ქართველო ოძეკი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე ნაგოიას ბაშოს გამოეთიშა. ჩვენებურ სეკიტორის ამ ნაბიჯის გადადგმა იძულებით, ტრავმის გამო მოუწია, რომელიც პარასკევს, ტამავაშისთან შეხვედრაში მიიღო. ლევანს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდა, რომელმაც აჩვენა, რომ მარჯვენა ფეხის თითი აქვს დაზიანებული. ტრავმის მკურანლობას კი 1 თვე სჭირდება.
“ჩემი თითი გასიებულია და მიწაზე ნორმალურად დადგმაც კი მიჭირს. იმედგაცურებული ვარ, ვწუხვარ, გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი. 2-3 დღე ყინულებს დავიდებ და თუ პროგრესი იქნებაბა ბაშოს დავუბრუნდები”, - განაცხადა ტოჩინოშინიმ.
კომენტარი გააკეთა ტოჩის ოჯახის უფროსმა კასუგანომაც:
“სამწუხაროა, მაგრამ ის უბრალოდ საბრძოლო კონდიციებში ვერ იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ბაშოზე არცერთი იოკოძუნა არაა და მას გამარჯვება სურს, ლევანს უბრალოდ ბრძოლა აღარ შეუძლია. მოტეხილობას გადაურჩა და თუ პროგრესი მივიღეთ, ლევანი ბაშოს აუცილებლად დაუბრუნდება”, - განაცხადა კასუგანომ.
აღსანიშნავია, რომ ტოჩინოშინის მიმდინარე ნაგოიას ბაშოზე 6 ბრძოლიდან 5 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული. საბედისწერო სწორედ ტამავაშისთან დაპირისპირება გამოდგა, რომელიც წააგო და თან ტრავმაც მიიღო. 30 წლის ქართველს შანსი ჰქონდა, რომ 2006 წლის შემდეგ (ჰაკუჰოს გამარჯვების მერე) ოძეკის რანგში სადებიუტო ტურნირში გაემარჯვა.