საქართველოს ეროვნული ლიგის მე-17 ტურის დასკვნითი სათამაშო დღე უხვგოლიანი, დაძაბული და დრამატული გამოდგა. დღეს გამართული სამივე მატჩის ბედი ბოლო წუთებში გადაწყდა.
მოქმედმა ჩემპიონმა ქუთაისის “ტორპედომ” ორმატჩიანი წაგებების სერია ბოლნისის “სიონთან” მსაჯის დამატებულ წუთებზე დაასრულა. უგოლო ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევრის სტარტზევე გიორგი ბერიაშვილის გოლით მასპინძლები დაწინაურდნენ. “სიონი” კარგა ხანს ინარჩუნებდა სასურველ ანგარიშს, თუმცა, 85-ე წუთზე ჯერ წიქარიძემ გაათანაბრა, ხოლო მსაჯის პირველ დამატებულ წუთზე გიორგი ქიმაძემ “ტორპედოს” მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
2016 წლის ჩემპიონი “სამტრედია” კი ისევ ცუდ ფორმაშია და პირველი ტურის მერე, ანუ, უკვე ზედიზედ 16 თამაშია არ მოუგია. იმერლებმა ამჯერად “რუსთავთან” წააგეს. პირველ ტაიმში ოთარ მარცვალაძემ და ანტე გიიმ გოლები გაცვალეს, ხოლო 75-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ყოფილამ თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა და მასპინძლებმა გაიმარჯვეს.
ტურის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა კი ზესტაფონში შედგა, სადაც “კოლხეთმა” “დინამო” თბილისი მიიღო. პირველ ტაიმში მიხაილოვის გოლს ლაშა თოთაძემ უპასუხა, ხოლო მეორე ნახევარში კიტეიშვილისა და ხარაბაძის გოლებით დედაქალაქელებმა კომფორტული უპირატესობა შეიქმნეს. ეს თამაშის დასრულებამდე 20 წუთით ადრე და თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილიც იყო, მაგრამ ფოთელებმა ბოლომდე იბრძოლეს. კვასოვისა და იმნაძის გოლებით “კოლხებმა” ჩამორჩენა მე-80 წუთისთვის აღმოფხვრეს. თუმცა, ეს ყველაფერი არ იყო. დარჩენილ 10 წუთში “დინამომ” მობილიზება მოახერხა და მეტოქის კარში კიდევ სამი გოლი გაიტანა. შედეგად, კახა კაჭარავას გუნდმა მეტოქეს 6:3 სძლია, მეორე ადგილი დაიბრუნა და ლიდერ “საბურთალოს” 5 ქულით ჩამორჩება.
“სიონი” – “ტორპედო” 1:2 (0:0)
გოლები: 1:0 ბერიაშვილი (46), 1:1 წიქარიძე (85), 1:2 ქიმაძე (90)
“რუსთავი” – “სამტრედია” 2:1 (1:1)
გოლები: 1:0 მარცვალაძე (33), 1:1 ანტე გი (37), 2:1 მარცვალაძე (75)
“კოლხეთი” – “დინამო” 3:6 (1:1)
გოლები: 1:0 მიხაილოვი (33), 1:1 თოთაძე (41), 1:2 კიტეიშვილი (59), 1:3 ხარაბაძე (69), 2:3 კვასოვი (75), 3:3 იმნაძე (80), 3:4 ერგემლიძე (82), 3:5 კიტეიშვილი (84), 3:6 ნინუა (89)