მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპი დაიწყო. ამ წუთებში ცენტრალური მატჩი მიმდინარეობს ყაზანში, სადაც საფრანგეთის ნაკრები არგენტინას უპირისპირდება. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში თანაბარია - 1:1.
სანახაობრივი ტაიმი გამოვიდა, რომელსაც არც ლამაზი ეპიზოდები აკლდა. საწყის წუთებში ფრანგები უკეთ ირჯებოდნენ და მალევე დაწინაურდნენ. თუმცა, იქამდე იყო ანტუან გრიზმანის მაგარი ჯარიმა, რომელიც ხარიხამ აისხლიტა. მე-12 წუთზე კი, კილიან მბაპემ ბურთი საკუთარ ნახევარზე მოიხელთა, მარტომ იარა მეტოქის საჯარიმომდე და არგენტინამ ის ვერ შეაჩერა. ამის გაკეთება მხოლოდ და მხოლოდ მარკოს როხომ შეძლო და ისიც წესის დარღვევით. პენალტი გრიზმანმა გაიტანა.
საფრანგეთი ტერიტორიულ უპირატესობას ისევ ფლობდა, თუმცა ეგ იყო, საგოლე მომენტებს ვეღარ ქმნიდა. არგენტინა კი შეტევაში სახიფათოდ თამაშს ვერ ახერხებდა, ვერც მესი იყო აქტიური და ბურთთან იშვიათი კონტაქტით გამოირჩა. მიუხედავად ამისა, ტაიმის მიწურულს "ალბისელესტემ" გაათანაბრა. ეს მთლიანად ანხელ დი მარიას დამსახურებით მოხდა. არგენტინელთა შემტევმა 30 მეტრიდან გაისროლა და მეტოქის კარის ცხრიანში გაახვია ბურთი.
მოკლედ, დაძაბული, ლამაზი და საინტერესო ტაიმი გამოვიდა. შეხვედრა დაახლოებით 10 წუში განახლდება.