საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მეორე ადგილზე დაასრულა პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპი. ნოდარ აკობიას გაწვრთნილ საქართველოს ელიტ-რაუნდის საგზური განაღდებული ჰქონდა და ბოლო ტურში, ჰოლანდიასთან უკეთ უნდა გამოჩენილიყო გუნდის რეალური პოტენციალი. თუმცა, ფარერებთან და სან მარინოსთანაც ნანახმაც ვერაფრით მოგვხიბლა - ეს ნაკრები წინამორბედ 17-წლამდელებს ჩამორჩება.
ჰოლანდიასთან უკვე ვერაფერი გააწყვეს ქართველებმა. მინდორზე ორი სხვადასხვა დონის ნაკრები იყო. წაგება წაგებად და ვერაფრით ხერხდებოდა დალაგებული კომბინაცია, აჩქარება, რაიმე ღირებულის შექმნა. გასაგებია, რომ საქმე გვაქვს ჰოლანდიასთან, იქ სულ სხვა სისტემაა ბავშვების აღზრდისა. თუმცა ისიც სათქმელია, რომ ნოდარ აკობია ამ ნაკრებთან, კარგა ხანია, მუშაობს და წესით, უკეთესად მომზადებული გუნდი უნდა ჰყავდეს.
მე-4 წუთზე ქართველთა ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ნიკა ლაშხია დაშავდა და შესაცვლელი გახდა – მხრით უხერხულად დაეცა მინდორზე. მე-10 წუთზე ჰოლანდიამ პირველი ხიფათი შექმნა და ოთო გოშაძემ პირისპირ გასულ ვალიანს აუღო. სტუმრები გაცილებით მარტივად, კომბინაციურად თამაშობდნენ და იოლად პოულობდნენ სივრცეებს. 26-ე წუთზე კი მარლონ სლაბკურნმა სოლო-გოლი მიითვალა, კერძოდ, ორ მცველს გასცდა და საჯარიმოში შესულმა ტექნიკური, რბილი დარტყმით შორეულ კუთხეში გაუტანა გოშაძეს – 0:1.
ქართველებს მთელი 80 წუთის განმავლობაში არ ჰქონიათ რეალური მომენტი, ჰოლანდიელებს კი სამ-ოთხჯერ შეეძლოთ გატანა.
22. 10.2013. თბილისი. "მიხეილ მესხი". 1500 მაყურებელი
საქართველო – ჰოლანდია 0:1 (0:1)
საქართველო: გოშაძე, ქობულაძე, კაკიაშვილი, კაციტაძე, ნადარაია, კომახიძე, მამუჩაშვილი, მიქელთაძე (მიქელთაძე 60), ბიძინაშვილი (ქორიძე 41), ლაშხია (ბერიძე 4), ჯობავა.
მწვრთნელი: ნოდარ აკობია.
ჰოლანდია: ვან ბიდერენი, ვეენდორპი, ვერდონკი, ვერლო, ვან დე ბეკი, შურმანი (ვან დერ მუტი 54), სლაბკურნი, ბერენშტაინი (ოვობოვალე 60), ნური, ავესტი, ვალიანი (ვან ჰაარენი 54).
მწვრთნელი: მარტენ სტეკელენბურგი.
გოლები: 0:1 სლაბკურნი (26).
გაფრთხილება: ჯობავა (45), ქორიძე (56), ვერდონკი (67).
მსაჯი: ჰარკმი (ავსტრია).
ჯგუფის პარალელურ მატჩში ფარერებმა 1:0 სძლია სან-მარინოს და მესამე ადგილზე გავიდა.
საბოლოო ცხრილი
ჰოლანდია 3 3 0 0 17:0 9
საქართველო 3 2 0 1 5:2 6
ფარერები 3 1 0 2 1:6 3
სან მარინო 3 0 0 3 1:16 0