ხორვატიის ნაკრების თავდამსხმელმა მარიო მანჯუკიჩმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ისტორიული შედეგი დააფიქსირა. თუმცა, 32 წლის შემტევისთვის სამწუხაროდ, საქმე მხოლოდ დადებით შედეგებს არ ეხება.
მანჯუკიჩი გახდა მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ავტოგოლი გაიტანა. ამასთან, მარიო მეორე ფეხბურთელია მუნდიალის ისტორიაში, რომელმაც ერთ თამაშში ჯერ ავტოგოლი გაიტანა და შემდეგ უკვე მეტოქის კარიც დალაშქრა. პირველად იგივე 1978 წელს, ჰოლანდიელმა ერნი ბრანდსმა გააკეთა იტალიასთან შეხვედრაში.
გარდა ამისა, ხორვატი თავდამსხმელი ისტორიაში მეხუთე ფეხბურთელი გახდა, რომელსაც გოლი გაუტანია როგორც მსოფლიოს ჩემპიონატის, ისე ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მარიომ ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირის ფინალში 2013 და 2017 წლებში შეძლო გატანა. მანამდე იგივე რამ მხოლოდ ფერენც პუშკაშს, ზოლტან შიბორს, გერდ მიულერსა და ზინედინ ზიდანს მოეხერხებინათ.
შეგახსენებთ, ხორვატიის ნაკრებმა მუნდიალის ფინალში საფრანგეთთან 2:4 წააგო. ამ შეხვედრაში ანგარიში სწორედ მანჯუკიჩის ავტოგოლით გაიხსნა, ხოლო საბოლოო ანგარიშიც მისივე გოლით დაფიქსირდა.