ლონდონის “ჩელსიმ” იტალიის ნაკრების ნახევარმცველი ჟორჟინიო გაიფორმა. ამის შესახებ ინგლისური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. ჟორჟინიომ “არისტოკრატებთან” კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გააფორმა და 5-ნომრიანი მაისური მოირგო.
26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ “ნაპოლიმ” 65 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო მაურიციო სარის ეპოქაში ეს “ჩელსის” პირველი ტრანსფერია.
“ძალიან გახარებული ვარ, რომ “ჩელსის” ფეხბურთელი მქვია. ადვილი არაა ასეთ დიდ გუნდში მოხვედრა, მაგრამ მე აქ ვარ, ძალიან ბედნიერი. ვითამაშებ შესანიშნავ ჩემპიონატში და გუნდში, რომელსაც ყველა ტიტულის მოგება შეუძლია”, - განაცხადა ჟორჟინიომ.
ბრაზილიური ფესვები მქონე იტალიელი “ნაპოლიში” 2014 წლის იანვრიდან მოყოლებული თამაშობდა და მისი “ჩელსიში” გადაბარგება სარის მოთხოვნით მოხდა. როგორც იტალიური მედია წერს, “არისტოკრატთა” ახალი თავკაცის მორიგი სამიზნეები კიდევ ორი ყოფილი შეგირდი, გონსალო იგუაინი და დანიელე რუგანი არიან.