რომ "ტორპედო" გამოსვლას ევროპა ლიგაზე განაგრძობს. იმერლები ერთ კვირაში, "ვიკინგურს" (ფარერები) უმასპინძლებენ.

შერიფი – ტორპედო 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ბადიბანგა (9), 2:0, 3:0 ჟოალისონი (40; 55)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102139