ჭადრაკი

23:20 | 28.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

საჭადრაკო ოლიმპიადა 2018: BTU-თან მემორანდუმი გაფორმდა

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს (BTU) შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა: BTU უდიდესი სპორტული შეჯიბრების ტექნიკური მხარდამჭერი და ერთ-ერთი პარტნიორი იქნება.

ბათუმი საჭადრაკო ოლიმპიადას 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს. საქართველოს 189 ქვეყნის ვაჟთა და გოგონათა ნაკრები გუნდები, საერთო ჯამში კი 4 ათასამდე სტუმარი ეწვევა.

BTU-ს რექტორი მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე და ლეგენდარული მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, ბათუმი 2018-ის კეთილი ნების ელჩი ნონა გაფრინდაშვილი სტუდენტებს ოლიმპიადის მნიშვნელობაზე, საორგანიზაციო საკითხებსა და მემორანდუმით გათვალისწინებულ პროექტებზე ესაუბრნენ.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საჭადრაკო ოლიმპიადის საეთერო-სამონტაჟოს მაღალტექნოლოგიური კომპიუტერებით უზრუნველჰყოფს, ამავდროულად, საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრები გუნდების სათანადოდ მოსამზადებლად შექმნილ სპეციალურ ლაბორატორიას მაღალი წარმადობის კომპიუტერებით მოამარაგებს.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ BTU-ს სტუდენტებმა საჭადრაკო ვიქტორინაში მიიღეს მონაწილეობა, სპეციალურად ოლიმპიადისთვის დაწყებულ ონლაინ-პროექტ „მილიონი სვლის“ ეგიდით კი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს გაეჯიბრნენ.

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი

0.128674