საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “ტორპედო” ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში წარმატებით ჩაერთო. კახა ჩხეტიანის გუნდმა ქუთაისში, მოლდოვის ჩემპიონი “შერიფი” მიიღო და დაამარცხა კიდეც.
შეიძლება ითქვას, რომ ეს მოულოდნელობაც იყო, რადგან ტირასპოლელები წყვილში ფავორიტებად მიიჩნევიან, თუმცა ქუთათურებმა მეოტქეს არაფერი დაუთმეს და მეტიც, გაცილებით კარგი გუნდის შთაბეჭდილებაც დატოვეს. კახა ჩხეტიანმა ძირითად შემადგენლობა ყველა ახალწვეული გაამწესა არფგანგ დაფეს გარდა, რომელიც თავის მხრივ მეორე ტაიმში აქტიურად ჩაერთო თამაშში. ცვლილებები იყო ტაქტიკურ სქემაშიც. მაგალითად, გიორგი ქიმაძე დაცვის ნაცვლად შეტევის ფლანგზე მოქმედებდა და საბოლოოდ, სწორედ ეს გადაადგილება აღმოჩნდა გადამწყვეტი.
შეხვედრა “ტორპედოს” აქტირუობით დაიწყო და რეალური საგოლე მომენტი ლევან კუტალიას ჰქონდა, რომელიც მათე ცინცაძის ჩინებული პასის შედეგად მეკარესთან პირისპირ დარჩა. თუმცა, მასპინძელთა შემტევმა დააყოვნა და საბოლოოდ პასის უკან გაკეთება მოუწია კუხიანიძისთვის, რომელმაც თავის ვერ დაარტყა, დაეცა და მსაჯის სასტვენი დუმდა.
ვერ გაიტან, გაგიტანენო და ზუსტად ასე მოხდა. ორ წუთში თითქოს მოლოდველთაგან ხიფათს არაფერი მოასწავებდა. მაგრამ, როინ კვასხვაძემ ბურთი საკმაოდ სუსტად ამოიტანა, რომელიც ხელთ კაპიჩმა იგდო და საჯარიმოში შეაღწია. ბოსნიელმა ბადიბანგას უპასა და მისი დარტყმული კარის ბადეში აღმოჩნდა. ასე უწყინარ სიტუაციაში ჩამორჩა საქართველოს ჩემპიონი. თუმცა, “ტორპედოს” სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ფარ-ხმალი არ დაუყრია და ამან შედეგი მალევე გამოიღო. გრიგოლ დოლიძემ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა, რომელიც სახიფათო მომენტს არ მოასწავებდა, მაგრამ “შერიფის” მცველი შეცდა და მის ზურგს უკან ჩასაფრებულმა გიორგი ქიმაძემ გათანაბრება მოახერხა. საერთოდ, ქიმაძე, რომელიც მარცხენა მცველია, მაგრამ დღეს ნახევარმცველის პოზიციაზე ირჯებოდა, გამორჩეული იყო “ტორპედოს” რიგებში.
ქუთათურებმა პირველ ტაიმში შეტევები გააგრძელეს და ორჯერ ჰქონდათ წინ გასვლის შანსი. ორჯერვე სტანდარტულის შემდეგ და ორჯერვე ცენტრალური მცველების თავური დარტყმებით – ჯერ აზაცკიმ ააცილა ოდნავ კარს, მერე კობახიძემ. საპასუხოდ, მოდლოვის ჩემპიონი დიდად სახიფათოდ ვერ უტევდა და ტაიმიც ასე გასრულდა – 1:1.
მეორე ნახევარიც პირველის მსგავსად დაიწყო – რეალური საგოლე მომენტების გარეშე. მეორე ნახევრის შუაწელს კი, “ტორპედომ” დაწინაურებაც მოახერხა. ისევ ქიმაძე იყო აქტიური, რომელმაც კვლავ ისარგებლა “შერიფის” ცენტრალური მცველების უყურადღებოდ და კრიტიკული თამაშით. მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და მოატყუა, ცარიელ კარში გატანა არ გაუჭირდებოდა, მაგრამ მოლდოველთა კარის დარაჯმა მიკულიჩმა წააქცია და ყველაფერი ნათელი იყო – თერთმეტმეტრიანი. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი კი, გოლად გიორგი კუხიანიძემ აუღელვებლად აქცია – 2:1.
აქედან მოყოლებული ბურთს “შერიფი” აკონტროლებდა, მაგრამ “ტორეპდო” თავის დაცვას კარგად ახერხებდა და სტუმრებს სახიფათო მომენტი არც შეუქმნიათ. საპსუხოდ კი, არფგანგ დაფეს აქტიურობას კუხიანიძის შორეული და სახიფატო დარტყმა მოჰყვა თამაში მიწურულს, რომელიც მიკულიჩმა დიდი ძალისხმევის შედეგად მოიგერია და საკუთარი გუნდის მესამე გოლისგან იხსნა. მსაჯმა შეხვედრას 5 წუთი დაამატა და ზედ ბოლო წუთზე “ტორპედოს” საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, მაგრამ საბოლოდო, ყველაფერი კარგად დასრულდა და საქართველოს ჩემპიონმა მოიგო.
მოიგო, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერია. “ტორპედოს” მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ზუსტად ერთი კვირის თავზე, ტირასპოლში მოუწევს.
“ტორპედო” – “შერიფი” 2:1 (1:1)
ქუთაისი, “რამაზ შენგელია”
მაყურებელი: 7 500
“ტორპედო” (4-3-3): კვასხვაძე; გეგეჭკორი, კობახიძე (ხურცილავა 80), აზაცკი, მარინი; გლინკა, კუჭუხიძე, ცინცაძე; დოლიძე (დაფე 62), კუტალია, ქიმაძე (ტუღუში 77)
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
“შერიფი” (4-2-3-1): მიკულიჩი; შუშიჩი, კოვაჩევიჩი, კულუშიჩი, კრისტიანო; პალიჩი, კენდიში; როდრიგესი (ბოისიუსი 78), კაპიჩი (ჯო სანტოსი 67), ბადიბანგა; კამარა
მწვრთნელი: გორან საბლიჩი
გოლები: 0:1 ბადიბანგა (14), 1:1 ქიმაძე (24), 2:1 კუხიანიძე (54, პენ)
გაფრთხილება: დაფე (90) – კულუშიჩი (52), მიკულიჩი (63)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (4) – 13 (4) კუთხურები: 1:6 თამაშგარე: 0:7
მსაჯი: ალექსანდარს გოლუბევსი (ლიეტუვა)