ორი აზრი არაა, ეს იყო მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის 49-ე და საუკეთესო შეხვედრა! საფრანგეთმა და არგენტინამ 90 წუთში მოედანზე დახატეს, საფრანგეთმა და არგენტინამ უალამზესი, დრამატული ფეხბურთი აჩვენეს და დიდი ეჭვი გვაქვს, ფეხბურთის მრავალრიცხოვან ქომაგთა არმია ამ მატჩის შემდეგ ერთი-ორად გაიზარდა.
მუნდიალზე ასპარეზობას კი საფრანგეთი გააგრძელებს, ლეო მესი დამარცხდა. ლეო მესის არ ჰყავდა გვერდით ისეთი თანაგუნდელები, როგორებიც ჰყავდა თუნდაც კილიან მბაპეს, რომელმაც დღეს იფრინა დ არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაიფრინა.
ფრანგთა ათიანის გაჩერება რომ რთული იქნებოდა, მე-12 წუთზე დამტკიცდა, როდესაც ლამის 60 მეტრი გაირბინა ისე, რომ ხელი ვერავინ შეუშალა. მარკოს როხოსაც სხვა გზა მოეჭრა, საჯარიმოში წააქცია და გრიზმანმა პენალტით გახსნა ანგარიში. მერე ფრანგები დამშვიდნენ და დაისაჯნენ. 32 მეტრიდან ანხელ დი მარიამ გაისროლა და მიმდინარე მუნდიალზე ყველაზე შორი დისტანციიდან გოლის ავტორი შეიქნა. ანხელმა ზედიზედ მეორე მერვედფინალში შეძლო გატანა (2014 წელს, შვეიცარიასთან). კიდევ უფრო დიდებული სანახავი გამოვიდა მეორე ტაიმი.
გოლების აღწერით თავს ვერ შეგაწხენთ, არ მეგულება ფეხბურთის გურმანი, ვისაც ეს თამაში არ უნახავს: თუმცა, გაბრიელ მერკადოს გოლით “ალბისელესტე” მეორე ტაიმის სტარტზევე დაწინაურდა. და მერე იყო საფრანგეთი – ჯერ იყო ბენჟამენ პავარი და მერე – კილიან მბაპე.
პავარმა ტურნირის ალბათ ულამაზესი გოლი გაიტანა. მბაპემ ტურნირის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, დუბლი შეასრულა. ჯერ როგორ ეშმაკურად და დროულად დაუსხტლა მცველებს, მერე პირისპირ დარჩა მეკარესთან და აბა, შანსს ხელიდან გაუშვებდა?
არგენტინა არ დანებებულა. არც სამპაოლი დანებდა, რომელმაც პაულო დიბალა და გონსალო იგუაინი არ ჩართო თამაშში, სამაგიეროდ, მაქსიმილიანო მესა ისევ დაასაქმა და მესამაც მადლობა გადაუხადა. თუმცა ამაზე ბოლოს. მანამდე იყო ლეო მესის ლამაზი პასი და კუნ აგუეროს გოლი. მესი პირველი არგენტინელი ფეხბურთელი გახდა 1986 წლის შემდეგ, რომელმაც ერთ თამაშში ორი საგოლე პასი გააკეთა. ბოლოს იგივე დიეგო მარადონამ სამხრეთ კორეასთან გააკეთეა. აგუეროს გოლი მსაჯის მეორე დამატებულ წუთზე გავიდა – 4:3. 2 წუთი რჩებოდა და არგენტინამ მოასწრო ერთი შეტევა, მესას, მაქსიმილიანო მესას შეეძლო გატანა, მაგრამ ბურთს ფეხი ფეხბურთელივით ვერ დაუხვედრა და თამაშიც დამთავრდა. არამარტო თამაში, არგენტინა დასრულდა 2018 წლის მუნდიალზე. დიდი ალბათობით, ხორხე სამპაოლიც დასრულდა არგენტინის ნაკრებში. ჰო, რა საინტერესოა – არგენტინამ თავის ისტორიაში პირველად წააგო მატჩი, რომელშიც 3 (ან მეტი) გოლი გაიტანა... რას იზამ, არგენტინას ამ ჩემპიონატზე არც დაცვა ჰყოლია, არც ნახევარდაცვა და არც მეკარე. სხვათა შორის, “მამლებმა” კარში ოთხჯერ დაარტყეს და არმანი ვერცერთ დარტყმას აღუდგა. ისე, სტატისტიკურ მონაცემებში არგენტინამ აჯობა მეტოქეს, მაგრამ დღეს გუნდურად საფრანგეთი ირჯებოდა, არგენტინას კი გუნდურად თამაში უბრალოდ არ შეეძლო.
კილიან მბაპე პირველი თინეიჯერი ფეხბურთელი გახდა 1958 წლის შემდეგ, რომელმაც მუნდიალის პლეი-ოფში ორი გოლი გაიტანა. იცით ბოლოს იგივე ვინ გააკეთა? – პელემ!
ლეო მესი მეოთხე მუნდიალს დაემშვიდობა თასის გარეშე. რეალურად რომ ვთქვათ, ეს ყველაზე ცუდი არგენტინა იყო, რომელშიც მესის უთამაშია და შესაბამისად, დიდად გასაკვირი არც არაფერი მომხდარა.
დიდიე დეშამმა ხორხე სამპაოლის დუელი მოუგო, საფრანგეთმა თავისი შანსიდან მაქსიმუმი გამოადნო და “ალბისელესტე” ოფიციალური მატჩების ეგიდით ისტორიაში პირველად დაამარცხა. “მამლები” რჩებიან მუნდიალზე თავის მეტოქეს ელოდებიან. რომელი იქნება ეს, ცოტა ხანში გავიგებთ: ურუგვაი ან პორტუგალია.
ბოლოსკენ იმის თქმას შეიძლება, რომ ეს იყო თამაში, რომელსაც მუნდიალის მდიდარ მატიანეში თავისი ადგილი აუცილებლად მოეძებნება. და, რომელსაც ისტორია ვერასდროს ვერაფერს დააკლებს! ეს იყო ფეხბურთის ზეიმი...
საფრანგეთი – არგენტინა 4:3 (1:1) VIDEO
ყაზანი, “ყაზან არენა”
მაყურებელი: 42 873
საფრანგეთი (4-3-3): ლორისი; პავარი, ვარანი, უმტიტი, ერნანდესი; პოგბა, კანტე, მატუიდი (ტოლისო 75); გრიზმანი (ფეკირი 83), ჟირუ, მბაპე (ტოვინი 89)
მწვრთნელი: დიდიე დეშამი
არგენტინა (4-3-3): არმანი; მერკადო, ოტამენდი, როხო (ფაციო 46), ტალიაფიკო; პერესი (აგუერო 66), მასკერანო, ბანეგა; პავონი (მესა 75), მესი, დი მარია
მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი
გოლები: 1:0 გრიზმანი (13, პენ), 1:1 დი მარია (41), 1:2 მერკადო (48), 2:2 პავარი (57), 3:2 მბაპე (64), 4:2 მბაპე (68), 4:3 აგუერო (90)
გაფრთხილება: მატუიდი (72), პავარი (73), ჟირუ (90) – როხო (11), ტალიაფიკო (19), მასკერანო (43), ბანეგა (50), ოტამენდი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 9 (4) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 0:4 თამაშგარე: 0:1
მსაჯი: ალირეზა ფაგანი (ირანი)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კილიან მბაპე (საფრანგეთი)