ფეხბურთი

14:12 | 18.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

მომავლის 11 - ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხედვა 2026

18 ივლისს, სასტუმრო „ჰუალინგში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით 28-ე ყრილობა გაიმართა.

ყრილობის მთავარი თემა ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხედვის „მომავლის 11“-ის პრეზენტაცია იყო. სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას „მომავლის 11-ის“ სრულიად ახალი კონცეფცია წარუდგინა, რომლის მთავარი მიზანი სტრატეგიული ნაბიჯებით ფეხბურთის განვითარება და 2026 წლისთვის მომავლის ნაკრების შექმნაა.


აღნიშნულის მისაღწევად ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთის განვითარებისთვის საუკეთესო თერთმეტეული წარმოადგინა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული.

მოთამაშეები არიან: მოხალისეები, მსაჯები, სახელმწიფო მასობრივი ფეხბურთი, მწვრთნელები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ეროვნული ლიგა, მედია, ბიზნეს-სექტორი, გულშემატკივრები და ბავშვთა ფეხბურთი.

პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს - http://f11.ge/

„დღევანდელ კონგრესზე საზოგადოებას ფეხბურთის ფედერაციის ხედვა წარვუდგინეთ, რომელიც იმ მთავარ პრინციპს ეფუძნება, რაც, წარმატების განსაზღვრელია - ეს არის გუნდურობა. ერთობლივი მუშაობა, მაქსიმალური ჩართულობა ერთიანი ძლიერი საუკეთესო თერთმეტეული მომავლის 11-სათვის - სწორედ ესაა ჩვენი გეგმა, ეს არის თითოეული ადამიანი, ვისაც შეუძლია წვლილი შეიტანოს ქართული ფეხბურთის განვითარებაში. ეს ხართ თქვენ ! ამ გუნდში უნდა იპოვოთ თითოეულმა თქვენგანმა საკუთარი თავი., თუკი ქართული ფეხბურთის განვითარება გვინდა,“- აღნიშნა ლევან კობიაშვილმა

„მომავლის 11-ის“ პრეზენტაციის გარდა რიგით 28-ე ყრილობაზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი წლის შემაჯამებელი მოხსენებით წარსდგა, რომლის საშუალებითაც ლევან კობიაშვილმა საზოგადოებას განხორციელებულ პროექტებსა და მიღწეულ შედეგებზე მიაწოდა ინფორმაცია. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა თავის სიტყვაში მასობრივი ფეხბურთისა და ბავშვთა ფეხბურთის, ინფრასტრუქტურის, საფეხბურთო განათლების, სფფ-ის სოციალური პასუხისმგებლობისა და სხვადასხვა მიმართულებებით განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა.

28-ე კონგრესზე საქართველოს გამორჩეული ფეხბურთელები საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად დაჯილდოვდნენ. 1978 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონობიდან 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელებს სიმბოლურად, საჩუქრად 40 000 ლარი გადაეცათ. 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების 30 წლისთავთან დაკავშირებით, ფეხბურთში ერთადერთმა ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გელა კეტაშვილმა სპეციალური პრიზი მიიღო..


ზემო აღნიშნულ საკითხებთან ერთად ყრილობაზე სფფ-ის წესდებაში შესატანი ცვლილებები და 2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა. ასევე დაინიშნა დამოუკიდებელი აუდიტი.

სასტუმრო ჰუალინგში გამართულ ფეხბურთის ფედერაციის ყრილობას საფეხბურთო სფეროს, ბიზნეს სექტორის, სპორტის სამყაროსა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ყრილობაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მსოფლიო ფეხბურთისა და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

GFF.GE

0.113401