საქართველოს ეროვნული ლიგის პირველი წრე დასრულდა. დღეს, სამი შეხვედრა გაიმართა, რომელთაგანაც ორში დიდი სხვაობა დაფიქსირდა. ტურის ცენტრალური მატჩი თბილისში შედგა, სადაც “დინამომ” “დილას” უმასპინძლა.
გორელებს შანსი ჰქონდათ, რომ გამარჯვების შემთხვევაში პირველი წრე მეორე ადგილზე დაესრულებინა, მაგრამ გიორგი დარასელიას გუნდმა მიმდინარე სეზონში ყველაზე ცუდი 90 წუთი ჩაატარა და უშუალო კონკურენტთან განადგურდა. “დინამო” თბილისი მეტოქეს მთელი თამაში აღემატებოდა და შედეგიც ლოგიკური იყო. ყველაფერი პირველ ტაიმში გადაწყდა, კახა კაჭარავას გუნდი ანტრაქტამდე ოთხბურთიანი უპირატესობით გავიდა და მეორე ნახევარიც ფორმალობა გახდა. თბილისელთა რიგებში დუბლი გაიფორმეს ბუდუ ზივზივაძემ და ოთარ კიტეიშვილმა, ხოლო ლაშა თოთაძემ მოედანი უგოლოდ ამჯერადაც არ დატოვა. ამრიგად, “დინამომ” ევროპა ლიგამდე კარგი ხასიათი შეიქმნა და ახლა წინ სეზონის მთავარი მატჩია. იქამდე კი, “დინამომ” პირველი წრე მეორე ადგილზე დაასრულა და ლიდერ “საბურთალოს” 5 ქულით ჩამორჩება. იქვეა “დილაც”, თუმცა გორელების ჩამორჩენა ლიდერთან გაცილებით სოლიდურია – 9 ქულა.
იგივე სიტუაციაშია საჩხერის “ჩიხურა”, რომელმაც ევროტურნირებამდე ბოლნისის “სიონის” დამარცხებით გამოიკეთა ხასიათი. იმერლებსაც არ ჰქონიათ პრობლემები და მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს. საჩხერელთა რიგებში ირაკლი ლექვთაძე გამოირჩა, რომელსაც დიდებული მატჩი ჰქონდა - ჰეთ-თრიქი გაიფორმა. “ჩიხურამ” პირველი წრე ევროზონაში დაასრულა და შეიძლება სეზონის ეს მონაკვეთი მისთვის დადებითად შეფასდეს.
და ბოლოს, დაზავდნენ “ლოკომოტივი” და “რუსთავი”. სტუმრები გუნდში დაბრუნებული დათა სიჭინავას გოლით იგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში “რკინიგზელთა” ფორვარდმა მამია გავაშელიშვილმა გაათანაბრა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
ეროვნულ ლიგაში ერთთვიანი პაუზაა და სეზონი 3 აგვისტოს განახლდება. შუალედში “ტორპედოს”, “დინამოს”, “სამტრედიასა” და “ჩიხურას” ევროტურნირებზე მოუწევთ თამაში.
“დინამო” – “დილა” 5:0 (4:0)
გოლები: 1:0 კიტეიშვილი (15), 2:0 თოთაძე (22), 3:0 ზივზივაძე (26), 4:0 კიტეიშვილი (39), 5:0 ზივზივაძე (59)
“ჩიხურა” – “სიონი” 4:0 (2:0)
გოლები: 1:0 ლექვთაძე (4), 2:0 ლექვთაძე (24), 3:0 ლექვთაძე (64), 4:0 ბუღრიძე (73)
“ლოკომოტივი” – “რუსთავი” 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 სიჭინავა (45), 1:1 გავაშელიშვილი (68)