სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

20:55 | 2.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ეტაპზეა!

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ილიას ზუროსის გუნდმა G ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში თბილისში, ავსტრიის ნაკრები პრობლმების გარეშე დაამარცხა – 98:73.

შედეგად, საქართველომ ქვეჯგუფი 2 მოგებითა და 4 წაგებით დაასრულა, რაც მესამე ადგილის დასაკავებლად საკმარისი გამოდგა, ხოლო ეს მეორე ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება იძლევა.

დღეს კი, ქართველმა კალათბურთელებმა სერბეთთან მტივნეული მარცხის შემდეგ რეაბილიტირება სრულად მოახერხეს და მეტოქესთან შედარებით თავისი სიძლიერე ეჭვქვეშ წუთითაც არ დაუყენებიათ. მასპინძლებმა საქმეს სერიოზულად ხელი თავიდანვე მიყვეს და თორნიკე შენგელიას ლიდერობით საქართველომ პირველივე პერიოდის შემდეგ მოიპოვა, ტემპი მეორე მეოთხედშიც არ დაუგდია და დიდ შესვენებაზე 17-ქულიანი უპირატესობით გავიდა.

ბუნებრივია, ყველა ხვდებოდა, რომ მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო და შეხვედრამ ფაქტობრივად ამხანაგური ხასიათი მიიღო. ამიტომაც, მეორე ტაიმში ილიას ზუროსმა მატჩის საუკეთესო მოთამაშე შენგელია დიდად არ დატვირთა. არადა, “თოკომოტივმა” პირველ ნახევარში 22 ქულა გაახერხა და მის წინააღმდეგ ავსტრიელ კალათბურთელებს თამაში ძალიან უჭირდათ.

საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა მეორე ტაიმშიც გაიმყარა და პრობლემების გარეშე იმარჯვა. საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია, რომელმაც 29 წუთში ორმაგი დუბლი გაიფორმა: 24 ქულა, 12 მოხსნა, 6 პასი, 3 ჩაჭრა და მარგი ქმედების 34 კოეფიციენტი.

გოგა ბითაძემ 15 ქულა და 6 მოხსნა შესძინა გუნდს, ასევე 15 ქულით დაასრულა შეხვედრა დუდა სანაძემ, ხოლო გიორგი ცინცაძემ და ტად მაკფადენმა 14-14 ქულამოიხვეჭეს. უქულოდ არ დაუსრულებია შეხვედრა 17 წლის რატი ანდრონიკაშვილს ამჯერადაც, რომელმაც 3 წუთში 2 ქულა ჩააგდო.

საქართველოს ნაკრები მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე L ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები ისევ იქნებიან სერბეთი და გერმანია. ამასთან კიდევ სამი გუნდი, რომელთაგან ჯერ ერთია ცნობილი – საბერძნეთი. ამ ჯგუფში ბოლო ტურის მატჩები დღეს გაიმართება და დიდი ალბათობით შემდეგ ეტაპზე ისრაელი და ესტონეთი გავლენ. შესაბამისად, სწორედ ასეთი იქნება საქართველოს ნაკრების ჯგუფი: სერბეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისრაელი, ესტონეთი. აქვე იმასაც გეტყვით, რომ გუნდებს პირველ ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები შედეგები გადაჰყვებათ და მეორე ჯგუფურ ეტაპზე 6 თამაშს ჩაატარებენ (სახლი-გასვლის სისტემით) იმ გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც პირველ ჯგუფურ ეტაპზე არ იყვნენ მეტოქეები. ვინადაინ, საქართველოს სერბეთთან და გერმანიასთან ჯამში განცდილი 4 მარცხი გადაჰყვა, ეს ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსს ძალზე ამცირებს. თუმცა, ვნახოთ, უიმედო მდგომარეობაში ყოფნა არ ივარგებს და 6 მატჩი ჯერ კიდევ წინაა.

შესარჩევი ეტაპი მიმდინარე წლის 13 სექტემბერს დაიწყება და 2019 წლის 24 თებერვალს დასრულდება. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე კი, სამი გუნდი გავა.

საქართველო – ავსტრია 98:73 (26:18, 25:15, 25:19, 22:21)

მატჩის სტატისტიკა

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.136324