სხვა

20:58 | 13.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ზედიზედ მესამე ევროპირველობაზე გამოვა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ზედიზედ მესამე ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. წყალბურთელთა 33-ე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს ესპანური ბარსელონა, 14-28 ივლისს უმასპინძლებს.

ევროპის ჩემპიონატი “ბერნატ პიკორნელის“ სახელობის საცურაო კომპლექსზე ჩატარდება, რომელიც 1969 წელს გაიხსნა და ამ დრომდე არაერთ პრესტიჟულ შეჯიბრებას, მათშორის ბარსელონას 1992 წლის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა საწყლოსნო სახეობებში. ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე, 16 საუკეთესო ნაკრები ითამაშებს.

საქართველოს ნაკრები, რომელსაც რევაზ ჩომახიძე წვრთნის A-ჯგუფში იასპარეზებს და მეტოქეებად უნგრეთის, იტალიისა და გერმანიის ნაკრებები ეყოლება. აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე წარდგება ქართველი მსაჯი ირაკლი კიკალიშვილი, რომლისთვისაც ეს ევროპირველობა ჩვენი ნაკრების მსგავსად მესამე იქნება. ბარსელონაში დელეგატად იმუშავებს, საქათველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ბითაძე.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური, ჩვენმა ნაკრებმა პლეი ოფში ისრაელის ნაკრების დამარცხებით დაიბევა. საქართველომ ისრაელს ორჯერ სძლია - 12:1 (შინ) და 11:10 (სტუმრად) და 16 საუკეთესოს შორის მესამედ მოიპოვა ადგილი. რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილი გუდნი უძლიერეს ჯგუფში მოხვდა - უნგრეთი ცხრაგზის ოლიმპიური ჩემპიონია, სამ-სამჯერ ვერცხლი და ბრინჯაო აქვს მოპოვებული, ევროპის ჩემპიონატებზე - 12 ოქრო, 6 ვერცხლი, ამდენივე ბრინჯაო, მსოფლიოზე - 3 ოქრო, 7 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ოლიმპიური თამაშები სამჯერ მოიგო იტალიამ , ისინი ბოლოს სწორედ ბარსელონაში, 1992 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გახდნენ ჩემპიონები. ორჯერ ვერცხლისა და სამჯერ ბრინჯაოს მედალს დასჯერდნენ; ევროპაზე - 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 6 ბრინჯაო, მსოფლიოზე კი - 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო ერგოთ. გრანდებთან შედარებით, გერმანიას მოკრძალებული შედეგები აქვს - ისინი შორეულ 1928 წელს გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონები, 2-ჯერ ვერცხლის და ერთხელ ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს. ევროპის ჩემპიონატებზე - 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვეს, მსოფლიოზე კი მხოლოდ ერთხელ გავიდნენ მესამე ადგილზე.

საქართველოს ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე, 2014 წელს ბუდაპეშტში წარდგა და შვიდივე შეხვედრა დათმო. 2016 წელს, ბელგრადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ქართველებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს თურქეთთან (12:11) და 16 გუნდში მე-14 ადგილი დაიკავეს. საქართველოს ნაკრების მიზანი წინა ევროპის ჩემპიონატებზე ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესება და მინიმუმ ორი თამაშის მოგებაა.

ნაკრების ბირთვს ის წყალბურთელები შეადგენენ, რომელთაც ორივე ევროპის ჩემპიონატზე (ბუდაპეშტი, ბელგრადი) ითამაშეს და დიდი გამოცდილებაც დაუგროვდათ. გუნდი გამოცდილი და ახალგაზრდა, ნიჭიერი წყალბურთელების ნაზავს შეადგენს. საინტერესოა, რომ ორივე ევროპირველობაზე, ნაკრების თამაშში დიდ როლს ასრულებდნენ ლეგიონერები, წლევანდელ ჩემპიონატზე კი საქართველოს ნაკრების სახელით მხოლოდ ორი მოთამაშე - მარკო ელაჩა და დამირ ცრეპულია გამოვა. საქართველოს ნაკრებმა დასკვნითი მოსამზადებელი ეტაპი თბილისში გაიარა და საერთაშორისო ტურნირის, მერიის თასის გამარჯვებულიც გახდა. რევაზ ჩომახიძის გუნდმა ყაზახეთის, სლოვაკეთის და თურქეთის ნაკრებები დაამარცხა. ეს ორი უკანასკნელი ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენი გუნდის პოტენციური მეტოქეა. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, უკეთესი ადგილების დასაკავებლად გასამართ ბრძოლაში ჩვენი გუნდი დიდი ალბათობით, რომელიმე მათგანს მაინც შეხვდება. საქართველოს ნაკრები ბარსელონაში 14 ივნისს გაემგზავრება და სასტუმრო “Fira Congress”-ში დაბინავდება. ევროპირველობის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემს.

14-28 ივლისი. ბარსელონა. წყალბურთის ევროპის ჩემპიონატი

A ჯგუფი. უნგრეთი, იტალია, გერმანია, საქართველო
B ჯგუფი: მონტენეგრო, მალტა, საფრანგეთი, ესპანეთი
C ჯგუფი: ხორვატია, თურქეთი, ჰოლანდია, საბერძნეთი
D ჯგუფი: რუსეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი

საქართველოს ნაკრების მატჩები ჯგუფურ ეტაპზე


16 ივლისი
საქართველო - უნგრეთი 17:30 საათი (საზოგადოებრივი მაუწყებელი)

18 ივლისი
გერმანია - საქართველო 14:30 საათი

20 ივლისი
საქართველო - იტალია 17:30 საათი (საზოგადოებრივი მაუწყებელი)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
ნიკოლოზ შუბლაძე (მეკარე); ირაკლი რაზმაძე (მეკარე); ბექა ქავთარაძე; დამირ ცრეპულია; რევაზ იმნაიშვილი; ანდრო ბითაძე; მარკო ელაჩა; ხვიჩა ჯახაია; მიხეილ ბაღათურია; ზურაბ რურუა (კაპიტანი); კონსტანტინე გეგელაშვილი; გიორგი მაგრაქველიძე; გიორგი მესხი;

მთავარი მწვრთნელი: რევაზ ჩომახიძე
მწვრთნელი: გელა ტუკვაძე
მწვრთნელი: თამაზ კუტივაძე
ექიმი: გურამ ადამია
ფიზიოთერაპევტი: გიორგი კუჭაძე

mcs.gov.ge

0.140284