ფეხბურთი

2:47 | 15.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო თასი მფლობელის მოლოდინში

დღეიდან მსოფლიო ფეხბურთს 4 წლით ახალი მბრძანებელი ეყოლება – საფრანგეთი ან ხორვატია. მოსკოვში, “ლუჟნიკებზე” მუნდიალი 2018 სრულდება და გასარკვევიღა დარჩა მთავარი – ვინ გახდება ჩემპიონი?

საფრანგეთის ნაკრებმა ისტორიაში ერთადერთხელ მოახერხა მწვერვალზე ასვლა და ეს 20 წლის წინ, სამშობლოში შეძლო. მერე იყო კიდევ ერთი ფინალი და მარცხი იტალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში (2006 წელს). ფრანგებმა 2 წლის წინ ევროპის ჩემპიონატის ფინალსაც უწიეს და იქ ფავორიტადაც განიხილებოდნენ. მაგრამ, პარიზში, საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ პორტუგალიის ნაკრებთან დამატებით დროში წააგეს და ვერცხლის მედლით მოუწიათ გულის ჯერება. აი, ხორვატიის ნაკრები კი არამარტო მუნდიალის, არამედ დიდი ტურნირების ფინალში (ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიოს ჩემპიონატი) პირველადაა. შესაბამისად, ბალკანელებს ისტორიის დაწერის დიდებული შანსი აქვთ. და მაინც, ხორვატიამ ისტორია ჯერ კიდევ ორი ათეული წლის წინ დაწერა და ამჯერად კიდევ უფრო განავრცო, მაგრამ მადა ჭამაში მოდისო და, შანსი აქვს ოქროს ასოებით შევიდეს ქვეყნის ისტორიაში.

საფრანგეთის ნაკრები ფინალამდე შეიძლება ითქვას ერთი ამოსუნთქვით მივიდა. ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ დანია ვერ დაამარცხა არაფრის მომცველ შეხვედრაში (0:0), ხოლო პლეი-ოფში სამივე თამაში ძირითად დროში მოიგო. საერთოდაც, ბოლო ორი შეხვედრაა უგო ლორისის კარი ხელუხლებელია. თავის მხრივ, ხორვატიის ნაკრებმა ჯგუფში ყველა თამაში მოიგო, მაგრამ პლეი-ოფი მეტად მძიმედ განვლო. დანია და რუსეთი ოდენ პენალტების სერიაში, ხოლო ინგლისი დამატებით დროში დაამარცხა. სხვათა შორის, ხორვატია გახდა პირველი გუნდი, რომელმაც მუნდიალზე სამჯერ მოიგო დამატებითი დრო. დალიჩის ბიჭებმა ჯამში 90 წუთით (ანუ 1 თამაში) მეტი ითამაშეს, ვიდრე საფრანგეთმა და ფინალამდე 24 საათით ნაკლები დაისვენეს.

ამასობაში დიდიე დეშამს შანსი აქვს მარიო ზაგალოსა და ფრანც ბეკენბაუერის შემდეგ გახდეს მესამე ადამიანი, რომელმაც, როგორც ფეხბურთელის, ისე მწვრთნელის რანგში მოიგო მუნდიალი. დეშამი 20 წლის წინ “მამლების” კაპიტანი იყო. დღევანდელ შეხვედრაში ორივე გუნდი საბრძოლო შემადგენლობითაა. ერთადერთი გამონაკლისი ივან პერიშიჩია, რომელსაც ტრავმა აწუხებს და ამ ეტაპზე არაა გადაწყვეტილი შეძლებს თუ არა თამაშს. ისე კი, 1/2 ფინალის გმირი სავარაუდო შემადგენლობაში ფიგურირებს.

იცით თუ არა, რომ?

საინტერესოა, რომ 2002 წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის ბედი 90 წუთში არ გადაწყვეტილა. ბოლოს ბრაზილიამ მოახერხა ამის გაკეთება, როდესაც გერმანია 2:0 დაამარცხა. ამასთან, 2006 წლის შემდეგ ფინალში ძირითად დროში გოლი არ გასულა. ბოლოს გოლის გატანა იტალიელმა მარკო მატერაციმ სწორედ ფრანგთა კარში მოახერხა. 2010 და 2014 წლებში კი, გამარჯვებული ერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც ყოველთვის დამატებით დროში გადიოდა.

ისტორია

საფრანგეთისა და ხორვატიის ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორედ ხვდებიან ერთმანეთს. პირველად ეს 1998 წელს მოხდა. მაშინ, ნახევარფინალურ სტადიაზე. უგოლო ტაიმის შემდეგ, ხორვატია დავორ შუკერმა დააწინაურა. თუმცა, იმ დღეს საფრანგეთს მხსნელად ლილიან ტურამი მოევლინა, რომელმაც დუბლი შეასრულა, “მამლებმა” 2:1 მოიგეს, ფინალში გავიდნენ და იჩემპიონეს კიდეც, ხოლო ხორვატია სამშობლოში ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდა. სხვათა შორის, ტურამს, რომელიც რეკორდსმენია საფრანგეთის ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით, ეროვნულ გუნდში მხოლოდ ორი გოლი აქვს გატანილი და ორივე ისტორიულ მატჩში ხორვატიას გაუტანა.

ამის შემდეგ იყო კიდევ 4 შეხვედრა და აქედან ოფიციალური მხოლოდ ერთი: 2004 წელს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბალკანელები ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, მაგრამ “სამფეროვნებმა” ქულა მაინც გადაარჩინეს – 2:2. სპარინგებს რაც შეეხება: 1999 წელს საფრანგეთმა 3:0 მოიგო, ხოლო 2000 წელს – 2:0. ბოლო დაპირისპირება 2011 წლის 29 მარტით თარიღდება და გუნდებს გოლი არ გაუტანიათ.

როგორც ხედავთ, 5 მატჩიდან ხორვატია მოუგებელია: 0 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება, 3 გატანილი და 9 გაშვებული გოლი.

დიდიე დეშამი (საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “შესანიშნავი გრძნობაა, როდესაც შეგიძლია ითამაშო პროფესიონალურ ფეხბურთში ყველაზე მაღალი დონის მატჩი. ვიცით, რომ დიდი შანსი გვაქვს და ეს უკვე პრივილეგიაა, მაგრამ ეიფორიაში არ ვიმყოფებით. ეს მხოლოდ კმაყოფილებაა. ახლა მთავარი სამი ელემენტია: სიმშვიდე, ნდობა და კონცენტრაცია. ასეთ შემთხვევაში მზად ვიქნებით.

ორი წლის ფინალისგან განსხვავებული გუნდი გვყავს. 14 ახალი ფეხბურთელიაჩვენს რიგებში. მაშინდელი მარცხი საჭირო იყო დაკარგი გაკვეთილი გამოდგა. ჩვენ ხორვატიის ყველა თამაში ვნახეთ და მეტოქეს კარგად ვიცნობთ.

საფრანგეთი ახალგაზრდული გუნდია, ხორვატია კი გამოცდილი. განსაკუთრებით იმიტომ, რომ მეტოქეს ბევრი ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, რომლებსაც ფინალში თამაშის გამოცდილება გააჩნიათ. თუმცა, ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ გაცილებით გამოცდილ გუნდებთან თამაში შეგვიძლია. ეჭვგარეშეა, რომ მოდრიჩი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომელიც ჭკვიანია და გუნდის თამაშს წარმართავს. მაგრამ ასეთ მატჩებში მთავარი გუნდურობაა და არა ინდივიდუალური ოსტატობა”.

ზლატკო დალიჩი (ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ვართ და ახლა ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ. უნდა გავერთოთ, ვისიამოვნოთ ამ თამაშით, ვიბრძოლოთ და შანსი გამოვიყენოთ. თუ გავიმარჯვებთ, ჩვენზე ამაყი არავინ იქნება. აუცილებლად დავიცავთ საკუთარ ღირსებას.

არ გვეშინია, რადგან უკვე ვიცით, როგორ დავძლიოთ რთული თამაშები მერვედფინალიდან მოყოლებული. ეს უბრალოდ ყველაზე დიდი მატჩი იქნება, რომელიც არასდროს ჩაგვიტარებია. ფსიქოლოგიური პრობლემები არ გაქვს. დარწმუნებული ვარ, თუ ვინმე 100%-ით მზად არ იქნება, ამის შესახებ თავად მეტყვის.

მანჯუკიჩი ნამდვილად ტოპ ფეხბურთელია. მისთვის სხვაობა არ არსებობს ოფიციალურ და ამხანაგურ მატჩებს შორის. არ აქვს პრობლემა ცენტრფორვარდად ითამაშებს თუ ფლანგზე. ის არის ფეხბურთელი, რომელიც მწვრთნელს პრობლემას არასდროს უქმნის და ყველა გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი იქნებოდა”.

სავარაუდო შემადგენლობები:

მოსკოვი, “ლუჟნიკი”

15 ივლისი, 19:00 საათი

საფრანგეთი (4-3-3): ლორისი; პავარი, ვარანი, უმტიტი, ერნანდესი; პოგბა, კანტე, მატუიდი; მბაპე, ჟირუ, გრიზმანი

მწვრთნელი: დიდიე დეშამი

ხორვატია (4-2-3-1): შუბაშიჩი; ვრსალიკო, ლოვრენი, ვიდა, სტრინიჩი; რაკიტიჩი, ბროჟოვიჩი; რებიჩი, მოდრიჩი, პერიშიჩი; მანჯუკიჩი

მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი

მსაჯი: ნესტორ პიტანა (არგენტინა)

0.116282