ფეხბურთი

12:42 | 30.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მატჩი ახსნა-განმარტებების გარეშე

როგორც ამბობენ, ნამდვილი მსოფლიოს ჩემპიონატი პლეი-ოფებიდან იწყება და თუ ასეა, მაშინ, 2018 წლის მუნდიალი დღეს იწყება. იწყება საოცარი მატჩით, საფრანგეთი – არგენტინა.

აფიშა ისეთია, ზედმეტი ახსნა-განმარტება რომ არ სჭირდება. სპეციალისტთა ვარაუდით, “მამლები” ამ წყვილში ფავორიტები არიან, მაგრამ მეორე მხარეს ლიონელ მესი და არგენტინის ნაკრებია, რომლის ჩამოწერა რაღა თქმა უნდა, არ ივარგებს.

ფრანგებმა ჯგუფური ეტაპი 7 ქულით და პირველი ადგილით დაძლიეს. მართალია, დიდიე დეშამის გუნდს განსაკუთრებული ფეხბურთი არ უჩვენებია, მაგრამ აშკარად იგრძნობოდა, რომ საფრანგეთს ჯგუფში თავისი მაქსიმუმი არ უჩვენებია და იმდენი ძალა დახარჯა, რამდენიც საჭირო იყო. სამაგიეროდ, არგენტინას ძალიან გაუჭირდა პლეი-ოფში გზის გაკვალვა და ოდენ მარკოს როხოს გვიანი გოლით მოახერხა საუკეთესო 16-ეულში ადგილის მოპოვება.

ისტორია

საფრანგეთისა და არგენტინის გზები მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამედ გადაიკვეთება. საერთოდაც, ეს ამ გუდების მესამე ოფიციალური შეხვედრა იქნება. წინა ორი მატჩი “ალბისელესტეს” სასარგებლოდ დასრულდა. 1930 წელს, სამხრეთ ამერიკელებმა 1:0 მოიგეს, ხოლო 1978 წელს, უკვე სამშობლოში 2:1 სძლიეს ევროპელებს. პასარელასა და ლუკეს გოლებს შორის პლატინიმ ერთი ხანობა გაათანაბრა.

გარდა ამისა, იყო 9 ამხანაგური შეხვედრაც, 4 არგენტინამ მოიგო, 2 საფრანგეთმა, ხოლო სამიც ფრედ დასრულდა. ბოლო შეხვედრა 2009 წლის 11 თებერვლით თარიღდება და 9 წლის წინ არგენტინამ გუტიერესისა და ლეო მესის გოლებით მოიგო.

გაყვითლებული ფეხურთელები

საფრანგეთის ნაკრების რიგებიდან კორენტინო ტოლისო, პოლ პოგნა და ბლეზ მატუიდი მეოთხედფინალს გამოტოვებენ, თუ დღეს ყვითელ ბარათს მიიღებენ. იგივე საშიშროების წინაშე არგენტინელთა შემადგენლობაში გაბრიელ მერკადო, ნიკოლას ოტამენდი, მარკოს აკუნია, ხავიერ მასკერანო, ევერ ბანეგა და ლიონელ მესი დგანან.

სტატისტიკა

საფრანგეთი

საფრანგეთს ბოლო 5 მერვედფინალური მატჩი მოგებული აქვს. “მამლებმა” ამ ეტაპზე მარცხი ბოლოს 1934 წელს განიცადეს, როდესაც დამატებით დროში 2:3 დამარცხდნენ ავსტრიასთან.

ფრანგებს შანსი აქვთ მუნდიალზე ზედიზედ მესამე თამაშში შეინახონ კარი მშრალად.

კილიან მბაპე თუ გაიტანს გახდება ბოლო 20 წლის განმავლობაში რიგით მეორე ახალგაზრდა, რომელსაც პლეი-ოფში გოლი ექნება გატანილი.

დიდიე დეშამი 1998 წელს იმ საფრანგეთის კაპიტანი იყო, რომელმაც მსოფლიო თასი მოიგო. მწვრთნელისა და ფეხბურთელის რანგში მუნდიალი მხოლოდ მარიო ზაგალოსა (1958, 1962 – 1970 მწვრთნელის რანგში) და ფრანც ბეკენბაუერს (1974 – 1990) აქვთ მოგებული.

არგენტინა

ლიონელ მესისა და ხავიერ მასკერანოს მსოფლიო თასზე 12-12 მატჩი აქვთ ჩატარებული და ამ მაჩვენებლით დიეგო მარადონას გაუტოლდნენ. ეს, “ალბისელესტეს” რეკორდია.

ხორხე სამპაოლიმ 2014 წელს, ჩილეს ნაკრების თავკაცის პოსტზე მერვედფინალში ბრაზილიასთან პენალტების სერიაში წააგო.

ბოლო 14 მატჩიდან პლეი-ოფის სტადიაზე არგენტინამ 8-ჯერ დამატებით დრო ან პენალტების სერია ითამაშა (5 პენალტები, 3 დამატებითი დრო). ამ 8 შემთხვევიდან “ალბისელესტემ” შემდეგ ეტაპზე გასვლა 6-ჯერ მოახერხა.

იცით თუ არა რომ...

757 – საფრანგეთის ნაკრებს სამხრეთ ამერიკული ნაკრებებისგან მსოფლიოს ჩემპიონატზე გოლი ბოლო შვიდ შეხვედრაში (757 წუთი) არ გაუშვია. ბოლოს, “სამფეროვანთა” კარი მუნდიალზე ბრაზილიელმა კარეკამ დალაშქრა 1986 წელს.

სავარაუდო შემადგენლობა:

ყაზანი, 18:00 საათი

საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი; პავარი, ვარანი, უმტიტი, ერნანდესი; პოგბა, კანტე; მბაპე, გრიზმანი, დემბელე; ჟირუ

არგენტინა (4-3-3): არმანი; მერკადო, ოტამენდი, როხო, ტალიაფიკო; ბანეგა, მასკერანო, პერესი; მესი, იგუაინი, დი მარია

მსაჯი: ალირეზა ფაგანი (ირანი)

დიდიე დეშამი (საფრნაგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მესი არის მესი! ვიცით, რომ მას შეუძლია პატარა შანსიც გამოიყენოს, თუმცა, არგენტინა არაა მის გარშემო აწყობილი გუნდი. ჩვენ ვეცდებით შევაჩეროთ ის, რადგან საოცარი მოთამაშეა. გრიზმანი? – მისთვის დასაწყისი რთული გამოდგა. დანიასთან სათამაშო რიტმი დაკარგა. საფრანგეთს სჭირდება მისი მაქსიმუმი მოედაზე და ანტუანი ყველაფერს გააკეთებს”.

ხორხე სამპაოლი (არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ჯერ კიდევ არ მაქვს გადაწყვეტილი რა შემადგენლობით დავიწყებთ თამაშს. მესისთან საუბარი? ეს უბრალოდ იყო აზრის გაცვლა, ფეხბურთელებთან საჯაროდ არ ვსაუბრობ. პენალტებს სერიისთვის წინასწარ არ მოვმზადებულვართ, რადგან ამისთვის მხოლოდ ვარჯიში საკმარისი არაა და ყველაფერი თამაშმა უნდა გვიკარნახოს. გვინდა, რომ ჩვენი თამაში ვაჩვენოთ და ბურთზე კონტროლი დავამყაროთ. შეტევაში კი აგრესიულად უნდა ვიმოქმედოთ”.

0.197074