ბლოგი

12:48 | 15.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

დღეს საღამოს დავივიწყოთ მასპინძელი და დავტკბეთ ფინალით!

დღეს საღამოს მოსკოვში ფეხბურთის ქომაგებისათვის ის მოხდება, რასაც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ელიან და ელაციცებიან. რომელი საფეხბურთო ნაკრების თავგადაკლული ქომაგიც არ უნდა იყო, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი ის მატჩია, რის ნახვასაც ყველა აუცილებლად თვლის. ანდა ფეხბურთის გულშემატკივრებს საერთოდ არც უნდა ვახსენებდე, როდესაც მუნდიალის ფინალს ისინიც კი უყურებენ, რომლებიც ფეხბურთისაგან მოშორებით დაყუდებულან.

ცუდი და გულსატკენი მაინც ისაა, რომ ეს თამაში მილიონობთ ადამიანისთვის ავადსახსენებელ ქალაქში იმართება და სწორედ ამ ქალაქიდან იმართება ჩვენი პლანეტის მთავარი ბოროტება, რის შედეგსაც საქართველოში, უკრაინაში, სირიაში, მოლდოვაში და დედამიწის სხვა ადგილებზეც ყოველდღიურად ვხედავთ. ისეთ დროს, როდესაც მუნდიალის ჩატარების ადგილზე ვფიქრობთ. ფეხბურთის მთელი სასწაულებრიობა ყველაზე ნაკლებად გვახენდება, მაგრამ ისტორიის მდინარება მაინც სხვა ყველაფერს ჩარეცხავს და დარჩება თამაში, სადაც ერთმანეთს ევროპის ორი ძალიან განსხვავებული საფეხბურთო ფილოსოფია და კულტურა დაუპირისპირდება.

მაინც რა უპირისპირდება ერთმანეთს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალში?

საფრანგეთი - ყოფილი იმპერია და ხორვატია - ყოფილი მეტროპოლია;

საფრანგეთი - რგოლებს შორის საუცხოო ბალანსი და თავდაჯერებულობა. ხორვატია - გამარჯვებისკენ საოცარი სწრაფვა, აღტკინება და თავგანწირულობა.

საფრანგეთი - მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის დიდი გამოცდილება და მუდმივად ჩემპიონობის მაძიებლობა. ხორვატია - წარმოუდგენელი წარმატება და ფინალში პირველად გასვლის სიხარული;

საფრანგეთი - დახვეწილი და ინტელიგენტური დიდიე დეშამი. ხორვატია - ეშმაკი და მოხერხებული ზლადკო დალიჩი.

საფრანგეთი - მუნდიალიდან გასტუმრებული ვარსკვლავმრავალი არგენტინა, ძალიან ძლიერი ურუგვაი და ისტორიაში საუკეთესო ბელგია. ხორვატია - უკან მოტოვებული არგენტინა, კასპერ შმეიხელის დანია, გათავხედებული რუსეთი და ძლივს ფეხზე დამდგარი ინგლისი;

საფრანგეთი - მბაპე, ლორისი და გრიზმანი. ხორვატია - მანჯუკიში, მოდრიჩი და რაკიტიჩი;

საფრანგეთი - ემანუელ მაკრონი, რომელიც იძახის, რომ საფრანგეთის ამ ნაკრების თავიდან დიდად არ ეიმედებოდა, მაგრამ ახლა ყველა ავი ფიქრი და სიტყვა უკან მიაქვს და ოცნებობს, რომ ისტორიაში მეორედ საფრანგეთი მსოფლიოს ჩემპიონი სწორედ მისი საპრეზიდენტო ვადის დროს გახდეს. ხორვატია - თვალსაამოდ შესახედი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, რომელიც რუსეთთან მეთხედფინალური მატჩზე სოჭში რიგითი ქომაგის სტატუსით ჩავიდა და ჩვეულებრივ ხორვატ ქომაგებთან ერთად იზეიმა ნახევარფინალში გასვლა.

ქომაგები ამ ფინალისგან მართლაც ბევრს მოელიან და ყველას გვჯერა, რომ წინა მუნდიალებზე დამკვიდრებული უსახური 1:0-ების ეპოქა დასრულდება. შემტევი ფეხბურთელები ორივე გუნდს რომ დიდებული ყავს - ეს ერთი შეხედვითაც ჩანს.

ერთი სიტყვით, დავივიწყოთ ადგილი, სადაც ფინალი იმართება და გვქონდეს იმედი, რომ დღეს დაწერილი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის ახალი ფურცელი საინტერესო და დაუვიწყერი იქნება!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112713