დღეს, მსოფლიოს ჩემპიონატის რიგით მეექვსე მერვედფინალურ მატჩში ბელგია და იაპონია დაუპირისპირდებიან. წყვილს აშკარა ფავორიტი ჰყავს ევროპელთა სახით, რადგან ბელგია საერთოდ ტურნირზე მიიჩნევა ერთ-ერთ ფავორიტად.
ბელგიელებმა ქვეჯგუფში სამივე თამაში მოიგეს და ლაღი ფეხბურთიც აჩვენეს. იაპონიისთვის კი, ეს ეტაპიც დიდი წარმატებაა. საინტერესოა, რომ აზიელებმა ჯგუფში სენეგალის ნაკრებს მხოლოდ და მხოლოდ უფრო ნაკლები ყვითელი ბარათების წყალობით აჯობეს.
ისტორია
ბელგია და იაპონია აქამდე ხუთჯერ შეხვედრილან ერთმანეთს. უპირატესობას აზიელები ფლობენ, რომლებმაც 2009 და 2013 წლებში ორჯერ მოიგეს სპარინგში (4:0 და 3:2). თავის მხრივ ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა (1999 და 2002 წლებში), ხოლო ბელგიამ ერთადერთი მატჩი მოიგო. ეს, ახლახან, 2017 წლის 14 ნოემბერს მოხდა, როდესაც ამხანაგურ თამაშში “წითელმა ეშმაკებმა” რომელუ ლუკაკუს გოლით მიაღწიეს წარმატებას.
წინა 5 თამაშიდან 1 იყო ოფიციალური. 2002 წლის მუნდიალზე ეს გუნდები ერთ ქვეჯგუფში იყვნენ. იაპონია საკუთარი კედლების უპირატესობით სარგებლობდა, მაგრამ მეტოქე მაინც ვერ დაამარცხა – 2:2.
გაყვითლებული ფეხბურთელები
ტომას მუნიე, იან ვერტონგენი, კევნ დე ბრუინი, იური ტილემანსი და ლეანდერ დენდოკერი ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში მეოთხედფინალს გამოტოვებენ. იაპონელთა რიგებში იგივე საფრთხის წინაშე კავაშიმა, ჰასებე, მაკინო და ტაკაში ინუი დგანან.
სავარაუდო შემადგენლობა:
ბელგია (3-4-3): კურტუა; ალდერვეირელდი, კომპანი, ვერტონგენი; მუნიე, დე ბრუინი, ვიტსელი, ფერეირა-კარასკო; მერტენსი, ლუკაკუ, აზარი
იაპონია (4-2-3-1): კავაშიმა; ჰ. საკაი, იოშიდა, შოჯი, ნაგატომო; ჰასებე, შიბასაკი; ჰარაგუჩი, კაგავა, ინუი; ოსაკო
მსაჯი: მალანგ დიედიოუ (სენეგალი)