ფეხბურთი

1:05 | 3.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეშმაკური ზღაპარი (+VIDEO)

მსოფლიოს ჩემპიონატზე თითქმის ამოსული მზე მზე ბოლოს მაინც ჩავიდა. იაპონიის ნაკრებმა მეტად დრამატულ და დაძაბულ შეხვედრაში მარცხი განიცადა და მუნდიალი დატოვა. ადამიანურად ცოდვა იყო აზიური ნაკრები ასეთი წაგებისთვის. არადა, აკირა ნიშინოს გუნდმა ტოლი არაფერში დაუდო მრისხანე მეტოქეს, მავანთა მიერ თავიდანვე მეოთხედფინალისტად შერაცხულ ბელგიას.

იაპონიის ნაკრები ძალზე კომპაქტურად და გააზრებულად უპირისპირდებოდა მეტოქეს. ასე იყო პიველ წუთზე და ასე იყო ბოლო წუთზეც. საინტერესოა, რომ იაპოანიაზე ნამდვილად ვერ ვიტყვით იმას, რომ მთელი გუნდით თავს იცავდა. არა ბატონო, ასე არ ყოფილა და შეიძლება ითქვას, ამან დაღუპა კიდეც.

პირველი ტაიმი უგოლო გამოდგა. ბელგია ფლობდა უპირატესობას, მაგრამ იაპონია თავს იმდენად კარგად იცავდა, რომ რეალური საფრთხე ევროპელებმა ვერ შექმნეს. შიგადაშიგ აზიელებიც იცლიდნენ წინ წასავლელად და თავის შანსს ეძებდნენ. არ გამოვიდა. თუმცა, გამოვიდა მეორე ტაიმში და თანაც მალევე, თანაც ორჯერ.

აკირა ნიშინოს გუნდი გენკი ჰარაგუჩიმ დააწინაურა. იაპონიის ნაკრების სწრაფი შეტევის შედეგად მარჯვენა შემტევი მეკარესთან პირისპირ, თუმცა მახვილი კუთხიდან აღმოჩნდა და შეასრულა – 0:1. გავიდა 4 წუთი და ტაკაში ინუიმ ფანტასტიკური გოლი გაიტანა. საჯარიმოს მისადგომებიდან იაპონელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ისეთი გაისროლა და იმდენად ზუსტად, რომ ტიბო კურტუას უბრალოდ შანსი არ ჰქონია – 0:2.

ეს უკვე ბელგიელთა სრულ კატასტროფას ნიშნავდა. თანაც, იაპონია არ ჩანდა გუნდი, რომლის დაცვა ადვილად დაიშლებოდა. არც დაშლილა, უბრალოდ რობერტო მარტინესმა სწორად გათვალა. ესპანელის დროულმა და ჭკვიანურმა ცვლილებებმა და თამაშის გადაწყობამ ყველაფერი შეცვალა. თავდაპირველად ის ვთქვათ, რომ ბელგია მიხვდა, თავისი ბედი მეორე სართულზე უნდა მოეძებნა, რადგან სიმაღლეში ბელგია ფლობდა საგრძნობ უპირატესობას. ამიტომაც, მოედანზე მარუან ფელაინის უხმო. მასთან ერთად თამაშში ჩაერთო ნასერ შადლი და სწორედ ისინი გახნდნენ მატჩის გმირები.

ჯერ იყო და იან ვერტონგენმა თავით საოცარი გოლი შეაგდო და სხვაობა შეამცირა, ხოლო 5 წუთში ედენ აზარის კარგი ჩაწოდების შედეგად ფელაინიმ გაათანაბრა – 2:2. ორი გოლი და ორივე თავით. ესეც ბელგიელთა სწორი მიგნება. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიამ სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო, არ გატყდა და არც დაცვაში გამაგრებულა. მეტიც, როგორც შეეძლო ისე უტევდა. კეისუკე ჰონდას ბოლო მომენტში მცველმა დაუფარა, ხოლო კურტუამ ვისტელი ავტოგოლისგან იხსნა. თავის მხრივ, ეიჯი კავაშიმამ შადლისა და ლუკაკუს თავურებზე კარგი რეაქცია გამოავლინა. მსაჯმა ძირითად დროს 4 წუთი წაამატა და ბოლო დამატებულ წუთზე, როდესაც ყველა დამატებით 30 წუთისთვის ემზადებოდა, იაპონიამ 35 მეტრიდან სტანდარტის შესრულების უფლება მიიღო. ვიცით, რომ ჰონდას წერტილი იყო და ისიც ვიცით, რომ ექსმილანელი სტანდარტულებს კარგად ასრულებს. შეასრულა კიდეც, კურტუამ კუთხიდან რის ვაი-ვაგლახით გამოაძრო ბურთი და კუთხურზე მოიგერია. ჰონდამ კუთხურიც მოაწოდა, მაგრამ ცუდად, კურტუას ნადავლი აღმოჩნდა ბურთი. 4 წუთი ამოწურული იყო, მაგრამ კურტუამ დე ბრუინი მოძებნა, რომელმაც უსწრაფესი კონტრშეტევა წამოიწყო, ტომას მუნიე მოძებნა ფლანგზე, რომელიც უკვე მეტოქის საჯარიმოს უახლოვდებოდა და სწორედ იქ გააკეთა გადაცემა – ლუკაკუმ გაატარა და იქ ნასერ შადლი იყო ლამის ცარიელ კართან – 3:2. ასე, ზღაპარში მოიგეს “წითელმა ეშმაკებმა”. იაპონიას კი, ალბათ ჯერაც ვერ დაუჯერებია, რომ მუნდიალი დატოვა. თუმცა, რეალობა ასეთია და იაპონიის ნაკრები ქება-დიდებას ცალსახად და ალალად იმსახურებს. რას იზამ, ფეხბურთი ასეთია – ორიდან ერთი გუნდი ყოველთვის დამარცხებული გამოდის თამაშიდან, თორემ დღეს არავის წაუგია, პირიქით, ორივემ მოიგო და მოიგო ფეხბურთმა!

ბელგიის ნაკრები რჩება პლანეტის პირველობაზე. წინ მეოთხედფინალია, მეოთხედფინალი ბრაზილიის ნაკრებთან. სხვათა შორის, ბელგია 1970 წლის შემდეგ გახდა პირველი გუნდი, რომელმაც მუნდიალის პლეი-ოფში შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხა, როდესაც თამაშს 0:2 აგებდა. 1966 წლიდან დღემდე კი, პირველად მოხდა, რომ ორბურთიანი ჩამორჩენა ძირითად დროში იქნა აღმოფხვრილი...

ბელგია – იაპონია 3:2 (0:0) VIDEO

როსტოვი, “როსტოვ არენა”

მაყურებელი: 41 466

ბელგია (3-4-2-1): კურტუა; ალდერვეილდი, კომპანი, ვერტონგენი; მუნიე, დე ბრუინი, ვიტსელი, ფერეირა-კარასკო (შადლი 65); მერტენსი (ფელაინი 65), ე. აზარი; ლუკაკუ

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

იაპონია (4-2-3-1): კავაშიმა; ჰ. საკაი, იოშიდა, შოჯი, ნაგატომო; შიბასაკი (იამაგუჩი 81), ჰასებე; ჰარაგუჩი (ჰონდა 81), კაგავა, ინუი; ოსაკო

მწვრთნელი: აკირა ნიშინო

გოლები: 0:1 ჰარაგუჩი (48), 0:2 ინუი (52), 1:2 ვერტონგენი (69), 2:2 ფელაინი (74), 3:2 შადლი (90)

გაფრთხილება: შიბასაკი (40)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 24 (8) – 11 (4) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 10:6 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: მალანგ დიდო (სენეგალი)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ედენ აზარი (ბელგია)

0.174435